LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ჩიყვზე – ექიმი/ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის სიმპტომებზე

5824
შოთა ჯანჯღავა

რა სიმპტომები აქვს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას და როგორ უნდა ვიმოქმედოთ – ცნობილი ექიმი-ენდოკრინოლოგი, შოთა ჯანჯღავა მოქალაქეებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს.

ენდოკრინოლოგის ვიდეომიმართვას ტელეწამყვანი ხატია შამუგია „ინსტაგრამის“ გვერდზე აქვეყნებს.

შეკითხვაზე – არის თუ არა უფრო საშიში და მომწამვლელი პატარა ჩიყვი, ვიდრე გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი – შოთა ჯანჯღავა აღნიშნავს:

„რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩიყვის გადიდება და დაპატარავება შეიძლება ფუნქციასთან საერთოდ არ იყოს კავშირში, რადგან იოდდეფიციტის დროსაც შეიძლება იყოს გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი, მაგრამ ფუნქციაშენარჩუნებული, ან ტოქსიკური ჩიყვი იყოს როგორც გადიდებით, ასევე ნორმალური ზომით.

უნდა გავყოთ ჰორმონალური პათოლოგია და სტრუქტურული პათოლოგია, შეიძლება ეს ორივე შერწყმული იყოს, მაგრამ შეიძლება იყოს დამოუკიდებლად. ამიტომ, თუ ვაკეთებთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევას, ჰორმონები ცალკე უნდა შევამოწმოთ და ულტრაბგერითი კვლევა ცალკე. ნუ დავყოფთ ასე, რომ ერთი უფრო საშიშია და მეორე ნაკლებ საშიში. ორივე საყურადღებოა, გააჩნია პაციენტის ზოგად და საერთო მდგომარეობას.

სტრუქტურული პათოლოგიების დროს ძირითადად დაკვირვებაა საჭირო, ჰორმონალური პათოლოგიის დროს კი მედიკამენტოზურად ჩარევა.

ზოგადი სიმპტომებია – სისუსტე, დაღლა, უენერგიობა, მოთენთილობა, ტახიკარდია, ემოციური ფონის ცვალებადობა, ბრადიკარდია, ტემპერატურის მგრძნობელობის ცვალებადობა, თმის ცვენა, კანის სტრუქტურის ცვალებადობა.

განსაკუთრებული სიმპტომი თუ გვახასიათებს, აუცილებლად, პირველად, ფარისებრი ჯირკვალი უნდა შემოწმდეს.

კვლევის ჩატარება, ძირითადად, წელიწადში ერთხელ არის მოცემული, თუ პირველი სამი წლის განმავლობაში ულტრაბგერაც და ანალიზებიც ნორმის ფარგლებშია, შემდგომ კვლევები 2-3 წელიწადში ერთხელ სრულიად საკმარისია“, – ამბობს შოთა ჯანჯღავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g