საქართველოში ქარიანი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, – ამის შესახებ „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარის სრულად ჩადგომა მოსალოდნელია 20 ივნისიდან 21 ივნისის დღის პირველ ნახევრამდე, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ნავარაუდევია ქარი, დროგამოშვებით ძლიერი.
„19 ივნისის ჩათვლით, დროგამოშვებით იქროლებს ქარი, განსაკუთრებით შუადღის საათებში მოსალოდნელი ქარის გაძლიერება, ღამის საათებში კი შესუსტება.
ქარის გაძლიერება ნავარაუდევია აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში – შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, თბილისსა და კახეთში.
დასავლეთ საქართველოში ქარი ზომიერი იქნება“, – ამბობს დოდო გვაზავა.
როგორც მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნავს, ტემპერატურის მატება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია 18 ივნისიდან.
„20 ივნისს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 30-32 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში, 20-21 ივნისს ასევე ნავარაუდევია 30-32 გრადუსი სითბო.
მიმდინარე კვირის განმავლობაში, ნალექი მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ მთაგორიან რაიონებში, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
თბილისში მიმდინარე დღეებშიც ქარია ნავარაუდევი.
ქვეყნის მასშტაბით, 23 ივნისიდან კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი“, – აღნიშნავს დოდო გვაზავა „ფორტუნასთან“ საუბარში.