2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია 11.5% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – ფასები 0.8%-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ძირითადი განმსაზღვრელი იყო ფასების ზრდა სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე (17.6%-იანი ზრდა); ტრანსპორტზე (14.1%-იანი ზრდა) და კომუნალურ ხარჯებზე (12.2%-იანი ზრდა).
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ძირითადად შემდეგ ქვეჯგუფშია მომატებული: პური და პურპროდუქტები (32.8%); რძე, ყველი და კვერცხი (23.3%);
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5%); ზეთი და ცხიმი (21.2%); ყავა, ჩაი და კაკაო (18.9%); თევზეული (16.5%);
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.8%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8%); ხილი და ყურძენი (9.6%).
თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად, ივა ჭყონია – საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი საუბრობს.

– ივა, ბოლო დროს თითქოს ტენდენცია გამოიკვეთა, რომ ნელ-ნელა ფასების კატასტროფული ზრდა შემცირდება და ინფლაცია ქვევით წამოვა. საზოგადოებას ალბათ უნდა ავუხსნათ, რომ ინფლაციის ქვემოთ ჩამოსვლა არ ნიშნავს, ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციას რაც ეხება, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემცირება?
– პროდუქტებზე აგვისტოს ბოლოს (მაგალითად ზეთზე) ფასებმა კლება დაიწყო. ოქტომბრის თვიდან გაცილებით გაიაფებული იქნება ფასები, ვიდრე ეს სექტემბერში იყო, პირველი ოქტომბრიდან ზეთზე ფიქსირებული გადასახადი მოიხსნა. ზეთის იმპორტს ძირითადად რუსეთიდან ვახორციელებთ.
მოსავალი საკმაოდ მზარდი იყო და ამან პროდუქტის თვითღირებულება შეამცირა. გაიაფდა ფასები ხორბალზე და ფქვილზეც. განცხადებაც გააკეთდა პურის მწარმოებელი კომპანიებისგან და ამიტომ მოლოდინი დადებითია, რომ ფასების კლება იქნება.
გასაგებია, რომ წლიურ ჭრილში ინფლაცია მაღალი იქნება, საომარმა ვითარებამ ბევრი რამ შეცვალა. სწრაფად მოხდა ფასების ზრდა. ახლა ამ ფასების კლება იმავე სისწრაფით არ ხდება და არც იმავე ნიშნულზე არ ბრუნდება, რაც იყო ერთი წლის წინ. ამას შეიძლება მომხმარებელი ვერ გრძნობს.
პირობითად პროდუქტი, რომელიც ღირდა 6 ლარი, შესაძლებელია იყიდო 5.70-ად, ან 5.6 ლარად. ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს ჯამურად, რადგან სამომხმარებლო კალათაში 100 ლარს გადაიხდის, თუ 98-ს დიდი განსხვავება არაა.
ფასები შენარჩუნებულია, არ იზრდება გამომდინარე იქიდან, რომ ფასები სტაბილურად არის შენარჩუნებული საწვავზე და საერთაშორისო ბაზარზე ფასებმა კლება დაიწყო. ეს ყველაფერი მხოლოდ დადებითად აისახება ფასებზე და ის ნეგატიური მოლოდინები, რაც წინა პერიოდში მქონდა, ახლა პირიქით შეიცვალა. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამეურნეო სამუშაოები როდესაც ტარდებოდა, მაშინ ბენზინი ძალიან ძვირი იყო და გაძვირებული იყო შესაწამლად საჭირო პრეპარატებიც.
– ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჯერჯერობით ინფლაცია საკმაოდ მაღალია, არის ერთობლივი მოთხოვნების ზრდა. ტურიზმის აქტიური სეზონი გრძელდება, გარდა ამისა, შიდა მოთხოვნაც გაზრდილია, რაც თავისთავად სურსათზე მოთხოვნის ტემპს არ აგდებს.
როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ესეც მიზეზი?
– მოთხოვნის ტემპი ცალსახად მაღალია და მიწოდების ჯაჭვში საბედნიეროდ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ანუ დეფიციტი ვერ შექმნის მაღალი ინფლაციის მაჩვენებელს. მე ამ მოსაზრებას ნამდვილად არ ვეთანხმები, რადგან საქართველოში ბაზარი არის საკმაოდ კონკურენტული და დამოკიდებული არაა ერთ კომპანიაზე, რომელსაც შემოაქვს ზეთი, წიწიბურა, ან შაქარი. მონოპოლიას ვერ მოახდენენ ფასებზე, ამას ცალსახად გამოვრიცხავ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მაღალი კონკურენცია ხელს უწყობს სწრაფად ფასების ვარდნას. ბოლო პერიოდში კონკურენციის გამო სწრაფად მოხდა ზეთზე ფასის შემცირება.
ვიმედოვნებ, რომ ნოემბრის თვეში გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებელი თვის ჭრილში საკმაოდ დაბალი იქნება, თუმცა წლიურ ჭრილში საკმაოდ მაღალი იქნება. ივლისისა და აგვისტოს თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი იყო, 0.5, 0.6 მაჩვენებელზე. ეს ყველაფერი დადებითად უნდა აისახოს ფასებზე, გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზარზეც ფასები საკმაოდ დასტაბილურდა. ისინიც ჩამოყალიბდნენ, რადგან თავიდან რუსეთის აგრესიამ საკმაოდ დიდი პანიკა გამოიწვია.
რუსეთი ბევრი ევროპული ქვეყნის პირველი მიმწოდებელი იყო პირველადი პროდუქტების მოხმარების, როგორიც არის ხორბალი და ზეთი. გარდა ამისა უკრაინის ბაზარიც ჩაკეტილი იყო, ამან გამოიწვია ფასების გაზრდა და პროდუქტის დეფიციტი, რამაც მსოფლიოში გააძვირა ფასები და არამხოლოდ საქართველოში. ბოლო პერიოდში სიტუაცია დასტაბილურდა და უკრაინას შესაძლებლობა მიეცა, რომ პორტებიდან გამოსულიყო პროდუქტი და საქართველოშიც შემოვიდა რამდენიმე სატვირთო, რაც ძალიან კარგია.
კონკურენტუნარიანი ფასები, რაც საქართველოში გვაქვს, კიდევ უფრო ამარტივებს სიტუაციას.
– ამ ფონზე ბიზნესის გარკვეული წარმომადგენლისგან ვისმენთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უკვე უნდა იფიქროს მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე, რომ რეფინანსირების განაკვეთი უნდა შემცირდეს, რომელიც დღეს 11 %-ია.
ოქტომბრის მეორე ნახევარში გაიმართება ეროვნული ბანკის შემდეგი სხდომა.. როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა და აქვს თუ არა ეროვნულ ბანკს იმის ფუფუნება, რომ მონეტარული პოლიტიკის ნელ-ნელა შერბილება დაიწყოს?
– ძალიან რთული პროცესი იქნება და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნება. როდესაც ლარი 2.8-ის ფარგლებშია დოლართან მიმართებაში, ესეც, რა თქმა უნდა, განაპირობებს, რომ ფასები სტაბილურადაა შენარჩუნებული.
ამ ყველაფერთან ერთად ზამთრის საკმაოდ რთული პერიოდი მოდის, იგივე ლოგისტიკა საკმაოდ გართულებულია. ჩვენ არ ვიცით, რა პროცესებს გამოიწვევს, როდესაც რუსეთიდან გაზის მიწოდება შეუწყდებათ ევროპის რიგ ქვეყნებს.
ჩვენი მსხვილი მოვაჭრე პარტნიორი გარდა რუსეთისა, არის თურქეთი, მაგრამ სამწუხაროდ თურქეთი აკვირდება ბაზარს და ამის მიხედვით ლავირებს ფასებით. როდესაც საომარი ვითარებები დაიწყო, პროდუქტები საკმაოდ ძვირად შემოგვთავაზეს.
ჩვენ არ გვიხარია და არ გვინდა, რომ რუსეთი იყოს ჩვენი ძირითადი პარტნიორი (პირველად მოხმარების პროდუქტზე ვსაუბრობ), მაგრამ ლოგისტიკურად ძალიან ახლოა და სულ რაღაც 3-4 დღე სჭირდება, ზეთის, ფქვილისა და ხორბლის იმპორტს, თურქეთიდანაც დაახლოებით ეს პერიოდი სჭირდება.
იაფი ზეთი არგენტინიდან რომ შემოიტანო, (რომელიც დღეს უკვე კონკურენტუნარიანია), დაახლოებით თვენახევარი სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ორი დიდი მონსტრი, რომელიც ჩვენი მეზობელია, უკონკურენტოა და ამიტომაა, რომ იგივე რუსეთს მოგონილი აქვს ფიქსირებული გადასახადი. ეს ხომ სრული აბსურდია.. უნდათ ლავირება გაუწიონ ფასებს.
ახლა როდესაც დაიწყო საუბარი, რომ უკრაინის ბაზარი გაიხსნება, რუსეთმა განაცხადა, (როგორც კეთილმოსურნემ), რომ ფიქსირებულ გადასახადს ხსნის.
ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჭარბი მოსავლიანობა იყო უკრაინაში და შეძლო პროდუქციის გატანა ქვეყნიდან და მათ შორის საქართველოში შემოიტანა.
მაგრამ ლოგისტიკის გართულებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ კონკურენტუნარიანი ფასები არ გაჩნდა.
ეროვნულ ბანკს დღეს რომ იმის ფუფუნება ჰქონდეს, რომ შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი, მაშინ უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ არ მოხდება ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება.