LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაიკლო წონაში სწრაფად მშობიარობის შემდეგ თაკო საზინამ: „დედობამ ძალიან ემოციური გამხადა… მატილდას დატოვება ძალიან არ მიყვარს…“

240
თაკო

ბლოგერი და ინფლუენსერი თაკო საზინა, რომლის რჩევებსაც თავის მოვლის სფეროში უამრავი ქალბატონი ითვალისწინებს, ახლახან დედა გახდა. როგორც თავად ამბობს, მისთვის ეს პერიოდი საკმაოდ ემოციურია და მატილდასთან დაკავშირებით მცირე დეტალებსაც კი განიცდის… როგორ და რა მიზეზით ჩადგა კარგ ფორმაში მშობიარობიდან მალევე, როგორი დედაა და რა შეცვალა თავის მოვლის რუტინაში მას შემდეგ, რაც 30 წელს გადააბიჯა, fortuna.ge-ს უმხელს.

თაკო, ახლახან 32 წელი შეგისრულდათ. ცხოვრების ამ ეტაპზე რა არის თქვენთვის პრიორიტეტული?

30 წელი ბავშვობაში დიდი ასაკი მეგონა. რომ გავიგებდი, 30 წლის გახდა, მეგონა, დიდ ქალზე საუბრობდნენ. როცა მეც მივუახლოვდი 30-იანებს, ასე ვთქვათ და გადავაბიჯე, თითქოს ძალიან გავიზარდე. მეორე მხრივ კი, მიმაჩნია, რომ იდეალური ასაკია, პიროვნულად ჩამოყალიბებული ხარ და რეალიზებული პროფესიული თვალსაზრისითაც. წლვანდელი წელი განსხვავებულია იმით, რომ დედა ვარ და ეს იყო ჩემი პირველი დაბადების დღე დედის ამპლუაში. თუ აქამდე ჩემი პრიორიტეტი იყო ჩემი მეუღლე და კარიერა, პირველ ადგილზე დადგა ბავშვი, მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა და მასთან ხარისხიანად გატარებული დრო. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ორი თვის იყო, როცა გავედი სამსახურში და დავიწყე ჩემი საქმიანობა. კარიერის მხრივ არაფერი შემცვლია, პირიქით, კიდევ უფრო აქტიური გავხდი და მეტი მონდომებითა და ენთუზიაზმით ვმუშაობ.

დედობა დიდ მოტივაციას მაძლევს. კარგია, როცა დედა ბავშვთან ერთად ბევრ დროს ატარებს, მაგრამ მეორე მხრივ, რეალიზებული დედა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, მაგალითია მისთვის. ჩემს საქმიანობას და შრომას ვუყურებ ასე – რომ ყველაფერს მატილდას კეთილდღეობისთვის ვაკეთებ…

მას შემდეგ, რაც 30 წელს გადააბიჯეთ, თქვენი თავის მოვლის რუტინაში რამე თუ შეიცვალა და რას აქცევთ უფრო მეტ ყურადღებას?

რაც შეეხება რუტინას – ყველაფერს ძველებურად ვეღარ ვახერხებ, მაგრამ მაინც მიწევს, რადგან ჩემს საქმიანობას უკავშირდება. თუ მაკიაჟს ვიკეთებ, ამას მაინც ვიღებ, რადგან ეს ჩემი საქმიანობის ნაწილია. მინდა თუ არა, ეს ისედაც უნდა მოხდეს, სამსახურია, მაგრამ ახლა უკვე არის შემთხვევები, რომ დამიძინია ისე, სახეც კი არ დამიბანია, ისეთი დაღლილი და გამოფიტული ვიყავი. ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მაკიაჟის მოშორების გარეშე დავიძინებდი, მაგრამ როცა დედა ხარ, ძალიან ბევრი რამ იცვლება (იღიმის).

ეს თემა გავაგრძელოთ, კიდევ რა თვისებები აღმოაჩინეთ თქვენში, რაც დედა გახდით?

აღმოვაჩინე ის, რომ ძალიან ემოციური და ცოტა არ იყოს, პანიკიორი დედა ვარ. როცა მეკითხებიან, როგორ გახდი ასე მალეო, ესეც ჩემი ემოციურობის ბრალია. როცა მატილდას ჰქონდა კოლიტების პერიოდი, რაც ყველა ბავშვს აქვს და ბუნებრივია, იქით გულწასული ვეგდე და საჭმელი ვის ახსოვდა საერთოდ. ეს, ალბათ, მაშინ ხდება, როცა ქალი პირველად ხდება დედა. ბავშვის ერთადერთი საკომუნიკაცი ენაა ტირილი, ასე გაგებინებს, რა უნდა, მაგრამ ძალიან ემოიცურად ვუდგებოდი ამ ყველაფერს და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ძალიან მალე ჩავდექი ფორმაში.

მეუღლესთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა მას შემდეგ, რაც შვილი გაგიჩნდათ? გაქვთ დრო პაემნებისთვის? ერთმანეთს საჩუქრებს თუ ჩუქნით?

რა თქმა უნდა, ისე ხშირად ვეღარ ვახერხებთ ქალაქგარეთ გასვლას. ძალიან არ მიყვარს მატილდას დატოვება ღამით, თუ რამე მნიშვნელოვანი არ ხდება. მატილდა ჯერ პატარაა და მის წაყვანას დიდ გზაზე ვერ ვახერხებთ. თბილისში ვცდილობთ ხოლმე სადმე გასვლას, პატარ-პატარა პაემნებს ვაწყობთ, მაგრამ ეს ძველებური სიხშირით ვეღარ ხდება, რაც, რა თქმა უნდა, ლოგიკურია. ვიცი, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. როცა მატილდა წამოიზრდება, ეს ყველაფერი შეიცვლება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ხელშეწყობა გვაქვს დედაჩემისა და თორნიკეს დედისგან, რომლებიც ყოველთვის დაუზარელად იტოვებენ ბავშვს და თან, ძალიან იმედიანად ვართ, როცა ბავშვი ბებოებთან არის. ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა. ასეთ დროს ვაწყობთ პაემნებს და ვაახლებთ ჩვენს ურთიერთობას.

სიურპრიზები არის, რაც ძალიან გვიყვარს. დაბადების დღესა თუ ახალ წელს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის გახარება. ვცდილობთ, გამოვიცნოთ ერთმანეთის სურვილები და ვაჩუქოთ ის, რაც ნამდვილად გვჭირდება…


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g