როდის შევძლებთ ქუთაისის აეროპორტამდე რკინიზგით მისვლას – უკვე ცნობილია. ახალი თარიღი დღეს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა დაასახელა. როგორც გიორგი ჩოგოვაძემ TV პირველზე, გადაცემა „საქმიანი დილაში“ სტუმრობისას განმარტა, ეს დაახლოებით ერთ წელიწადში მოხდება. სწორედ ამ ვადაში დასრულდება პროექტი.
მისივე ინფორმაციით, განიხილება ვარიანტი, რომ რკინიგზამ ტერმინალისგან 600 მეტრის დაშორებით გაიაროს.
„როგორც უკვე ჩვენთვის ცნობილია, იმ ფორმით როგორც იყო დაანონსებული რკინიგზის მისვლა ქუთაისის აეროპორტამდე, აღარ მოხდება. დღეს გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა – მათ შორის ის, რომ რკინიგზამ ტერმინალისგან 600 მეტრის დაშორებით გაიაროს. ეს არის ბოლო ეტაპი, როდესაც გადაწყდება, სად გაივლის სარკინიგზო ხაზი. თუმცა, საქართველოში რკინიგზის მოძრაობის სიხშირე არ იქნება ისეთი, რომ ყველა ავიარეისთან კომფორტულად მოხდეს დაკავშირება, მაგრამ რკინიგზა აუცილებლად იქნება“, – აღნიშნა ჩოგოვაძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ სატრანპორტო კვანძის მშენებლობა, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაანონსა, 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემდეგ, პროექტის დასრულების ვადამ გადაიწია. თავდაპირველი გეგმა, რომელიც ცენტრალური მაგისტრალიდან ქუთაისის აეროპორტამდე სარკინიგზო ხაზის მიყვანას გულისხმობდა, მალევე შეიცვალა.