LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავადგინოთ, რაზე გვაქვს ალერგია და როგორ ვუშველოთ ალერგიულ რინიტს – მადონა დევიძის რეკომენდაციები

136
მადონა-დევიძე

როგორ გავარჩიოთ ალერგიული რინიტი ვირუსულისგან, როგორ ხდება ალერგიული რინიტის დიაგნოსტირება, როგორ ავირიდოთ თავიდან მედიკამენტური რინიტის ჩამოყალიბება, რამდენად ეფექტურია იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებები რინიტთან მიმართებაში, როდის ინიშნება ანტიჰისტამინური და ჰორმონალური პრეპარატები და რა როლი აქვთ მათ მკურნალობის პროცესში, ალერგიული რინიტის დროს რამდენად არის მოწოდებული იმუნოთერაპია – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა – მადონა დევიძემ ისაუბრა.

ქალბატონო მადონა, როგორ გავარჩიოთ ალერგიული რინიტი ვირუსულისგან?

ალერგიული, ვირუსული და ინფექციური რინიტი სიმპტომებით ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ძალიან ჰგავს, ამიტომ პაციენტებს ხშირად უჭირთ მათი გარჩევა.

ალერგიული რინიტი ქრონიკული დაავადებაა, შესაბამისად, მისი სიმპტომები ხანგრძლივი და ძალიან ხშირად განმეორებადია. ვირუსული თუ ნებისმიერი სხვა ინფექცია ხანმოკლეა და როგორც წესი, სიმპტომები 3-5 დღეში ლაგდება.

თუ ჩვენ რინიტის სიმპტომები 10 დღეზე მეტხანს, კვირების განმავლობაში გაგვიხანგრძლივდა, უკვე შეიძლება, რომ ეჭვი ალერგიული რინიტის არსებობაზე მივიტანოთ. აქ პატარა მინიშნებები სიმპტომების სახითაც გვაქვს. ალერგიული რინიტი ჩვენ არასდროს გვხვდება ტემპერატურის მატებასთან ერთად. თუ რინიტს თან ახლავს ტემპერატურის მატება, ეს მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, საქმე ინფექციასთან გვქონდეს, ასევე შესაძლოა ისიც, რომ ალერგიულ რინიტს  თან რაიმე სახის ვირუსული ან ინფექციური გართულება ერთოდეს. ალერგიულ რინიტს ახასიათებს მრავალჯერადი ცემინება, ერთმანეთზე მიყოლებით, გადაბმულად, მას ასევე ახასიათებს უხვი წყლისებრი გამონადენი ცხვირიდან. ინფექციური რინიტის დროს გამონადენი უფრო ბლანტია და ამ დროს, შესაძლოა, რომ გამონადენმა ფერიც კი შეიცვალოს და უფრო ყვითელი ან მომწვანო გახდეს. ინფექციური და ალერგიული რინიტის ძირითადი განსხვავებები ასეთი გახლავთ.

ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს უბრალოდ ცხვირი აქვთ გაჭედილი, რაც თავის მხრივ ხელს უშლით სუნთქვაში, თუმცა მათ არ აღენიშნებათ გამონადენი, ზოგჯერ კი სახეზეა უბრალოდ გამონადენი. ამ ორი შემთხვევიდან რომელი შეიძლება კვალიფიცირდეს ალერგიულ რინიტად?

ცხვირის გაჭედილობა და გამონადენი  ერთი და იგივე პროცესის სხვადასხვა სიმპტომები გახლავთ. როდესაც სისხლძარღვების გაფართოება ხდება, ეს ასეთი ტიპის სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს. ორივე სიმპტომი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ერთი და იგივე დაავადების დროს, მონაცვლეობით ყველა ეს სიმპტომი შეიძლება ჰქონდეს პაციენტს, ანუ შესაძლოა, ხან გაჭედილი ცხვირი იყოს და ხან გამონადენი.

თვითონ ალერგიულ რინიტს არ განსაზღვრავს ამ სიმპტომების არსებობა ან არ არსებობა. ალერგიული რინიტი განისაზღვრება იმით, თუ ჩვენ ვადგენთ, რომ ამ რინიტის მიზეზი ალერგიაა. ინფექციურია, თუ რინიტის მიზეზი ინფექციაა. ამას არ ვადგენთ სიმპტომურად. ნებისმიერი სხვადასხვა ტიპის რინიტი სიმპტომურად სადიაგნოსტიკოდ რთული იმიტომ არის, რომ მათი სიმპტომები თითქმის ერთნაირად გამოიხატება.

