LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამოვიცნოთ ბრონქიტი და როგორ ვუმკურნალოთ მას? – ინტერვიუ თოდუას კლინიკის ექიმთან

1444
ds

ბრონქიტი სასუნთქი გზების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ავადობის სიხშირე განსაკუთრებით მაღალია წელიწადის ცივ პერიოდში, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ბრონქიტის სიმპტომების ამოცნობა, რათა დროული და სწორი მკურნალობით თავიდან ავიცილოთ დაავადების გართულება.

ბრონქიტის რა ფორმები არსებობს? როგორია მისი კლინიკური ნიშნები? როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას? – ამ და სხვა მნიშვნელოვანი კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის თერაპევტს, მაკა ღუჭაშვილს მივმართეთ.

რა არის ბრონქიტი და რა იწვევს მას?

ბრონქიტი არის ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება. ბრონქები არის ჰაერგამტარი გზა ფილტვებამდე. ანთების დროს მათი შიგნითა ლორწოვანი გარსი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ლორწოს და წარმოიქმნება ნახველი. ბრონქიტის რამდენიმე ფორმა არსებობს, თუმცა, შეგვიძლია ორი ძირითადი ჯგუფი გამოვყოთ – მწვავე და ქრონიკული. მწვავე ბრონქიტის ხანგრძლივობა, როგორც წესი, 7-10 დღეა. თუ ჩივილები ხანგრძლივდება და თვეობით და წლობით გრძელდება, მაშინ შეიძლება პაციენტს ქრონიკული ბრონქიტის დიაგნოზი დაესვას.

ბრონქიტის გამომწვევი მიზეზებია: რესპირატორული ვირუსული ინფექციები, ბაქტერიები, ტოქსინები, ალერგენები და ა.შ. მისი პროვოცირება, ასევე, შეიძლება მოახდინოს ჰაერში არსებულმა მტვერმა და თამბაქომ. ეს განსაკუთრებით ეხებათ მათ, ვისაც ქრონიკული ბრონქიტი აქვთ, ამიტომ ისინი მუდმივად უნდა ცდილობდნენ, ამ ტიპის გამღიზიანებლების თავიდან არიდებას.

ვინ მიეკუთვნება ბრონქიტის განვითარების რისკ-ჯგუფს?

მწვავე ბრონქიტი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ საყურადღებოა ძირითადად 3 წლამდე ასაკის ბავშვები და 65-70 წელს გადაცილებული პაციენტები. ქრონიკული ბრონქიტის განვითარების რისკ-ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ სასუნთქი გზების მრავლობითი ინფექციები, აქვთ მაღალი მგრძნობელობა ალერგენებზე, ქიმიურ ნივთიერებებზე, მტვერზე და რომლებიც დაავადებული არიან ბრონქული ასთმით, არიან მწეველები, აქვთ რეფლუქს- ეზოფაგიტი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები და ა.შ.

როგორია ბრონქიტის სიმპტომები და როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

ბრონქიტის სიმპტომებია ზოგადი სისუსტე, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედილობა, გამონადენი ცხვირიდან, მშრალი ხველა, რომელიც რამდენიმე დღეში შეიძლება გახდეს სველი და ინტენსიური. თუ ხველა ძლიერია და სპაზმური ანუ შეტევითი ხასიათის, შეიძლება დაიძაბოს გულმკერდის კუნთები და პაციენტს ჰქონდეს ტკივილი გულმკერდის არეში. ბრონქიტს, ასევე, ახასიათებს ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი ან მსტვინავი ხასიათის სუნთქვა და სხვა.

ექიმთან ვიზიტი აუცილებელი ხდება მაშინ, როცა ტემპერატურის მატება არის 38 და მეტი და გრძელდება სამ დღეზე მეტხანს ან არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს. ასევე, თუ მკვეთრადაა გამოხატული სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, გულმკერდის არეში ტკივილი არის ძლიერი და შემაწუხებელი, ნახველი არის უხვი, მომწვანო, მოყვითალო ან სისხლის მინარევიანი და თუ ხველა 3 კვირაზე მეტხანს გრძელდება.

როგორ ხდება ბრონქიტის  დიაგნოზის დასმა და მისი მკურნალობა?

დაავადების დიაგნოსტიკა ტარდება კლინიკური ნიშნების საფუძველზე, პირველ რიგში, ექიმი პაციენტის ჩივილებს ისმენს და ხდება პაციენტის გასინჯვა, ფილტვების აუსკულტაცია. შემდეგ კი, საჭიროების მიხედვით, ნიშნავს ლაბორატორიულ და ინსტრუმენტული კვლევებს, რათა ბრონქიტის ტიპი და ხასიათი განსაზღვროს.

მკურნალობა კი გამღიზიანებელი ფაქტორების თავიდან არიდებით იწყება, აუცილებელია, პაციენტი იყოს სუფთა, ჟანგბადით გამდიდრებულ ჰაერზე და მიიღოს ბევრი სითხე. თუ ხველა მშრალი და შემაწუხებელია, ინიშნება ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა, აუცილებლად ხველის ტიპის გათვალისწინებით. მაღალი სიცხის დროს კი ინიშნება სიცხის დამწევები. გასათვალისწინებელია, რომ პაციენტმა მედიკამენტები თვითნებურად არ მიიღოს და დანიშნულებისთვის ექიმს მიმართოს.

პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბრონქიტის დროული მკურნალობა აუცილებელია, რადგან ის შეიძლება გართულდეს და დაერთოს ბაქტერიული ინფექცია, ფილტვების ანთება ანუ პნევმონია, ქრონიკული დაავადების მატარებლებს კი გაუმწვავდეთ ძირითადი დაავადება. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g