LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც იტალიელი დირიჟორები მხვდებიან, ყველა მეუბნება, თქვენ ქართველებს რაღაც განსაკუთრებული ხმა გაქვთო, ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა…“ – საოპერო მომღერლის ცხოვრების მთავარი სცენა და სამომავლო გეგმები | კონსტანტინე ყიფიანი „არტ-FM“-ში

637
კონსტანტინე-ყიფიანი

რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“ საოპერო მომღერალი, ტენორი კონსტანტინე ყიფიანი სტუმრობდა, სადაც მისი ცხოვრების მთავარ სცენაზე, 30 წლის ასაკში მიღებულ გადაწყვეტილებაზე – ოპერაში პირველი ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როდის დაიწყო მუსიკის მიმართ თქვენი დიდი სიყვარული და ამ მიმართულებით ინტერესების ძიების პროცესში რამდენად იყვნენ ოჯახის წევრები ჩართულები?

გამომდინარე იქიდან, რომ 90-იანი წლები იყო, უშუქობის პერიოდი, ტელევიზიის მეშვეობით იშვიათად გადავაწყდებოდი ხოლმე რაიმე მუსიკალურ ნომერს, მაგრამ როდესაც ვისმენდი, ისე მაჟრიალებდა, ცუდად ვხდებოდი, მაშინ მივხვდი, რომ მუსიკა ძალიან მიყვარდა.

მე მსახიობებისა და მომღერლების ოჯახში გავიზარდე. ჩემს დიდ ბებიას ძალიან უნდოდა მსახიობი გავმხდარიყავი, მაგრამ მაშინ ცოტა რთული იყო მსახიობობის გადაწყვეტილება მიგეღო, სხვა პერიოდი იყო, თუმცა დღეს ჩემი პროფესია, საოპერო მომღერლობა და თეატრი რაღაცნაირად უკვე ერთმანეთთან კავშირშია, ამიტომაცაა საოპერო მომღერლობა ალბათ, ერთ-ერთი ურთულესი პროფესია.

როგორია თქვენი, როგორც საოპერო მომღერლის, კვების რაციონი?

რაიმე სახის აკრძალვა არ მაქვს, რადგან ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს ადამიანზე, თუმცა სპექტაკლის სამზადისის პერიოდში, ცხარე საკვებს არ ვჭამ, ასევე, არ ვსვამ გაზიან სასმელებს…

როგორი დამოკიდებულება გაქვთ კრიტიკის მიმართ?

კრიტიკა არის ის, რაც ადამიანს ზრდის. ამის გარეშე გამორიცხულია. არიან ადამიანები, რომელთა კრიტიკას ჩემთვის აზრი არ აქვს, მაგრამ ცხადია, ჩემ გარშემო არსებობენ ადამიანები, რომელთაც ვუსმენ.

მაგალითად, ყოველთვის ვითვალისწინებ ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დღეს უკვე ჩემი მეგობრისა და პედაგოგის, ბადრი მაისურაძის აზრს, ასევე, მისი მეუღლის, ელისო ჭირაქაძის რჩევებს.

ამასთან, კონსერვატორიაში მყავდა ფანტასტიკური პედაგოგი – ზაალ ხელაია, რომელიც დღემდე ფანტასტიკურად ასწავლის ბავშვებს.

რაც შეეხება ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს, როდესაც ბადრი მაისურაძეს ვხვდები სპექტაკლის შემდეგ, არასდროს ველოდები, რაიმე კარგი მითხრას. ძალიან იშვიათია ასეთი შემთხვევა.

კარგი რომ მითხრას, ჩემთვის ცუდია, რადგან ვერასდროს გავიზრდები, ვინაიდან ეს არის პროფესია, სადაც განვითარების კუთხით ზრდა არ მთავრდება.

[ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი] ცუდს რომ მეუბნება, გეფიცებით, მიხარია, პირიქით, სტიმული მეძლევა.

რაც შეეხება გასტროლებს, ნორვეგიაში არაერთ სპექტაკლში ითამაშეთ, როგორია სამომავლო გეგმები?

უახლოეს მომავალში იტალიაში კვლავ მივემგზავრები, ახლახან ქალაქ კალიარში ვიყავი, სადაც ვიმღერე „ნერონი“, აქ გავიცანი ჩემი ახალი აგენტი – ანჯელო გაბრიელი, რომელიც სხვათა შორის, ლეგენდარული საოპერო მომღერლის, ლუჩანო პავაროტის აგენტი იყო.

ბევრი ქართველი საოპერო მომღერალი იპყრობს მსოფლიოს, ამ მიმართულებით ძალიან გამორჩეულები ვართ.

როდესაც იტალიელი დირიჟორები მხვდებიან, ყველა მეუბნება, თქვენ ქართველებს რაღაც განსაკუთრებული ხმა გაქვთო, ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა.

ბევრისგან მსმენია, რომ ბავშვობიდან ძალიან კარგად უკრავდით. რატომ თქვით უარი პიანისტობაზე?

ძალიან კარგი სმენა მქონდა. პირველად, ჩემს სახლთან ახლოს მიმიყვანეს მუსიკალურ სკოლაში და როდესაც მითხრეს, დაუკარიო, მახსოვს, ნოტები არ ვიცოდი და სმენით „მთავრის სონატა“ დავუკარი. ქალბატონი იმდენად აღფრთოვანდა, პირდაპირ მეორე კლასში დამსვეს, რა იცოდა, როგორი ზარმაცი ვიყავი… მოკლედ, შემდგომ თავი დავანებე დაკვრას.

რაღაც პერიოდი ქალაქურ სიმღერებს ვმღეროდი, თუმცა მალე საკუთარი თავის განვითარების თვალსაზრისით, ჩემთვის  ქართული სიმღერა ამოიწურა. რამდენიმეწლიანი პაუზა მქონდა, რაღაც ახალს ვეძებდი და საბოლოო ჯამში, 30 წლის ასაკში კონსერვატორიაში ჩაბარება გადავწყვიტე.

როგორ ემზადებოდით „სამსონი და დალილას“ პრემიერისთვის, აღსანიშნავია, რომ თქვენი შესრულებით ყველა მოხიბლული დარჩა…

„სამსონი და დალილა“, პირველი ნაწარმოები იყო, რომელიც ფრანგულად ვიმღერე.

რთული იყო ერთ კვირაში მომზადება, მაგრამ ყველა ის მომღერალი, ვინც ჩემთან ერთად იდგა სცენაზე – ნატალია ქუთათელაძე, ირინა შერაზადიშვილი, მამუკა ლომიძე, გიორგი წამალაშვილი და გიორგი ჭელიძე, ძალიან დამეხმარნენ. ვიცი, რომ მაყურებელი ძალიან კმაყოფილია.

საოცნებო როლი…

შეიძლება მიფიქრია ამაზე, მაგრამ რთულია თქმა, წარმოიდგინეთ კვარაცხელიას, რომ ჰკითხოთ, რომელია მისთვის საუკეთესო გუნდი, ხომ ძალიან ბევრია?

რა თქმა უნდა, არის თეატრები, სადაც აუცილებლად უნდა იმღერო. ჩემი ოცნებაა, რომელსაც ალბათ, ავიხდენ, ძალიან მინდა მადრიდში სახლი ვიყიდო და შემდეგ იმ თეატრში ვიმღერო ხშირად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები