LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის სჭირდება ბავშვს ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის დახმარება – ნინო გულიაშვილი ადრეული ინტერვენციის პროგრამაზე

58
ნინო-გულიაშვილი

რას წარმოადგენს, რას მოიცავს და ვისთვის არის საჭირო ადრეული ინტერვენციის პროგრამა, როგორ მოვამზადოთ ბავშვი ბაღისთვის, რამდენად საშიშია გაჯეტების გამოყენება და აფერხებს თუ არა ის განვითარებას – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ოკუპაციური თერაპევტმა, ადრეული და სკოლამდელი განათლების  სპეციალისტმა ნინო გულიაშვილმა უპასუხა.

რას წარმოადგენს ადრეული ინტერვენციის პროგრამა, რას მოიცავს ის და ვისთვის არის საჭირო?

ადრეული ინტერვენციის პროგრამა 0-დან 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების მომსახურებას მოიცავს. ადრეული ინტერვენციის პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მიზანი ოჯახების გაძლიერება და მხარდაჭერაა..  პროგრამის უნიკალურობა იმაში გამოიხატება,  ეს არის მშობლით გაშუალებული მომსახურება სადაც თერაპიის დროს წამყვანი როლი აკისრია მშობელს და ბავშვთან მუშაობა ხდება მისთვის ნაცნობ გარემოში და სანდო ადამიანებთან ერთად.

როგორ ხდება აღნიშნული პროგრამის საჭიროების განსაზღვრა, მშობელმა უნდა გაამახვილოს ყურადღება გარკვეულ პრობლემებზე თუ ეს ექიმის პასუხისმგებლობაა?

არის შემთხვევები, როდესაც ოჯახმა ბავშვის დაბადებიდანვე  იცის გარკვეული მდგომარეობის შესახებ, მაგალითად, ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ. ასეთ შემთხვევაში , პირველივე თვეებიდან ერთვებიან ბავშვები ადრეული ინტერვენციის პროგრამაში. არის შემთხვევები, როდესაც დედა ხვდება, რომ მის შვილს გარკვეული ჩამორჩენა აქვს, მაგალითად, მოტორიკის განვითარების, სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარების მხრივ, კომუნიკაციის უნარის მხრივ თუ ა.შ. ან პედიატრი აფასებს მასთან მისულ ბავშვს და უჩნდება გარკვეული კითხვები და შემდეგ მშობელს ურჩევს დამატებით სპეციალისტთან ვიზიტს.   რა თქმა უნდა, ოჯახის როლი ბავშვის განვითარებისას დაკვირვებაზე ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელი ამჩნევს გარკვეულ საჭიროებებს და ხვდება, რომ მის შვილის განვითარება ჩამორჩება ასაკს ან განვითარებაში რეგრესი აქვს, მაგრამ გარშემომყოფები ამშვიდებენ სხვადასხვა ტექსტებით, რომ ჯერ პატარაა ბავშვი, რომ არაფერია სანერვიულო და ყველაფერი დროსთან ერთად მოგვარდება ან ამბობენ, რომ ბავშვის მამაც ასეთი “ცელქი” იყო ან  მანაც ასე გვიან დაიწყო საუბარი და ა.შ. რაც დროულად მოხდება  ბავშვის საჭიროებებზე რეაგირება  და ჩართვა პროგრამაში რა თქმა უნდა შედეგიც მეტად ეფექტური იქნება.

აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, გენეტიკა არ მოქმედებს ამ ყველაფერზე?

შესაძლოა, ინდივიდუალურ შემთხვევებში რათქმაუნდა  გენეტიკა გავითვალისწინოთ, მაგრამ ის, რომ ამით თავი დავიმშვიდოთ და სპეციალისტთან ვიზიტი ამ მიზეზით გადავდოთ, ეს არასწორია. სპეციალისტთან ვიზიტით ან გამორიცხავთ საჭიროებებს ან საჭიროებისამებრ მოხდება თერაპიის  დროულად დაწყება.

რაზეა დამოკიდებული პროგრამის ხანგრძლივობა?

არსებობს სახელმწიფო პროგრამის დადგენილება, რომ ადრეულ ინტერვენციაში ჩართული 0-3 წლამდე ასაკის ბავშვი 8 ვიზიტს იღებს ბუნებრივ გარემოში. ასევე  ბავშვის და ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე , შესაძლებელია ვიზიტების განხორციელება როგორც ოჯახში ასევე,  საბავშვო ბაღში ან ცენტრში ბავშვის სოციალიზაციის ხელშეწყობისთვის.  5 წლიდან ვიზიტების რაოდენობა 6 შეადგენს.

პროგრამის დაწყების შემდეგ როდის დგება პირველი შედეგი, ეს ინდივიდუალურია თუ არსებობს რაღაც ეტაპი, რა დროსაც აუცილებლად უნდა იყოს მიღწეული გარკვეული შედეგი?

