LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ,,არ დაიდარდოზე” თხოვნები იწყებოდა, მოუთმენლად ველოდი, ჩემს სიმღერებს როდის მოითხოვდნენ – ნინო ჩხეიძე

19
ninochxeidze201013

რადიო ,,არ დაიდარდოს და თაკო მელიქიშვილის გადაცემას ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად მომღერალი ნინო ჩხეიძე სტუმრობდა, რომელმაც ისაუბრა შემოქმედებით სიახლეებზე და მოგვიტანა ახალი სიმღერა, სახელწოდებით ,,მიყვარდა”.

როდესაც მგზავრობ, რომელ რადიოს უსმენ ,,არ დაიდარდოს” თუ ,,დარდიმანდს”?

ძალიან მიყვარს ეს რადიო და მიხარია, რომ ,,არ დაიდარდოს” მსმენელს ვახსოვარ. სულ ვცდილობ პრემიერები თქვენს ტალღაზე შედგეს და ახლაც მოგიტანეთ ახალი სიმღერა. გიორგის და რადიო ,,არ დაიდარდოს” დიდი როლი მიუძღვის ჩემს წარმატებაში და ამას არ ვივიწყებ. იმ პერიოდში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ წარადგენდით ჩემს სიმღერებს. იყო პერიოდი, როდესაც არ მქონდა საკუთარი რადიო და ვუსმენდი ყოველთვის ,,არ დაიდარდოს”. როგორც შვილებს ვერ გაარჩევს დედა, ისე ვერ გავარჩევ ამ ორ რადიოს ერთმანეთისგან. რადიოში ყველაფერი დამოკიდებულია ხალხის თხოვნებზე, ჩვენს მუშაობას არანაირი აზრი არ ექნება თუ ამას ხალხი არ მიიღებს და არ შეიყვარებს. მახსოვს იყო პერიოდი, როდესაც ,,არ დაიდარდოზე” თხოვნები იწყებოდა, მოუთმენლად ველოდი, ჩემს სიმღერებს როდის მოითხოვდნენ.

პანდემიის პერიოდსაც შევეხოთ, გაგიჭირდა სახლში ყოფნა?

თავიდან ეს პერიოდი თითქოს კარგად გამოვიყენე, დავიწყე ბლოგების გაკეთება, სახლის საქმეების მოგვარება, ერთი თვე ამ საქმეებში გავერთე. შემდეგ ლაივებს ვრთავდი და ვმღეროდი. გადამედო ძალიან ბევრი კონცერტი, უმოძრაობა იყო და აღარ მომეწონა ეს მდგომარეობა. დავიწყე ალბომის გაკეთება, სტუდიაში მუშაობა. მინდა პირველად დავაანონსო თქვენთან, რომ ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, რომელიც დამიწერა რუსა მორჩილაძემ, არის განსხვავებული ჟანრის სიმღერა. ექსპერიმენტს ვატარებთ, თუ როგორი გამოვა ასეთი ნინო ჩხეიძე. ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს, ვაპირებთ  კლიპის გადაღებასაც და რა თქმა უნდა ეს სიმღერაც შევა ახალ ალბომში. სიმღერა ყველაზე კარგი მაშინ გამოდის, როდესაც გულით მღერი და თავად მოგწონს.

რამდენად ბევრი გაქვს ისეთი სიმღერები, რომელიც მართლა სულს და გულს ემღერება?

საკმაოდ ბევრი მაქვს, თუმცა გამოვარჩევდი იმ პირველ ალბომს, რომელიც გავაკეთე რადიო ,,არ დაიდარდოსთან” ერთად. ყველა სიმღერა, რაც ამ ალბომში შედის ჩემთვის ორგანულია და მიყვარს. ვთვლი, რომ ყველაზე წარმატებული ეს პირველი ალბომი იყო, ჯამში მაქვს 15 ალბომი.

პანდემიის პერიოდში ბევრი კონცერტი გადაგედო?

გადამედო ძალიან ბევრი კონცერტი, ძირითადად  ვმუშაობდი საზღვარგარეთ, ემიგრანტებზე. საქართველოში კონცერტებს  არ ვაკეთებ, რადგან იმდენად ბევრს დავდიოდი, რომ ამის დაორგანიზებას ვერ ვასწრებდი. მთლიანად აწყობილი ვიყავი საზღვრებს გარეთ კონცერტებზე, გადამედო ყველაფერი და დავრჩი კონცერტების გარეშე.  ახლა მთლიანად გადართული ვარ, რომ საქართველოში გავაკეთო კონცერტები, ვამზადებ ახალ რეპერტუარს და გპირდებით ბევრ სიახლეს.

ვისაუბროთ სიმღერაზე ,,მიყვარდა”, რომელიც დღეს მოგვიტანე…

სიმღერა ჩაიწერა ჩემს სტუდიაში, ტექსტის ავტორი არის ლაშა მოისწრაფიშვილი, სიმღერა, არანჟირება კი ბექა ნიკოლაიშვილის.

 

ნინო ჩხეიძე – მიყვარდა

 

გადაცმის აუდიოჩანაწერი

 

ნინო ჩხეიძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები