თბილისის მერი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განაახლოს, თუმცა კონკრეტულ ვადას ვერ ასახელებს. კახი კალაძის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიაში არაერთი ზარია შემოსული, თუმცა ეს არ არის მხოლოდ მათ ნება-სურვილზე დამოკიდებული, ამიტომ მერია შესაბამისი დარგის სპეციალისტების მითითებებს ელოდება. კალაძემ ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენთანაც ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. როგორც კი დარგის სპეციალისტები მოგვცემენ მითითებას და გვეტყვიან, რომ შესაძლებელია ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას. ვერ გეტყვით ეს როდის იქნება“, – განაცხადა კახი კალაძემ.