LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ადამიანი გასართობად გიყურებს, არ გაქვს უფლება, რომ ცუდი განწყობა გადასცე“ – ნოე ჟორჟოლიანი

134
118727584_3242369785799436_5227226467095685671_n

8 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი ტელეწამყვანი ნოე ჟორჟოლიანი გახლდათ, რომელმაც დილის რუტინაზე და  პროფესიაზე ისაუბრა.

 -ნოე, პირველ რიგში, როგორ ხარ, როგორია შენი დილა?

-შესანიშნავად. ჩემი დილა, როგორც წესი, სტანდარტულია, ერთმანეთს ჰგავს. დილით 9 საათისთვის ვიღვიძებ. სახლში ორი ლამაზი გოგო მყავს, უმცროსი ბაღში მიმყავს, უფროსი ჩემი მეუღლეა. ხანდახან, უფრო ადრე მიწევს გაღვიძება, რადგან კიდევ ორი გოგო მყავს სახლში, ჩემი კატები და თუ საჭმელი დაუგვიანდათ, მაღვიძებენ. ბაღში რომ ვტოვებ ბავშვს, სახლში ვბრუნდები, ყავას ვსვამ და გავდივარ სამსახურში.

-რამდენად რთულია იყო იუმორისტი?

-ვინც შრომობს, ის შედეგსაც აღწევს. სირთულე ის აქვს, რომ ყოველთვის ხასიათზე არ ვართ, ჩვენც ადამიანები ვართ. როდესაც ადამიანი განწყობის შესაქმნელად, გასართობად გიყურებს, არ გაქვს უფლება, რომ ცუდი განწყობა გადასცე, შენი პრობლემების, გადაღლილობის თუ სხვა მიზეზის გამო.

-გქონია შემთხვევა, როცა არ მოსწონებიათ შენი ხუმრობა, უთქვამთ, რომ შენი იუმორის არ ესმით?

-ეს გემოვნების ამბავია, ვცდილობ ყველასთვის მისაღები იყოს. დაახლოებით 14 წლიდან ამ სფეროში ვარ ჩართული, „პიკასოს ბიჭების“ შემადგენლობაში ვიყავი და  ბავშვობაში უფრო ეუბნებოდნენ ჩემს მშობლებს, კარგია კონცერტებზე რომ გამოდის, გასართობ-იუმორისტულ სფეროშია ჩართული, მაგრამ საქმე როდის უნდა დაიწყოსო.

-როგორი არის ნოე ჟორჟოლიანი ეკრანს მიღმა?

-ეკრანს და საქმის მიღმა ძალიან ცოტა დრო მრჩება. ვცდილობ, ქალაქს გავერიდო და ბავშვები ბუნებაში გავიყვანო. თევზაობა მიყვარს, კარგი მეთევზე არ ვარ, უფრო მიყვარს, ვიდრე ვიცი, მაგრამ დროს ვატარებ, თან ბავშვსაც უყვარს. ზამთარში ახალ-ახალ გასართობებს ვიფიქრებთ სახლში, თუ ამინდი არ გვიწყობს ხელს.

-მეგობრებისთვის რამდენად გრჩება დრო?

-გამომდინარე იქიდან, რომ ცოტა თავისუფალი დრო მაქვს და ვცდილობ, ეს დრო ოჯახთან ერთად გავატარო, მეგობრებსაც ძირითადად სახლში ვიწვევ. თუ ფეხბურთია, ერთად ვუყურებთ, თუ არადა „Xbox“-ს ვთამაშობთ. თამაშისას სკამებს ვდგამთ ტელევიზორთან, ბავშვებმა ხელი რომ არ შეგვიშალონ (იცინის).

-ნოე, ისეთი ანეკდოტი გაქვს, რომელსაც ყველგან ჰყვები და შენც სულ გეცინება?

-არა, არ მაქვს. ხშირად მეკითხებიან და არის ხოლმე, რომ რაღაც ანეკდოტი მომეწონება და ვიტყვი თუ მკითხეს ამას მოვყვები მეთქი, მაგრამ მერე მავიწყდება. არ გამოვირჩევი ანეკდოტების მოყოლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები