მომღერალი მარიტა როხვაძე ზაფხულს მუდმივად გადარბენებში ატარებს, მეორე ნახევართან, დავით ტაბიძესთან ურთიერთობა მცირე ხნის წინ გაასაჯაროვა, როცა რჩეულმა ხელი სთხოვა. ამჟამად წყვილის სახლი რემონტდება, სადაც 2025 წლის დასაწყისში აპირებენ გადასვლას, გველოდება ქორწილიც, თუმცა ჯერ თარიღი ჩანიშნული არ არის… ამ ყველაფრის შესახებ მარიტა თავად ესაუბრა fortuna.ge-ს.
მარიტა როხვაძე:
ზაფხული ჩემთვის არის ყოველთვის გადარბენა თბილისი-ქუთაისი-ბათუმს შორის. ეს არის სამი ძირითადი ქალაქი, სადაც მიწევს აქეთ-იქით სიარული, როგორც ბენდთან ერთად, ასევე მარტო სიარულიც.
დასვენება როდის ხერხდება?
თან, ვისვენებ, თან, ჩემს საყვარელ საქმეს აკეთებს.
გამოთიშვა როდის ხდება?
ქვეყნიდან გასვლისას. ვგეგმავ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში ქვეყნიდან გამგზავრებას. აი, ეს არის დასვენება, როდესაც ტელეფონიც გათიშული გაქვს (იღიმის). სოციალურ ქსელში კი ვარ ხოლმე, ან თუ ვინმე საქმეზე მწერს, აუცილებლად ვპასუხობ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ დასვენების დღეები შევირგო.
ამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამხდარი ხარ, ვიდრე სულ მცირე ხნის წინ იყავი. რას აკეთებ განსაკუთრებულს წონის დასაკლებად?
განსაკუთრებულს არაფერს. რაც მე წონაში მამატებინებდა, იყო ცომი, რომელზეც სრულად ვთქვი უარი, ყველანაირ ცომზე უარს ვამბობ, პასტა იქნება ეს, პიცა თუ სხვა რამ.
არც ტკბილს მიირთმევ?
ტკბილს ვერ ავიკრძალავ და არც მინდა ეს აკრძალვა. საფუარი მასუქებს, ტკბილს იმ რაოდენობით არ მივირთმევ, რამდენსაც მაგალითად, ხაჭაპურს. აქედანვე მირჩევნია, მივეჩვიო ასე კვებას. ხანდახან ისე მინდება ხაჭაპურის მირთმევა, მაგრამ კატეგორიული არა მაქვს ნათქვამი.
ამაზე გამხდარი ყოფილხარ?
ვყოფილვარ, მაგრამ ჩემთვის იდეალური წონა, სიმაღლესთან შეფარდებით 65, მაქსიმუმ 68 კილო, როცა ფორმასაც არ კარგავ და ყველაფერი ადგილზეა. ძალიან სიგამხდრე არ მინდა, ამას მერე ვარჯიშიც სჭირდება. სადამდეც მიქაჩავს საკუთარი სხეული, რომ ასეთი ფორმები მქონდეს, მანამდე ინტენსიურად არ ვვარჯიშობ, თუმცა ვარჯიში მაინც არის ჩემს ცხოვრებაში. ჩემი მეუღლე ხომ თავად ფიტნესინსტრუქტორია. მასთან ვვარჯიშობ ხოლმე, ზაფხულის პერიოდში ნაკლებად ვახერხებ, მაგრამ შემოდგომასა და ზამთარში სტაბილურად დავდივარ. მასთან ვარჯიში კომფორტულია…
არ არის მკაცრი?
ვიცნობ მის მოსწავლეებს, ისინი ისეთ დღეში არიან, რომ (იცინის)… თუ შედეგის მიღწევა გინდა, უნდა იშრომო და დაიღალო კიდეც. მივხვდი, რომ როგორც ცხოვრებაში ჩემთან წარმატება არ მოდის ჰაერზე და ბოლომდე შრომის შედეგია, ასევეა კვებისა და წონის შენარჩუნების შემთხვევაშიც.
გარდა შენი კარგი ფორმებისა, შესანიშნავად რომ გამოიყურები, იმის დამსახურებაცაა, რომ თვალებში ვარსკვლავები ციმციმებს. როგორია შენი ოჯახური ცხოვრება? ასე შეიძლება ვთქვათ?
იცით, როგორ არის? ჩვენ თანაცხოვრებაც ვიცით ერთმანეთთან როგორია, მაგრამ ამჟამად ველოდებით სახლის დასრულებას, ერთად გადავალთ საცხოვრებლად… რამდენიმე დღე და კვირაც კი შეიძლება გავიდეს, რომ ერთმანეთი ვერ ვნახოთ. ეს იმდენად დიდ მონატრებას იწვევს, რომ ის ერთი დღეც მიღირს, როცა ერთმანეთს ვნახულობთ, რა ემოციებიც გვაქვს. რა თქმა უნდა, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს, მაგრამ მე ნახვაზე ვსაუბრობ.
როდის დასრულდება სახლი?
უკვე რამდენიმე თვეში, ალბათ, 2025 წლის დასაწყისში, მერე უკვე შეგიძლია გვესტუმრო. ისე გვიყვარს ორივეს სტუმრები, დარწმუნებული ვარ, ყოველდღე სტუმრიანობა იქნება და კარგი მუსიკალური საღამოები. თავადაც მელომანია და უყვარს გემოვნებიანი და კარგი მუსიკა.
როგორც ვხვდები, ძალიან ბევრი საერთო გაქვს და ერთნაირი რაღაცები მოგწონთ…
ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ ხასიათით 100%-ით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მე უფრო კომუნიკაბელური და გახსნილი ვარ, ის სხვანაირია და ვფიქრობ, ამიტომაც მოგვწონს ერთმანეთი ასე ძალიან.
ხელის თხოვნა რომ შედგა, მაშინ ვისაუბრეთ და მახსოვს, რომ ზღვისპირეთში ქორწილზე ოცნებობდი. როდის შედგება თქვენი ქორწილი და სად, გადაწყვიტეთ უკვე თუ ჯერ ისევ ფიქრის პროცესია?
ვგეგმავთ, მაგრამ ისეთი ცვალებადი ამინდია, წინასწარ ვერ ვწყვეტთ. მინდა, ყველა თეთრებში იყოს გამოწყობილი, ქვიშაზე შედგეს ქორწილი და ზღვისპირას. ყველა ჩემი მეგობარი გვერდში მიდგას, ოღონდ შენ მოიფიქრე და თქვიო. იმდენი ხანია, გადარბენაზე ვართ ორივე, რომ მე და დათო ვერ დავსხედით და ვერ ვისაუბრეთ, მას რაც უნდა ცალკე და მე, ეს ვიცით უკვე. წვეულებასთან დაკავშირებით თავიდან ბოლომდე მენდობა, იცის, რომ არც ერთ შემთხვევაში ცუდი არ გამომივა. შენ როგორც გინდა, ისე გავაკეთოთო. მსგავს თემებზე დიდ ინიციატივებს არ იჩენს. ურჩევნია, მე როგორც მინდა, ისე იყოს. რამე რომ არ მომეწონოს, შემიძლია, პატარა რაღაცასაც კი ემოციურად შევხედო. ძალიან მარტივად შეიძლება, ავდგე და დავიწყო ტირილი… ცვალებადი ხასიათი მაქვს. ის არის სტაბილურად მშვიდი, დინჯი, მაგრამ კუროა, თუ აფეთქდა, მტერს, ამიტომ ვცდილობ, აქამდე არ მივიყვანო.
ქორწილზე ვფიქრობთ, თარიღი ჯერ არ ვიცით. რადგან საზღვარგარეთ წასვლას ვფიქრობთ, გაიჟღერა იდეამაც, რომ იქ ხომ არ გავაკეთოთ ქორწილიო, თუმცა ეს ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება. აქ ჩვენი მეგობრები ბევრ რამეში მოგვეხმარებიან, იქ კი უფრო მეტი ფინანსები დაგვჭირდება. ასე რომ, ჯერ ვფიქრობთ… შეიძლება, გრანდიოზული და დიდი არ გამოვიდეს,მაგრამ რაც გამოვა, გვინდა, ქორწილი აუცილებლად გავაკეთოთ.
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი