LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გამოიყენება დიკლოფენაკის ინიექციები?

125
PSP

დიკლოფენაკი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პოპულარული პრეპარატია, რომელსაც დამატებით სიცხის დამწევი ეფექტიც აქვს.

ის, ძირითადად, გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა: ართრიტი, ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, სპონდილიტი და სხვა ანთებითი მდგომარეობები.

აღნიშნული პრეპარატი რამდენიმე სახითაა ხელმისაწვდომი: დიკლოფენაკი აბი, დიკლოფენაკი ამპულა, დიკლოფენაკი მალამო და დიკლოფენაკი გელი. მათ შორის მთავარ განსხვავებას გამოყენების მეთოდი, მოქმედების სისწრაფე და მიზნობრივი დანიშნულება წარმოადგენს.

სტატიაში წარმოგიდგენთ დიკლოფენაკის ამპულების (ინიექციის) ძირითად მახასიათებლებს, გამოყენების წესებს, ჩვენებებსა და უკუჩვენებებს.

რა ჩვენებების დროს გამოიყენება დიკლოფენაკის ინიექციები?

დიკლოფენაკის ინიექციები ინიშნება შემდეგი მდგომარეობებისა და სიმპტომების დროს:

  • ართრიტი – დიკლოფენაკი გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ართრიტის (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, ანკილოზური სპონდილიტი) დროს, რათა შეამსუბუქოს ტკივილი და ანთება;
  • მუსკულო-სკელეტური ტკივილი – პრეპარატს ნიშნავენ კუნთების, მყესების, ლიგატების ან სახსრების ტკივილის დროს, როგორებიცაა მოტეხილობები, დაჭიმვა ან სხვა სახის ტრავმები;
  • ტკივილით, ანთებითი პროცესითა და შეშუპებით მიმდინარე პოსტტრავმული და პოსტოპერაციული პერიოდის დროს;
  • ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, პერიართროპათიები – დიკლოფენაკს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მსგავსი დეგენერაციული და ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროსაც ნიშნავენ;
  • რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაჭიმულობა, დაჟეჟილობა, ტრავმის შემდგომ ანთებები;
  • ტკივილი ხერხემლის არეში, ნევრალგია, მიალგია, ართრალიები;
  • მენსტრუალური ტკივილი (დისმენორეა) – დიკლოფენაკი ხშირად გამოიყენება მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებლად.
  • სხვა ანთებითი და ტკივილიანი მდგომარეობები – დიკლოფენაკი გამოიყენება სხვადასხვა ანთებითი მდგომარეობის დროს, როდესაც საჭიროა ტკივილისა და ანთების შემცირება, მათ შორისაა შაკიკი;
  • ნაღვლის ბუშტის და/ან თირკმლის კოლიკა;
  • LOR-ის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები.

დიკლოფენაკის ინიექციის გაკეთების წესი და დოზირება

დიკლოფენაკის ინიექცია კუნთოვან ქსოვილში კეთდება, რაც სწრაფად შეწოვასა და მოქმედებას უზრუნველყოფს, რადგან პირდაპირ სისხლძარღვებში აღწევს. აქედან გამომდინარე, გამოიყენება მწვავე და ძლიერი ტკივილის დროს, რაც სწრაფი მოქმედებაა საჭირო – მაგალითად, მწვავე კუმბაგოს, მიოზიტის ან ართრიტის მძიმე შეტევების დროს.

დიკლოფეროლის ამპულები ინიშნება ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.  მწვავე ტკივილის დროს ინტრამუსკულარული ინიექციის დღიური დოზა შეადგენს 75 მგ-ს.

საჭიროებისას, (ნაღვლის ბუშტის ან თირკმლის კოლიკა) დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 150 მგ-დე (1 ამპულა 2-ჯერ დღეში). ინტრავენურად პრეპარატი შეჰყავთ წვეთოვნად ინფუზიის სახით. 1 ამპულა (75 მგ) იხსნება 100-150 მლ NaCl-ის 0.9%-იანი ან დექსტროზის 5%-იან ხსნარში. ზოგადად, ინიექცია მხოლოდ ექიმის ან სპეციალურად მომზადებული პერსონალის მიერ უნდა ჩატარდეს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ინიექცია მხოლოდ მოკლევადიანადაა (2-5 დღის განმავლობაში) მისაღები, რადგან ხანგრძლივ გამოყენებას სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოწვევა შეუძლია

რა გვერდითი ეფექტები აქვს დიკლოფენაკს?

დიკლოფენაკს, როგორც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, სხვადასხვა გვერდითი ეფექტის გამოწვევა შეუძლია.

მოდით, ცალკეულად განვიხილოთ ესა თუ ის გვერდითი ეფექტი:

  • კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემებია: გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, შებერილობა, გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, პერფორაცია;
  • კარდიოვასკულარული გვერდითი ეფექტებია: ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), გულის შეტევა, ინსულტი, გულის უკმარისობა, თრომბოზი (ძარღვებში სისხლის შედედება);
  • ღვიძლთან და თირკმელთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტებია: ღვიძლის ფერმენტების მომატება, ჰეპატიტი (იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა), თირკმლის ფუნქციის გაუარესება, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ანთება;
  • ალერგიული რეაქციებია: გამონაყარი კანზე, ქავილი,  სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იშვიათად), ასთმის შეტევა, ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება), ანაფილაქსია;
  • ნერვული სისტემის გვერდითი ეფექტებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოუსვენრობა;
  • ჰემატოლოგიური დარღვევებია: ანემია (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების შემცირება), ლეიკოპენია (თეთრი სისხლის უჯრედების შემცირება);
  • სუნთქვის სისტემასთან დაკავშირებული რეაქციებია: ბრონქოსპაზმი (უწყვეტი ხველა, გაძნელებული სუნთქვა).

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების რისკი იზრდება ხანგრძლივი გამოყენების ან მაღალი დოზების შემთხვევაში, ამიტომ ყოველთვის აუცილებელია ექიმის რეკომენდაციებისა და მითითებების გათვალისწინება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g