ეს ძალიან ინდივიდუალურია და მხოლოდ ერთ რგოლზე, ოჯახზე, ბავშვზე ან მშობელზე არ არის დამოკიდებული, აქ ყველაფერი გასათვალისწინებელია, ბავშვის შესაძლებლობებიც და ოჯახის და სპეციალისტის ჩართულობაც.

ადრეული ინტერვენციის პროგრამა რით განსხვავდება ბავშვის სხვა განვითარების პროგრამებისგან?

როგორც უკვე აღვნიშნე, ადრეული ინტერვენციის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ ის  ოჯახის გაძლიერებაზეა მიმართული. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ კვირაში 2 საათი მხოლოდ თერაპევტის მუშაობა ვერ იქნება ეფექტური, თუ ოჯახის როლი და ჩართულობაც არ გაიზარდა, რადგან თერაპევტის ვიზიტი მხოლოდ ერთ საათს გრძელდება, ბავშვი მთელ დღეს ოჯახთან ერთად ატარებს. აქ გასათვალისწინებელია რუტინები: კვება, დაბანა, ძილი, ასევე სოციალური აქტივობები  და ა.შ. მშობელს კი ზუსტად ამ ყველაფერში სჭირდება მხარდაჭერა, რათა უკეთ იზრუნონ მისი შვილის განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებელს მხოლოდ ერთი კონკრეტული ბავშვი არ ნახულობს, პროგრამის შედეგად პოზიტიურად იცვლება სიტუაცია ოჯახში, იცვლება ურთიერთობები და ა.შ.

ძირითადად რა მეთოდებს იყენებენ თქვენი სპეციალისტები ბავშვებთან მუშაობისას?

ადრეული ინტერვენციის სპეციალისტებს თავისი დოკუმენტაცია და შეფასების ინსტრუმენტები აქვთ. ისინი მშობელთან ერთად ადგენენ განვითარების ინდივიდუალურ გეგმას და სამუშაო მიზნებს ა.შ. ადრეულ ასაკში  ძირითადი განვითარება და სწავლება თამაშიც სახით მიმდინარეობს. თამაში ერთადერთი მეთოდია, რადგან ამ ასაკის ბავშვი სხვანაირად  ვერ სწავლობს, ის თამაშით და კვლევით შეიმეცნებს სამყაროს. სამწუხაროდ, უფროსი ადამიანებისგან ხშირად მსმენია, “თამაში და გართობა კარგი, მაგრამ სწავლება სად არისო”. სინამდვილეში  ბავშვი ამ დროს ყველაზე უკეთ სწავლობს, რადგან აკეთებს იმას, რაც მოსწონს და მისი ინტერესის სფეროშია, რადგან თამაში დაკავშირებულია სილაღესთან და ბედნიერებასთან.

ვინ უნდა მისცეს მშობელს რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის სათამაშოებით უნდა ითამაშოს ბავშვმა?

ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის როლში ესეც შედის. სპეციალისტი მშობელს კონკრეტული სათამაშოს შერჩევაშიც ეხმარებიან, ურჩევს რა სათამაშოთი და როგორ ითამაშოს ბავშვთან, სათამაშო უნდა იყოს ასაკის და განვითარების შესაბამისი. ადრეული ინტერვენციის სპეციალისტები ძალიან კარგად გეგმავენ პროცესს და ახდენენ თამაშის ხელშეწყობას  სახლში არსებული რესურსებით. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, რადგან მშობლები ხშირად არ აძლევენ ხოლმე მათ ოჯახში არსებული ნივთების გამოყენების საშუალებას.

რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის ჩართულობა ბაღში?

ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლია სახლიდან ბაღში ტრანზიციის ხელშეწყობა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და რთული ეტაპია. ტრანზიციის დაგეგმვა მინიმუმ 6 თვით ადრე უნდა დაიწყოს,  განსაკუთრებით მაშინ, როცა სპეციალურ საჭიროებებზე ვსაუბრობთ. მომზადებაში  იგულისხმება როგორც ბავშვის, ისე ბაღის და ოჯახის მომზადება. ოჯახის მხარდაჭერა  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან როდესაც საქმე გარემოს ცვლილებას ეხება,  ხშირად მშობლები უფრო ღელავენ და ეს ღელვა და შფოთი შემდეგ ბავშვებსაც გადაედებათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი ეტაპი, ბაღის შერჩევა, ბაღის პერსონალთან გასაუბრება, ბავშვის ინტერესებზე და საჭიროებებზე საუბარი, ვიზიტის დაგეგმვა, ბავშვის გაცნობა და ა.შ. ცალკე პროცესია ბავშვის ბაღისთვის მომზადება, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს პოზიტიური წარმოდგენა შევუქმნათ ბაღზე, გამომშვიდობების რიტუალის შემუშავება, რადგან ბავშვებს ყველაზე მეტად მშობელთან განშორება უჭირთ, გახსოვდეთ, გაპარვა გამოსავალი არ არის, ბაღზე მოთხრობების ან პატარა ზღაპრების წაკითხვა, ასევე კარგია თუ მშობელი ბავშვთან ერთად იყიდის ბაღისთვის საჭირო ნივთებს,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ბაღის დაწყებამდე გაიცნოს პერსონალი, ნახოს გარემო, შეექმნას გარკვეული წარმოდგენა როგორც ფიზიკურ გარემოზე ასევე იქ მყოფ ადამიანებზე. ბაღიც თავის მხრივ უნდა მოემზადოს, რადგან არც ბაღისთვის არაა მარტივი უმტკივნეულო ადაპტაციისთვის ხელშეწყობა და არანაკლებ სტრესულია ეს პერიოდი მათთვის, ამიტომ რაც ზემოთ აღვნიშნე ოჯახის, ბავშვის და ბაღის მომზადება ცალ-ცალკე არ განიხილება.   ხშირად ტრანზიციის პროცესი სათანადოდ არ არის დაგეგმილი,  ამით კი ყველაზე მეტად ბავშვი ზიანდება, ამიტომ ამ სამივე რგოლის სათანადოდ მომზადება და მათი მხარდაჭერა ადრეული ინტერვენციის სპეციალისტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, შემდეგ კი როგორც ჯგუფში ჩართულობის ხელშეწყობა ასევე რეკომენდაციების მიცემა იგულისხმება.

აქვს შედეგი ბაღში წაყვანის პროცესის დაგეგმვას, უფრო ნაკლებად ისტრესება ბავშვი?

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შედეგი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვმა წინასწარ იცის ფიზიკური გარემო, სადაც მიდის, ვინ ხვდება იქ, ასევე  თუ მას შექმნილი აქვს პოზიტიური წარმოდგენა მშობლის მიერ, ეს ბაღსაც უადვილებს საქმეს, რადგან წინასწარ იციან ბავშვის ინტერესები და  საჭიროებები და უფრო მომზადებულები ხვდებიან მას, აქ იგულისხმება როდესაც თავად ბაღიც ჩართულია ტრანზიციის პროცესის დაგეგმვაში და იაზრებს წინასწარ დაგეგმვის მნიშვნელობას.  შესაბამისად, უფრო მშვიდი და უპრობლემო არის ხოლმე პირველი დღეები. მართალია, ჩვენ ამ შემთხვევაში სპეციალური საჭიროებების მქონე  ბავშვები გამოვყავით, მაგრამ ეს ყველაფერი იგივენაირად მნიშვნელოვანია ტიპური განვითარების მქონე ბავშვებისთვისაც.

სოციალური უნარების ფორმირება არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც მშობელი ჩქარობს ბავშვის ბაღში მიყვანას, მთავარი რის გამოც ბავშვები იმაზე უფრო ადრე მიჰყავთ ბაღში, ვიდრე ჩვეულებრივ მიიყვანდნენ, ეს არის სპეციალური უნარების არქონა, სხვა ბავშვებთან კონტაქტის და თამაშის სურვილის არქონა, მუდმივი ტირილი, სიჯიუტე, ხშირი ტანტრუმები, საუბრის დაგვიანება. ეხმარება თუ არა ბაღი ამ ყველაფრის ფორმირებას და მხოლოდ ბაღი თუ არის საკმარისი ასეთ დროს?

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე, აქ იგულისხმება რათქმაუნდა ინკლუზიური განათლებაც, რადგან გათვალისწინებულია ყველა ბავშვის შესაძლებლობები, საჭიროებები და ინტერესები.  თქმა უნდა, იმას რაც ჩამოთვალეთ, უნდა დაეხმაროს და არა მხოლოდ სოციალური უნარების განვითარებას, ბაღი ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის მრავალხრივ, ჰოლისტურ განვითარებას.  შესაბამისად ბაღის პერიოდი და ბავშვის თამაშით განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური უნარების, კომუნიკაციის, კოგნიტური უნარების, დამოუკიდებლობის და ა.შ. კუთხით. თუმცა აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პერსონალის და აღმზრდელის მონდომება საკმარისი არ არის, საჭიროა შესაბამისი როგორც ფიზიკური გარემოს და რესურსის ქონა ასევე, ადამიანური რესურსი, რაშიც როგორც აღმზრდელ-პედაგოგის ასევე ბაღის სპეციალისტების კომპეტენციები იგულისხმება, ძალიან დიდი გამოწვევაა გადატვირთული ჯგუფები, სამწუხაროდ საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ აღმზრდელებს მუშაობა…

რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის და პედაგოგის ერთმანეთთან კომუნიკაცია?

ბავშვის განვითარების მხრივ, მხოლოდ ბაღი ვერ გავა შედეგზე, რადგან ბაღი და ოჯახი ერთი გუნდია, თუმცა ამ მხრივ პრობლემები ხშირად გვხვდება ხოლმე. მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ბაღის წარმომადგენლებს, რომ კომუნიკაციის პირველი ნაბიჯი მშობლის მხრიდან უკვე გადმოდგმულია, რადგან მან ისინი აირჩია და მათ ანდო მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადამიანი. შესაბამისად, შემდეგი კომუნიკაცია ხშირად ბაღზეა დამოკიდებული. არსებობს ასეთი გამოთქმა, კარგი ბაღი ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, საუკეთესო ბაღი მშობლის განათლებაზე და გაძლიერებაზე ზრუნავს. მშობლები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ყველასთან განსხვავებული მიდგომაა საჭირო. განსხვავდებიან პედაგოგებიც, განსხვავებულია მათი ხასიათი, განათლება, კვალიფიკაცია, თუმცა ბაღი მშობლისგან იმით განსხვავდება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაა და მისი პირდაპირი მოვალეობაა იზრუნოს როგორც ბავშვის, ისე მშობლის განვითარებაზე. როდესაც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე ვსაუბრობთ, აქ იმ პრობლემას ვაწყდებით, რომ მშობელს ხშირად არ სურს ბავშვის მდგომარეობაზე საუბარი, მალავს აღნიშნულს და ა.შ.  თუმცა, მეორეს მხრივ, საკითხავია, რა გააკეთა ბაღმა იმისთვის, რომ მშობელი მას ენდოს და მისთვის ყველაზე სენსიტიურ თემაზე ღიად ისაუბროს. ყველა ადამიანი განსხვავებულად გამოხატავს სტრესს და მას შეიძლება სჭირდებოდეს სანდო გარემო იმისთვის, რომ ღიად ისაუბროს ამა თუ იმ პრობლემაზე.

2002 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ოჯახებთან  ჩატარებული ერთი ერთი კვლევის თანახმად, 40 % მშობელები ამბობდნენ რომ მათი შვილის სპეციალური საჭიროებები სწორედ საბავშვო ბაღის აღმზრდელმა/სპეც პედაგოგმა აღმოაჩინა.

ბავშვებისთვის გაჯეტების გამოყენება მართლა ასეთი საშიშია, მართლა აფერხებს განვითარებას?

21-ე საუკუნეში გაჯეტებთან ურთიერთობის კონტროლი საკმაოდ რთულია. თუმცა 3 წლამდე ასაკის ბავშვთან გაჯეტის მაქსიმალურად აკრძალვა აუცილებელია, სამწუხაროდ გავრცელებული ფაქტია  გაჯეტის ან ტელევიზორი გამოყენება კვების დროს. აქ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ მოდელს, ნიმუშს ვაძლევთ ბავშვს, უფროსები რა სიხშირით მოვიხმართ სხვადასხვა მოწყობილობას. გამოვრთოთ ტელევიზორი ან კომპიუტერი თუ არ ვუყურებთ, რადგან ფონური ხმები ხელს უშლის მეტყველების აღქმასა და კონცენტრირებაში და აღაგზნებს ფსიქიკას.  უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ბუნებრივ კომუნიკაციას და ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია.

რას ურჩევდით მშობლებს?

ვიყოთ გულისხმიერი კომუნიკაციური პარტნიორი,ჩვილობის ასაკიდან , აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ კომუნიკაციის სიგნალებს, რატომ ტირის, რატომ იცინის და მოვახდინოთ რეაგირება, მოვუსმინოთ ჩვენს შვილებს, დავამყაროთ თვალებით კონტაქტი, ბოლომდე დავასრულებინოთ სათქმელი და ა.შ  . . რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღოთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან, თავისი უნიკალური თვისებებით. დავუკვირდეთ ჩვენს ქმედებებს, როგორ მაგალითს ვაძლევთ ჩვენს შვილებს?  რადგან ხშირად ისეთ რაღაცებს ვითხოვთ ბავშვებისგან, რომელთა გაკეთებაც თავადაც გვიჭირს. მაგალითად, შეიძლება არ მოგვწონდეს, რომ ჩვენი შვილი ყვირის და ამ დროს ჩვენც ვყვიროდეთ გაბრაზებისას, ამიტომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია,ჯერ  ჩვენ გავიზარდოთ.

ყველა თავდაჯერებული და ლაღი ბავშვის უკან დგას მშობელი, რომელსაც თავისი შვილის სჯერა და  უპირობოდ უყვარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები