რატი დურგლიშვილი ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება, ახლხან შეცვალა კვების რაციონიც. ვარჯიში სულ იყო მისი ცხოვრების თანამგზავრი, თუმცა უწესრიგო კვების შედეგად, ბოლო პერიოდი მომატებულ კილოგრამებთან ბრძოლა გადაწყვიტა. რატი fortuna.ge-ს უმხელს, როგორ მიაღწია დაკლებულ 8 კილოგრამს.
რატი დურგლიშვილი:
ბოლო პერიოდში დავიკელი 8 კილო. ჩემი ორგანიზმი იმდენად მაქვს შესწავლილი, რომ გამოცდილი მაქვს, რა მუშაობს ჩემზე კარგად. მაგალითად, თუ მინდა, უცებ დავიკლო და ვიყო ჯანმრთელად, ტუნას ვურევ წიწიბურაში და რასაც დილას საუზმეზე მივირთმევდი, პორციას ვგულისხმობ, იმავე რაოდენობას ვანაწილებ მთელ დღეზე. ერთ თვეში დავიკელი 7-8 კილო.
რატომ დადგა ამის საჭიროება?
ხომ იცი, ჩვენი სუფრა როგორი მდიდარია (იღიმის)? ჩემი თავი არ მომწონდა. ჯანმრთელობის მხრივაც, მათ შორის, შევნელდი. დარბაზშიც რომ დავდიოდი, ადრე რა კილოგრამებზეც ვვარჯიშობდი, იმას ვეღარ ვწევდი. თანაც, ასაკი მემატება და ყველას ვურჩევ, რომ ასაკში განსაკუთრებულად მიაქციონ ყურადღება. სამწუხაროდ, მე ხშირად მიწევს გარეთ კვება, მათ შორის, „ფასთ ფუდითაც“ და ამან მომამატებინა. ახლა ან სახლში ვიმზადებ, ან მარკეტში ვყიდულობ შესაბამის საკვებს. ზოგჯერ მანქანაში ვაზავებ ხოლმე წიწიბურას და ტუნას, შუქნიშანზე. ყველაზე მთავარი მაინც ყოფილა ინტერვალებით კვება, კონკრეტულ საათებზე. კიდევ მინდა, რომ დავიკლო. 75 კილოგრამზე უნდა ჩამოვიდე, რა გარდერობიც მაქვს, ვეღარაფერს ვიცვამ. ერთი და იმავე სამოსით დავდივარ.
ასაკი ახსენე და ეს გაღელვებს?
უბრალოდ, იმიტომ ვთქვი, რომ ორგანიზმში იცვლება რაღაცები, თორემ ისე – ნაკლებად ვგრძნობ, ისევ ძველებურად ვარ.
სულ ვარჯიშობ ხომ?
ვარჯიში ჩემს ცხოვრებაში სულ არის, თუმცა ახალი წლის პერიოდში დიდხნიანი პაუზა მქონდა და კი მაქვს მუცელი ორსული ქალბატონივით (იცინის).
წყალს რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში?
მინიმუმ ერთ ლიტრს ყოველდღიურად ვსვამ. საზოგადოებასაც ვურჩევ, რომც არ უყვარდეთ, მაინც მიიღონ.
