LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის საჭიროებს პაციენტი ინსულინს – თამარ ხასაია დიაბეტის შესახებ

67
IMG-0262

რა უნდა ვიცოდეთ შაქრიანი დიაბეტის შესახებ, რამდენად ავლენს დაავადება თავს ადრეულ ეტაპზე და ხდება თუ არა მისგან საბოლოოდ განკურნება. რა ტიპის მკუნალობა ინიშნება ამ დროს და როდის დგება მედიკამენტებით მკურნალობის აუცილებლობა. როდის უნდა გადავიდეს პაციენტი ინსულინოთერაპიაზე და მართალია თუ არა, საზოგადოებაში გავრცელებული მითები ინსულინის შესახებ. ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ კლინიკების „ინ ვიტროსა“ და „კარაფს მედლაინის“ ექიმმა, ენდოკრინოლოგმა თამარ ხასაიამ ისაუბრა.

– ქალბატონო თამარ, ბოლო დროს ადამიანები დაგვიანებით და სრულიად შემთხვევით გებულობენ, რომ დიაბეტით არიან დაავადებული. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს დაავადება მალავს საკუთარ თავს. საინტერესოა, რატომ არ ვლინდება შაქრიანი დიაბეტი ადრეულ ეტაპზე?

– სამწუხაროდ, მეორე ტიპის დიაბეტი მართლაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა არა სპეციალისტებისთვის. ადამიანები თვლიან, რომ დიაბეტის სიმპტომები პირის შიმშრალე, მუდმივად წყურვილის გრძნობა, წონაში კლება და ხშირი შარდვაა, თუმცა სინამდვილეში მსგავსი სიმპტომები მხოლოდ პირველი ტიპის დიაბეტს ახასიათებს, მეორე ტიპის დიაბეტი კი, არ ხასიათდება ადრეულ ეტაპზე მკაფიოდ გამოხატული ჩივილებით და სიმპტომებიც სრულიად განსხვავებული აქვს – ადამიანი სწრაფად იმატებს წონაში, მუდმივად ფორიაქობს, გაღიზიანებულია, უჭირს შიმშილის ატანა, საკვების მიღების შემდეგ კი, ძილის სურვილი უჩნდება. თუმცა მსგავს სიმპტომებს არასდროს უკავშირებს დიაბეტის განვითარებას და ექიმსაც დაგვიანებით მიმართავს.

– ვინ მოიაზრება რისკ-ჯგუფებში, რამდენადაა დიაბეტი გენეტიკური დაავადება და როგორ შეიძლება პრედიაბეტური მდგომარეობის დიაგნოზირებისას დაავადების თავიდან აცილება?

– რა თქმა უნდა, პრევენცია შესაძლებელია. მთავარია, სიმპტომატიკის გამოვლენისთანავე მიმართოს პაციენტმა ექიმს, რადგან სწორედ დროული მკურნალობაა დაავადების თავიდან აცილების და ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება. რისკ-ჯგუფში პირველ რიგში ჭარბწონიანები მოიაზრებიან, რადგან წარმოუდგენელია ჭარბი წონა ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის გარეშე. დიაბეტი უმიზეზოდ არასდროს ჩნდება, ამიტომ, თუ ადამიანს წინასწარი განწყობა აქვს ან კარგავს შეგრძნებას საკუთარი ინსულინის მიმართ, ის უკვე დაავადების განვითარების საფრთხის წინაშეა. აღსანიშნავია, რომ ადამიანები მხოლოდ უზმოზე ამოწმებენ გლუკოზის დონეს, რომელიც ჩვეულებრივ ნორმაშია და ჭამიდან 2 საათში აღწევს კრიტიკულ ზღვარს, უზმოზე მომატებული შაქრიანობა კი, მხოლოდ ჩამოყალიბებული დიაბეტის შემთხვევაში ფიქსირდება. ამასთანავე, წარმოუდგენელია დაავადება გენეტიკური წინასწარი განწყობის გარეშე, თუმცა ე.წ. გენისმტარებლობა არ გულისხმობს დაავადების უპირობოდ განვითარებას. თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და ზუსტად იცავს ექიმის რეკომენდაციას, მაშინ დიაბეტისგან თავის დაცვაც შეუძლია.

– რამდენად შესაძლებელია დიაბეტის განვითარება სტრესული მდგომარეობის ფონზე?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რადგან სწორედ სტრესია გლიკემიის დონის მატების მაპროვოცირებელი, რაც თავის მხრივ დიაბეტის განვითარებას იწვევს.

– რას გულისხმობს დიაბეტის მკურნალობა?