როგორც აღნიშნეთ, ვირუსული რინიტის დროს ცხვირის გაჭედვა ან ცხვირიდან გამონადენი მცირე დროით გრძელდება, თუმცა როგორც წესი, აღნიშნული პრობლემის დროს პაციენტები თვითნებურად იწყებენ ცხვირის გამხსნელი პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც თავის მხრივ დამოკიდებულებას იწვევენ. ამის შემდეგ კი სიმპტომატიკა ისე ხანგრძლივდება, რომ ვეღარ ვხვდებით, ვირუსული რინიტი რაიმე ტიპის შეჩვევაში გადავიდა თუ ამ ყველაფერს ალერგიული რინიტი მიება და ა.შ. როგორ უნდა შევარჩიოთ მედიკამენტი სწორად, რომ არ ჩამოყალიბდეს ზემოთ აღნიშნული ტიპის შეჩვევა და არ მივიღოთ მედიკამენტური რინიტი?

უნდა აღვნიშნო, რომ ცხვირის გამხსნელი საშუალებები არ შეიძლება, რომ 5-7 დღეზე მეტხანს იყოს დანიშნული, რადგან ისინი შემდგომ თავად იწვევენ ცხვირის გაჭედილობას და პაციენტი ასეთ მანკიერ წრეში ხვდება, ის ჩაიწვეთებს ცხვირის გამხსნელს, ცოტა ხანში ცხვირი გაიხსნება, შემდეგ, რამდენიმე საათში ისევ ჩაიკეტება და ამის გამო მას ისევ სჭირდება ცხვირის გამხსნელი საშუალების გამოყენება და პაციენტი ექიმის დახმარების გარეშე ვეღარ ახერხებს ამ წრიდან გამოსვლას. ცხვირის გამხსნელი საშუალებების 5-7 დღეზე მეტხანს გამოყენება საშიშია, რადგან ისინი იწვევენ დამოკიდებულებას, ცხვირის ლორწოვანის ატროფიას, ყნოსვის დაკარგვას, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, იწვევენ გარკვეულ დარღვევებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

ცხვირის გამხსნელის მცირე დროით, 3-5 დღით გამოყენება ყველა პაციენტს შეუძლია. თუ რომელ გამხსნელს გამოიყენებს პაციენტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ხანგრძლივად არ გამოიყენოს.

შეგიძლიათ გვირჩიოთ, თუ როგორ მოვახერხოთ, რომ 3-5 დღეზე მეტხანს არ გამოვიყენოთ ცხვირის გამხსნელი საშუალებები, თქვენი რეკომენდაციით, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის შემსუბუქება?

ერთადერთი, რაც პაციენტს შეგვიძლია ვურჩიოთ, ეს არის ცხვირის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით. ეს გამორეცხვა პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს იმისთვის, რომ შვება იგრძნოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხშირი გამორეცხვაც უკვე იწვევს გართულებას, მან შეიძლება, ყურის მხრივ,  ოტიტი გამოიწვიოს.

ზოგადად, თუ ჩივილები 5-7 დღეზე მეტხანს გრძელდება, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რადგან სავარაუდოდ, იქ საქმე გვაქვს სინუსიტთან, რაიმე ისეთ გართულებასთან, რასაც პაციენტი თავად ვერ გაუმკლავდება. ასეთ დროს, შესაძლოა, საჭირო იყოს უკვე რენტგენოგრაფია, ანტიბიოტიკი და ა.შ.

რინიტის დროს, ღამე კიდევ ერთ პრობლემას ვაწყდებით ხოლმე, რადგან გადანადენი ცხვირიდან იწვევს ხველას. ხველას, რომელიც ამ ტიპის რინიტით არის გამოწვეული, შესაძლოა, რომ ალერგიული ვუწოდოთ?

არა, ამ ხველას ალერგიულს ვერ ვუწოდებთ, რადგან ეს არ არის ალერგიული მიზეზით გამოწვეული, ეს არის გამოწვეული იმის გამო, რომ ეს ლორწო ჩაედინება უკან და იწყებს სასუნთქი გზების გაღიზიანებას.

ანუ ერთადერთი გამოსავალი ასეთი ხველის შესამცირებლად თავად რინიტის მკურნალობაა?

დიახ, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვუმკურნალოთ ცხვირს. ცხვირის ღრუში უნდა შემცირდეს ის შეშუპება, რის გამოც ანატომიურად ვეღარ ხდება ლორწოს წინ გამოდინება და ხდება, პირიქით, უკან ჩადინება. როდესაც ჩვენ ამას ვუმკურნალებთ, ხველის მიზეზიც აღარ გვექნება და შესაბამისად, ხველაც ალაგდება.

ქალბატონო მადონა, ექიმებს ძალიან არ უყვართ საუბარი იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებზე და ისინი ხშირად ამბობენ, რომ ეს არ არის მოწოდებული წამყვანი გაიდლაინებით და რომ ჩვენ არ გაგვაჩნია, რაიმე ტიპის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იმუნიტეტის ასამაღლებელ რომელიმე პრეპარატს მტკიცედ აქვს რაიმე ტიპის ეფექტი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ამბობს, რომ ასეთი ტიპის მედიკამენტების მიღების შემდეგ, მათ ავადობის სიხშირე შეუმცირდათ. როგორია თქვენი დაკვირვება ამ მიმართულებით და გასცემდით თუ არა ამ ტიპის რეკომენდაციას, იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც სეზონის დადგომისთანავე განიცდიან შემდეგ ჩივილებს, რინიტს და ხველას, მათ შორის, ალერგიულს?

ალერგიული რინიტის მქონე პაციენტის შემთხვევაში, მექანიზმი მისი რინიტის გამოვლინების აბსოლუტურად სხვაა. მას აქვს დამნაშავე ალერგენი, იქნება ეს მცენარეული ალერგენი, მტვრისმიერი ალერგენი თუ სხვა, ამიტომ ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, თუნდაც ნებადართული იმუნიტეტის ასამაღლებელი მედიკამენტების მიღება, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას დაეხმარება, მაგრამ ალერგენზე გავლენას ხომ ვერ შეამცირებს?! შესაბამისად, თუ პაციენტი კონკრეტული რაიმე ალერგენის მიმართ არის ალერგიული და ის მოხვდება ამ ალერგენთან კავშირში, მას მაინც დაეწყება ალერგიული რინიტის სიმპტომები, ამიტომ ჩვენ ალერგიული რინიტის მართვაში, ასე პირდაპირ იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალებები ვერ დაგვეხმარება. ჩვენ შეგვიძლია, ალერგიული რინიტი დამოუკიდებლად, იმ პრეპარატებით ვმართოთ, რაც ამ შემთხვევაშია მოწოდებული და პარალელურად ჩავრთოთ ეს იმუნიტეტის ასამაღლებელი ნებადართული პრეპარატები, ბუნებრივი და არა ძლიერი, თუმცა ეს როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ ზოგად მდგომარეობას გაგვიუმჯობესებს.

პაციენტები შემაწუხებელი რინიტის დროს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა არ იციან, ეს ალერგიულია, ვირუსული თუ ინფექციური, იღებენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს. რინიტის დროს, რა არის ის მთავარი პირობა, რა დროსაც შეიძლება, რომ ანტიჰისტამინები, როგორც სამკურნალო პრეპარატები დაინიშნოს, როდის უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და შეიძლება თუ არა, რომ ცხვირის გამხსნელი მედიკამენტების მსგავსად, თვითნებურად რამდენიმე დღე მაინც მივიღოთ ისინი?

ანტიჰისტამინური საშუალება არის ერთ-ერთი პირველი რიგის პრეპარატი, რომელიც ალერგიული რინიტის დროს ინიშნება, წამყვანი გაიდლაინებით ის ერთ-ერთი წამყვანი პრეპარატია ასეთ დროს, თუმცა ხშირად, ალერგიული რინიტის დროს, შეიძლება, რომ მხოლოდ ანტიჰისტამინური პრეპარატები საკმარისი არ იყოს და გვჭირდებოდეს, რომ დამატებით გამოვიყენოთ ნაზალური სპრეები და სხვა ჯგუფის პრეპარატები.

არაალერგიული რინიტის შემთხვევაში ანტიჰისტამინები დიდად ვერ დაგვეხმარება, თუმცა იმის გამო, რომ ანტიჰისტამინურ პრეპარატს გააჩნია დეკონგესტანტური მოქმედებაც, ანუ შესაძლოა, რომ ცხვირი გახსნას, გარკვეულ წილად, შესაძლოა, რომ პაციენტებმა შველა იგრძნონ.

თუ ახალი თაობის, არასედაციურ ანტიჰისტამინურ საშუალებას პაციენტი რამდენიმე დღით მიიღებს და ამით შვებას იგრძნობს, არაფერი დაშავდება და ეს აბსოლუტურად მისაღებია.

ვიცით, რომ ხველის და ალერგიული რინიტის დროს, მწვავე სიმპტომატიკის კუპირებაში გადამწყვეტი როლი აქვთ ჰორმონებს. რა დროს იღებთ ამ ტიპის პრეპარატების გამოყენების გადაწყვეტილებას?

ადგილობრივი ჰორმონალური საშუალებები ალერგიული რინიტის შემთხვევაში ოქროს სტანდარტის მკურნალობაა. ეს არის ძალიან საჭირო პრეპარატები, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან ალერგიული რინიტის მართვაში. როდესაც ანტიჰისტამინური მედიკამენტი აღარ არის საკმარისი იმისთვის,  რომ პაციენტს ბოლომდე მოეხსნას სიმპტომები, უკვე  ადგილობრივ ჰორმონალურ სპრეებს ვრთავთ. ის შიშები, რაც საზოგადოებას თვითონ უშუალოდ ჰორმონთან დაკავშირებით გააჩნია, არანაირად არ მიესადაგება ამ ტიპის პრეპარატებს, რადგან ადგილობრივი ჰორმონალური საშუალებები ფაქტობრივად არ შეიწოვება სისხლით და მოქმედებს მხოლოდ იქ, სადაც არის სამიზნე ორგანო და სადაც არის საჭიროება. შესაბამისად, რადგანაც ჩვენ სპრეების სახით გამოვიყენებთ ჰორმონალურ საშუალებებს, ის მხოლოდ ცხვირის ღრუში, დაზიანების, ანთების ადგილას იმოქმედებს, ამიტომ შეგვიძლია, თამამად გამოვიყენოთ ისინი, ოღონდ, რა საკვირველია, ექიმის დანიშნულებით.

იგივე შეგიძლიათ თქვათ საინჰალაციო ჰორმონალურ საშუალებებზე თუ აქ სხვა სქემა მოქმედებს?

საინჰალაციო საშუალებებზეც თითქმის იგივე შეგვიძლია ვთქვათ, ისინიც ტოპიკურად, ადგილობრივად მოქმედებენ. მთელი ამ ბოლო, დაახლოებით 20 წლის მიღწევა ის არის, რომ მაქსიმალურად მცირდება ამ პრეპარატების სისხლში გადასვლა და სისტემური მოქმედება. თანამედროვე პრეპარატები ამის საშუალებას იძლევიან, ამიტომ ისინი შეგვიძლია იმ შიშის გარეშე გამოვიყენოთ, რაც სიტყვა ჰორმონს ახლავს თან თავისი გვერდითი ეფექტებიდან გამომდინარე. განვითარების ჩამორჩენა იქნება ეს თუ რაიმე სხვა ტიპის გვერდითი მოვლენები, ისინი თანამედროვე პრეპარატებს არ გააჩნიათ.

ალერგიული რინიტის დროს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ღამით განსაკუთრებით შემაწუხებელია ხოლმე, რა ტიპის რეკომენდაცია შეგიძლიათ მისცეთ ასეთ დროს პაციენტებს?

ალერგიული რინიტი უმრავლეს შემთხვევაში იმდენად კარგად იმართება, რომ პაციენტები თავად არიან ხოლმე გაოცებულნი. მათ დანიშნულების მიცემიდან თითქმის 24 საათში უქრებათ სიმპტომები. მთავარი გასაღები სწორი დანიშნულებაა.

თუ ჩვენ გვაქვს ალერგიული რინიტი დადგენილი ალერგენით, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე შეგვიძლია, პაციენტს დამატებით ვურჩიოთ, რომ ეს ალერგენები აირიდოს. ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირია ხოლმე მტვრისმიერი ალერგია. თუ პაციენტს მტვერზე აქვს ალერგია, ვურჩევთ, რომ სველი წესით დაალაგოს ოთახი და ძილის წინ გაანიავოს. თუ მცენარეულ ალერგიასთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში, პირიქით, ფანჯრების დახურვას ვურჩევთ და გაზაფხულზე, ზაფხულში, მაშინ, როცა ეს მცენარეები ყვავიან, ოთახის კონდიციონერის მეშვეობით გაგრილებას ვურჩევთ, რომ არ მოხდეს ალერგენების გარედან სახლში შემოტანა.

ხშირად ღამე ალერგიის გართულებას შესაძლოა მატყლი ან ბუმბული იწვევდეს.

როგორ ხდება ალერგიული რინიტის დიაგნოსტირება?

პირველ რიგში, სწორად შეკრებილი ანამნეზი არის წარმატებული დიაგნოზის ძალიან დიდი ნაწილი. პაციენტს ვეკითხებით, თუ რამდენი ხანია, რაც მისი რინიტის სიმპტომები გრძელდება, თუ რა უმწვავებს რინიტს, თუ რომელ ალერგენზე შეგვიძლია მივიტანოთ ეჭვი, როგორი არის ცხვირიდან გამონადენი და ა.შ. ამ სწორად შეკრებილი ანამნეზის მიხედვით უკვე შეგვიძლია, რომ მიზანმიმართული კვლევა დავიწყოთ. თუ პაციენტი ამბობს, რომ მას რინიტის სიმპტომები მხოლოდ მაისის და ივნისის თვეში უმწვავდება, ჩვენ ეჭვს მცენარეულ ალერგენზე და იმ მცენარეთა ჯგუფზე მივიტანთ, რომლებიც დროის ამ მონაკვეთში ყვავიან და დავიწყებთ მიზანმიმართულ კვლევას ალერგენზე.

ალერგენებზე კვლევა ძირითადად 2 მეთოდით, კანის სინჯით ან ვენიდან აღებული სისხლის საშუალებით ხდება.

კანის სინჯი ეს არის უფრო მარტივი და უფრო დაბალბიუჯეტიანი კვლევა და პასუხიც უფრო სწრაფად გვაქვს, თუმცა კანის სინჯის გაკეთებასაც აქვს თავისი უკუჩვენებები. მაგალითისთვის, ჩვენ კანის სინჯს ვერ გავაკეთებთ მაშინ, როცა პაციენტს მწვავე სიმპტომები აქვს, როცა პაციენტი უკვე იღებს ანტიალერგიულ პრეპარატს, რადგან ეს პრეპარატები გავლენას ახდენენ კანის სინჯზე, ასევე თუ არის კანის დაზიანება, დერმატიტი.

კვლევის მეორე ვარიანტი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისხლის მეშვეობით ხდება. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ორივე მეთოდს ერთდროულად იყენებენ, რადგან ხშირად შეიძლება, რომ ერთ მონაცემში არ ჩანდეს პასუხი ან იმის გამო, რომ ერთი კვლევა მეორეს ამტკიცებდეს. თუ კვლევის რომელ მეთოდს ავირჩევთ, ამას პაციენტთან ვათანხმებთ. მაგალითად, თუ პაციენტი ანტიჰისტამინურ საშუალებას იღებს, ვეუბნებით, რომ ამ ეტაპზე კანის სინჯს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ შეგვიძლია, რომ სისხლით გავაკეთოთ კვლევა ან დაველოდოთ რამდენიმე კვირა და მკურნალობის დასრულების შემდეგ, როცა ანტიჰისტამინურ საშუალებას მოვხსნით, მერე გავაკეთოთ დიაგნოსტიკა. ეს ყველაფერი ხდება ინდივიდუალურად, პაციენტზე მორგებულად.

ალერგიული რინიტის დროს თუ არის მოწოდებული იმუნოთერაპია?

აუცილებლად მოწოდებულია.

რომ გავმიჯნოთ, ის მკურნალობა, რასაც ჩვენ სიმპტომების შესამცირებლად ვნიშნავთ, ძალიან ეფექტურია, მაგრამ როგორც კი მას ვხსნით, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, როცა პაციენტი ალერგენს კვალ ეჯახება, მას სიმპტომები ისევ უბრუნდება.

თუ მცენარეულ ალერგენზე გვაქვს საუბარი, რომელიც წელიწადის კონკრეტულ დროს იჩენს თავს, შეიძლება, პაციენტს ერჩივნოს, რომ იმ პერიოდში, 1-2 თვე იმკურნალოს და არ ჩაიტაროს იმუნოთერაპია. ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ როდესაც ჩვენ მტვერზე გვაქვს ალერგია და მუდმივად მტვრის ზემოქმედების ქვეშ ვართ, ამ შემთხვევაში პაციენტმა შეიძლება უფრო ადვილად გადაწყვიტოს იმუნოთერაპია, თუმცა ნებისმიერი ალერგენის შემთხვევაში იმუნოთერაპია ძალიან რეკომენდებულია. გაიდლაინში ასეთი ფრაზაც არის ჩაწერილი, რომ იმუნოთერაპია ეს არის შანსი, რომელიც ექიმმა არ უნდა დაუკარგოს პაციენტს, რადგან იმუნოთერაპია უშუალოდ მიზეზის წინააღმდეგ არის მიმართული და არა ამ მიზეზით გამოვლენილი სიმპტომების წინააღმდეგ. ჩვენ ძირშივე ვმკურნალობთ ალერგიის მიზეზს და ამიტომ ხშირად აღარ გვჭირდება სიმპტომებთან ბრძოლა და პაციენტს აღარ უწევს მუდმივად პრეპარატების მიღება. კი, შესაძლებელია, რაღაც სიმპტომები მაინც დარჩეს, მაგრამ ეს აღარ იქნება იმდენად შემაწუხებელი.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ალერგიული რინიტის წამყვან და მნიშვნელოვან გაიდლაინს „ალერგიული რინიტი და მისი გავლენა ასთმაზე“ ეწოდება. ალერგიული რინიტი ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმაზე, განვითარდება თუ არა ასთმა მომავალში. ხშირია ტენდენცია, როცა ხანგრძლივად ალერგიული რინიტის მქონე პაციენტს მომავალში ასთმა უვითარდება, რადგან ეს არის ერთი სასუნთქი სისტემა, ერთი ორგანო და როდესაც გავრცელდება ალერგენი, მან შეიძლება არ იკმაროს ცხვირის ღრუზე ზემოქმედება და უკვე ქვემოთ, ბრონქებში ჩავიდეს. შესაბამისად, ალერგიული რინიტის დროული მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმის გამო, რომ სამომავლოდ ასთმისგან დავიცვათ თავი.

ხალხურ მედიცინაში თუ არსებობს ისეთი მეთოდი, რომელიც, თქვენი დაკვირვებით, კარგად მუშაობს ალერგიული რინიტის და ალერგიული ხველის წინააღმდეგ?

რა თქმა უნდა, ახალი არ არის, რომ ჩვენ, ტრადიციული მედიცინის მიმდევრები მხოლოდ მტკიცებით მედიცინას, კვლევებს, მათ შედეგებს, გაიდლაინებს ვეყრდნობით, რადგან ჩვენთვის ეს არის სარწმუნო დოკუმენტი. არატრადიციულ მედიცინაში ჩვენ ასეთი კვლევის შედეგები არ გვაქვს. ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და მე არ ვამბობ, რომ რომელიმე ხალხური მეთოდი შეიძლება რომელიმე პაციენტს არ გამოადგეს, მაგრამ როგორც წესი, ერთს რომ ადგება, მეორეს საერთოდ არ შველის და ზოგჯერ პირიქით, უარესსაც უკეთებს. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ მე ამა თუ იმ ნაყენის გამოყენება მირჩიეს, რადგან ძალიან მოუხდათ და მეც გამოვიყენე და ძალიან მომიხდა, რადგან ეს ძალიან ინდივიდუალურია. ეს იმიტომ, რომ ყველა პაციენტის რინიტის მიზეზი განსხვავებულია. პაციენტმა სწორი მკურნალობისთვის, პირველ რიგში, რინიტის მიზეზი უნდა დაადგინოს.

ალერგიული რინიტის შემთხვევაში, არახალხური მეთოდები ხშირად მდგომარეობის გამწვავებასაც იწვევს, რადგან თუ ადამიანს მცენარეული ალერგია აქვს და ის კიდევ დამატებით ჩაიწვეთებს რაღაც გარკვეულ მცენარეულ საშუალებებს, ამან, რა თქმა უნდა, შეიძლება, კიდევ უფრო გააუარესოს რინიტი. თუ პაციენტი რაიმე მსგავს მეთოდს გამოიყენებს, ეს უკვე მისი პასუხისმგებლობა იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია, მათ რაიმე ისეთი მეთოდი ვურჩიოთ, რომელიც ყველა პაციენტს მოუხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები