გამოკეტვით გადაღლილი ევროპა შეზღუდვების თანდათან გამარტივებაზე ფიქრობს.
თვითიზოლაციის რეჟიმი საფრანგეთში ძველებურად ძალაშია, მაგრამ ბაზრობებზე, „მუფტარის“ ქუჩაზე დაახლოებით ისეთივე ხალხმრავლობაა, როგორც „ნორმალურ დროს“ იყო. აშკარაა, ფრანგებს ერთი სული აქვთ, როდის დაუბრუნდებიან ჩვეულ ცხოვრებას.
მაგრამ ხელისუფლება კარანტინის მოხსნის თარიღის დასახელებას არ ჩქარობს. ფორმალურად კარანტინი საფრანგეთში 11 მაისამდე მოქმედებს, მაგრამ დიდი ალბათობით ის გაგრძელდება. საყიდლებზე სიარული რჩება ადამიანების თავშეყრის ერთადერთ კანონიერ მიზეზად. სხვა დანარჩენ შემთხვევაში დამრღვევებს შეუბრალებლად აჯარიმებენ. პოლიციამ 800 ათასი ჯარიმა უკვე გამოწერა.
„ეპიდემია საფრანგეთში უკან ნელი ნაბიჯით იხევს“, – აცხადებსჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ხელმძღვანელი ჯერომ სალომონი. 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 785 შემთხვევა დაფიქსირდა და 395 გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 19 718-ს მიაღწია.
ბრიტანეთის ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ დაინფიცირების რიცხვი იკლებს. კვირის მონაცემებით, 596 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 16060-ს მიაღწია, მაგრამ კარანტინის მოხსნას ქვეყანაში არ ჩქარობენ.
„ჩვენ დარწმუნებულები უნდა იყოთ, რომ ადვილად ვუმკლავდებით პანდემიას და ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ გატარებულმა ღონისძიებებმა პანდემიის თავიდან აფეთქებას არ უნდა შეუწყოს ხელი“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
არასაკმარისი თავდაცვის საშუალებებზე საუბრობენ ქვეყნის მედიკოსები, რომლებიც კორონავირუსით დაავადების რისკის ქვეშ არიან.
იტალიაში კარანტინის მოსნის თანმიმდევრობა დავის საგანი გახდა. ისმის კითხვა, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ნაციონალურ დონეზე თუ რეგიონალურზე. სულ უფრო ბევრი საუბრობს, რომ კარანტინის 3 მაისის მერე გაგრძელება სარგებელს ვერ მოიტანს.
კვირას იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 3 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 433 გარდაიცვალა. საერთო მსხვერპლთა რიცხვმა 23 660-ს მიაღწია.
განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ვირუსის ახალი აფეთქება დედაქალაქის მოხუცთა თავშესაფარში ლაციოს რეგიონში – კამპანიანო დი რომაში.