– ნებისმიერი ტიპის დიაბეტის მკურნალობა დიეტით იწყება, მედიკამენტური მკურნალობა კი, უკვე მეორე ეტაპია, თუმცა არა ყველასთვის. პირველი ტიპის დიაბეტი – ინსულინის დეფიციტით მიმდინარე მდგომარეობაა, ამიტომ მსგავსი პაციენტები მკურნალობას დიეტით და ინსულინოთერაპიით იწყებენ, მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევაში კი, როცა ადამიანს აქვს საკუთარი ინსულინი და ზოგჯერ ჭარბიც, თუმცა მის მიმართ მგრძნობელობა აქვს დაკარგული და ვერ ახერხებს გლუკოზის ნორმალურად ხარჯვას, მაშინ მას ტაბლეტირებული თერაპიის კურსი ენიშნება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, რადგან ყველა პაციენტს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი მედიკამეტები სჭირდება. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია საერთო მდგომარეობის გათვალისწინება, რადგან თუ მაღალმა გლიკემიამ ღვიძლი, თირკმელები ან გულ-სისხლძარღვთა სისტემა დააზიანა, მაშინ შესაძლებელია ინსულინოთერაპიის საწყის ეტაპზე დანიშვნა.

– ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს იღებს, თუმცა სასურველ შედეგს მაინც აღწევს,

– ამ შემთხვევაში დასაზუსტებელი, რამდენად იცავს პაციენტი დიეტას, რამდენად სწორადაა შერჩეული პრეპარატი და მისი დოზა. გასათვალისწინებელია დიაბეტის სტაჟი და ინსულინის მარაგი.

– რა ციფრებით განისაზღვრება გლუკოზის ნორმა?

– გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევად ითვლება – უზმოზე გლიკემიის ნორმალური დონე, საკვების მიღებიდან 2 საათში კი – 7,2 მილიმოლზე მეტი და 11,1-ზე ნაკლები. თუ საკვების მიღების შემდეგ გლიკემია 11,1-ს უტოლდება ან აჭარბებს – ეს უკვე შაქრიანი დიაბეტის მაჩვენებელია.

– რა ტიპის პრეპარატია ინსულინი და რატომ უფრთხიან მას პაციენტები?

– ინსულინი სინთეზური ანალოგია ადამიანის ოპრგანიზმში გამოყოფილი ნივთიერებისა. საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში ინსულინი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, რადგან მისი შემადგენლობა ბუნებრივი ინსულინის იდენტურია. ვფიქრობ, ინსულინის შიშს ცრუ მოსაზრება ბადებს, თითქოს პრეპატარის ერთხელ მოხმარება მასზე დამოკიდებულებას იწვევს, რაც მცდარია, რადგან ინსულინი ნარკოტიკი არაა და არც შეჩვევას იწვევს, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ კი, თავისუფლად შეიძლება მისი ტაბლეტური თერაპიით ჩანაცვლება.

– რისგან იცავს ინსულინი პაციენტს?

– საკმაოდ ბევრი რისკისგან – ღვიძლის დაავადებებით დაწყებული, თირკმლის უკმარისობით და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით დასრულებული. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საუბარი არაა უკვე ჩამოყალიბებულ ინსულტებსა და ინფარქტებზე, თუმცა სწორედ ინსულინოთერაპია არ აძლევს ამ დაავადებებს განვითარების საშუალებას.

– რამდენად სწრაფია ინსულინის მოქმედება?

– საკმაოდ მარტივია ინსულინოთერაპიაზე მყოფი პაციენტის შაქრის ნორმალიზება ციფრებში, რადგან გლიუკოზა ინსულინის მიღების შემდეგ 2 საათში ნორმალიზირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს დიაბეტის გაკურვნას, რადგან გლიკემიის ნორმალიზება მხოლოდ ეტაპობრივად შეიძლება. დიაბეტიანი პაციენტის გლიკემიის ნორმად უზმოზე 110-130 მილიგრამ-პროცენტი ითვლება, საკვების მიღების შემდეგ კი 140-ს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა თუ პაციენტს გულ-სისხლძრღვთა დაავადებები აღენიშნება,  ასაკი 62 წელს აღემატება, მაშინ გლიკემია უზმოზე – 100-120-ს, დღის განმავლობაში კი, 160-ს უნდა აღწევდეს.

– თუ შაქრის მაღალი დონის მიუხედავად პაციენტი მაინც უარს ამბობს ინსულინის გამოყენებაზე, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ამგვარი სიჯიუტე?

– სიჯიუტე გაუმართლებელია, რადგან ხშირად ჰიპერგლიკემიური კომის მიზეზი ხდება, რასაც თან ერთვის თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, ინფარქტი და მხედველობის დაკარგვა.

– რას ურჩევთ დიაბეტიან პაციენტებს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება პირველ რიგში?

– მთავარი კვების რეჟიმის დაცვა და გლიკემიის ნორმალიზებაა. არაა საჭირო პრობლემების დამალვა და დაავადების სიმპტომების უგულველყოფა. მით უფრო, რომ მეორე ტიპის დიაბეტს საკმაოდ გვიანი სიმპტომები ახასიათებს.

 

გადაცემა სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები