LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ადამიანს ენერგეტიკული დეფიციტი აქვს, ამომავალ მზესთან შეხვედრა ძალიან ეფექტური მეთოდია…“ – ვენგო ლომთაძე

12
ვენგო-ლომთაძე

26 აპრილს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემას „გზაჯვარედინი“ ფსიქოლოგი და ნუმეროლოგი – ვენგო ლომთაძე სტუმრობდა. გადაცემის მთავარი თემა ადამიანის ენერგეტიკა და ჯანმრთელობა გახლდათ.

ვენგო ლომთაძე: ზოგადად, ადამიანები არ ვაქცევთ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ერთმანეთი გვჭირდება. ქალაქში ენერგიის მთავარი წყარო ერთმანეთი, ადამიანები ვართ. ქალაქისგან მოშორებით, სოფელში უფრო სხვანაირი გარემოა, იქ ბუნებასთან იმდენად მჭიდროდ ვართ, რომ ბუნების ენერგიებს ბევრად მარტივად ვიღებთ და ჩვენი ენერგიის მთავარი წყარო არ არის მხოლოდ სოციალიზაცია. ქალაქგარეთ ძალიან ბევრი ძალის ადგილია. ძალის ადგილი გახლავთ ერთგვარი ზონა, სადაც განსაკუთრებული ენერგია ჩქეფს. ეს ადგილები ადამიანებს ენერგიის აღდგენაში ეხმარებიან. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ქალაქში შემოსვლისას უკვე რაღაც ცვლილება ხდება ჩვენში, უფრო შებოჭილი, ჩახუთულები ვხდებით, რადგან ქალაქს თავისი მოქმედების წესები აქვს, სხვანაირ სისტემაზეა დაფუძნებული. ქალაქგარეთ მეტად უფრო თავისუფლად ვართ და რა თქმა უნდა, პერიოდულად სტიქიური ენერგიებით ავსება ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ოთხი სტიქია გვაქვს, ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი. საქართველოში კი ყველაფერი გვაქვს, მზე, მიწა, მთა არ გვაკლია, გვაქვს ზღვა და ჯანსაღი ჰაერიც. ხშირად ჩნდება ჯანმრთელობის პრობლემები, როდესაც ადამიანში რომელიმე სტიქია არის დისბალანსში, არის მოჭარბებული ან პირიქით დეფიციტშია. როდესაც მიწის ენერგიაა დისბალანსში, ადამიანი ვერ გრძნობს სტაბილურობას, ის მუდმივად შფოთვით მდგომარეობაშია, რადგან ვერ პოულობს საყრდენს ცხოვრებაში, არ აქვს ინტერესი მიწიერი სიკეთეების მიმართ, არ აქვს მოტივაცია.

როგორ უნდა აღვადგინოთ ჩვენში მიწის ენერგია?

ფეხშიშველა მიწაზე სიარულის დროს ადამიანი პირდაპირ ივსება მიწის სასიცოცხლო ენერგიით. მიწასთან ხშირი შეხება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან კარგი ხერხია ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასე მოქცევა კარგია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინაც, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოქმედებდეს სწორი ინტუიცია და უნდა გვქონდეს ძალიან ძლიერი საყრდენი.

ყველაზე ძლიერი გამწმენდი სტიქია წყალია. წყალი არის იდეალური გამტარი ყველა მხრივ. მნიშვნელოვანია, რომ სანამ წყალს მივირთმევთ, ის დავმუხტოთ და კონკრეტული სიტყვები ვუთხრათ. რა მუხტსაც წყალში ვდებთ, უკან ათმაგად ვიბრუნებთ. ეს წყალი არის ჯანმრთელობისთვის, განკურნებისთვის, სიხარულისთვის, ბედნიერებისთვის, ჰარმონიისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ჭამის დროს ცუდ თემებზე ვსაუბრობთ ან ვფიქრობთ, ამ ყველაფერს ისევ ჩვენს ორგანიზმში ვატრიალებთ. ჩვენ საკვების მიღების დროს იმ კარგ რამეებზე უნდა ვიფიქროთ, რაც გვინდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს.

კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჯანმრთელები და მოტივირებულები ვიყოთ?

თუ შეგინიშნავთ, სოფლებში ადამიანები განსაკუთრებით ადრე იღვიძებენ, არა მარტო იმიტომ, რომ საქმე აქვთ, ისინი მთლიანად მზის ციკლზე არიან გადასულები. როდესაც ჩვენ ვიღვიძებთ და მზეს ვხვდებით, ამ დროს განსაკუთრებულ ენერგიას ვიღებთ. როდესაც ადამიანს ენერგეტიკული დეფიციტი აქვს, ამომავალ მზესთან შეხვედრა ძალიან ეფექტური მეთოდია.

მნიშვნელოვანია, რომ არ ვიდარდოთ ისეთ რაღაცებზე, რაც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის, მაგალითად, ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის, თუ რას იგრძნობს, რას იტყვის, რას იფიქრებს სხვა ადამიანი. იმაზე ნერვიულობა და დარდი, რასაც ვერ გავაკონტროლებთ, ადამიანს არაფერს აძლევს.

საერთოდ, ჯანმრთელობა არის საფუძველი, რაზეც ადამიანი შენდება. აღმოსავლური სწავლება და ჩაკრების სისტემა რომ ავიღოთ, ჩაკრები არის უნივერსალური სისტემა, რომელიც აღწერს ადამიანის ენერგეტიკას და მის მიმოქცევას. ფუძისეული ჩაკრა კი ჩვენს ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი. თუ ჩვენ პრობლემა გვქონდა სიყვარულთან, სტატუსთან, ფინანსებთან, ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება.

რამდენად უნდა მოვუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს?

როდესაც ჯანსაღ მდგომარეობაში ვართ უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, წამალდამოკიდებული ადამიანი რომ უსმენდეს საკუთარ ორგანიზმს, მას ხომ პირველ რიგში, ისევ იმ ნივთიერების მიღება მოუნდება. ხანდახან სხეული გვატყუებს. სხეული ისე საუბრობს ჩვენთან, როგორც მას მივაჩვევთ და მოვაწყობთ.

როდესაც რაღაც პრობლემაზე ვფიქრობთ, მას უფრო მეტად ვიზიდავთ, როგორ უნდა დავბლოკოთ ნეგატიური ფიქრები და აზრები?

ადამიანი თავის ბედის თანაშემოქმედია, ანუ ადამიანი თავის ბედს 100%-ით ვერ განკარგავს. ყველაზე კარგი რეზულტატი, რომლის მიღწევაც ჩვენ შეგვიძლია, 50%-ია. როდესაც ჩვენ სწორი ცხოვრებით ვცხოვრობთ, სამყაროც გვეხმარება, ამიტომ ჩვენი ფიქრების და საზრუნავის დიდი ნაწილი სამყაროს, განგებას უნდა მივანდოთ, რადგან რაღაცები ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის. სამყაროს თავისი პრინციპები გააჩნია და რაც მეტი იცი მათ შესახებ, მით უფრო არ დაბრკოლდები და მით უფრო ჰარმონიული იქნები.

ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარია მადლიერებაც, როცა მადლიერი ხარ, სამყარო უფრო მეტ სიკეთეს გაძლევს.

რა თქმა უნდა, ასეა. ამას სამყარო უყურებს ისე, რომ შენ მზად ხარ, კიდევ მიიღო საჩუქრები მისგან.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები