ცნობილმა კომპოზიტორმა, მარიკო კვალიაშვილმა, გადაცემაში „ნოესთან“ საკუთარი ცხოვრების უმძიმეს ტრაგედიებზე ისაუბრა. მან გაიხსენა უფროსი ვაჟის, 21 წლის ასაკში მოულოდნელი გარდაცვალება და ის გზა, რომელიც ამ ტკივილის დასაძლევად გაიარა.
კომპოზიტორის თქმით, შვილის დაკარგვა სრულიად მოულოდნელი იყო, რამაც მის ცხოვრებას „შავი ფარდა ჩამოაფარა“.
კომპოზიტორი ხაზს უსვამს იმ სულიერ ძალას, რომელიც ტრაგედიის შემდეგ საკუთარ თავში იპოვა და სხვა მგლოვიარე მშობლებსაც მიმართავს:
„ადამიანმა მწუხარებაც ღირსეულად უნდა განვლოს. გამოსავალი მხოლოდ ერთია, დაისაკუთრო შენი მწუხარება, სხვისთვის მოსაბეზრებელიც ხდება, ამიტომ შენი ტკივილი გულში უნდა ჩაიკლა და ირწმუნო, რომ ის შენში ცოცხლობს. ჩემი შვილი ახლა უფრო ახლოს არის ჩემთან, ვიდრე ოდესმე. როცა რაღაცის გადაწყვეტა მიჭირს, სიღრმეში მას ვეკითხები და პასუხსაც ვიღებ,“ – აღნიშნა მარიკო კვალიაშვილმა.
ვაჟის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ, კომპოზიტორის ცხოვრებაში კიდევ ერთი მძიმე ტრაგედია დატრიალდა. მან შვილიშვილი დაკარგა. მარიკო კვალიაშვილის თქმით, შვილიშვილი საოცრად ჰგავდა გარდაცვლილ ბიძას, როგორც გარეგნობით, ისე ხასიათით.
„ეს მოხდა 13 წლის წინ, ისე ჰგავდა თავის ბიძას, როგორც გაჭრილი ვაშლი, ორივე ერთნაირი, ვაჟკაცური ბიჭები იყვნენ… შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ მე უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, უნდა გამეძლიერებინა ჩემი შვილი, ჩემი რძალი, მეორე შვილიშვილი. მე შემომცქეროდნენ…“
