LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თავი ფინანსური პირამიდისგან – „არ არსებობს ქვეყანა, სადაც შესაძლებელი იქნება, ბიზნესმა ერთი თვის განმავლობაში 300 % მოგება დაწეროს“/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

24
ფინანსური პირამიდა~

ტესლა მედია ვიდეო, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საქართველოში იყო, გაუქმებულია.

ფინანსურმა პირამიდამ, რომელიც მომხმარებლებს გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ, თანხის გამომუშავებას სთავაზობდა, მუშაობა ოფიციალურად შეწყვიტა.

პლატფორმებზე გადარიცხვები დაბლოკილია, მომხმარებლებს ჩადებული ათასობით დოლარი უკან ვეღარ გამოაქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრმა ადამიანმა საკმაოდ დიდი თანხა დაკარგა.

რატომ აღმოჩნდნენ მომხმარებლები ამ მდგომარეობაში?

საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან ერთად განიხილავს ანი ალიბეგაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტი.

 

 

– ანი, თავიდანვე ნათელი იყო, რომ პირამიდულ  სქემასთან გვქონდა საქმე. ის, რომ ვიღაც 200 %-იან სარგებელს მოგცემს ერთ თვეში ჩადებულ კაპიტალზე და ინვესტიციაზე, ეს წარმოუდგენელია.

ასეთი რამ შავ ბიზნესშიც-კრიმინალშიც არ ხდება, რატომ ვერ მიხვდნენ მომხმარებლები? მეც მქონდა რამდენიმე მათგანთან საუბარი, რომლებიც ამბობდნენ, კი ვიცი, რომ პირამიდაა, მაგრამ იქნებ მოვასწროთ და მერე რა იქნება, ვნახოთო…

– ტესლა მედია ვიდეოს მომხმარებლები ჩემი დაკვირვებით საკმაოდ გაცნობიერებულად ერთვებოდნენ ამ ბიზნესში.

პირველადი თანხები, რასაც დებდნენ, მცირე იყო, თუმცა მომხმარებლებს კონკრეტულ შემთხვევებში, საკმაოდ სოლიდური თანხებიც აქვთ ამ ბიზნესში ჩადებული.
(100 და 200 დოლარიანი ინვესტიციები სჭარბობს). საერთო ჯამში მომხმარებლებმა 18 მილიონით იზარალეს.

– იმედია, მსოფლიოს მასშტაბით არის ეს თანხა და არაა საუბარი  მხოლოდ საქართველოზე…
– საქართველოზე მოდის 18 მილიონი და ჯამური ინვესტიცია იყო 22 მილიონი.

– საკმაოდ დიდი თანხაა…

– ნამდვილად, დაზარალებული მოსახლეობის დაახლოებით 80% მიდიოდა საქართველოზე. ზოგადად ჩვენს რეგიონში და საქართველოში ამ ტიპის თაღლითური ბიზნესით ყველაზე მეტად ინტერესდებიან. მიზეზი გასაგებია.

მარტივია განვითარებად ქვეყანაში მსგავსი აფიორა, სადაც ფინანსური განათლება ფაქტობრივად არ არის და გაჭირვებიდან გამომდინარე მოქალაქეებს აქვთ სურვილი, რომ რაც შეიძლება მარტივად იშოვონ ფული.

ალბათ ეს არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, რომ  ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ასე აქტიურად ერთვება ფინანსურ პირამიდაში.

ტესლა მედია ვიდეოზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა თითქმის თავიდანვე შეგუებულები იყვნენ, რომ ისინი განწირულები იყვნენ ამ თანხის დაკარგვაზე. უბრალოდ ყველას ეგონა, რომ რადგან ახალი დაწყებული იყო, თავში მოექცეოდნენ და მოკლევადიან პერიოდში შეძლებდნენ სრულ უკუგებას და გარკვეულ მოგებაზე გასვლასაც.

– ზუსტად ეს იყო გასაკვირი. ფეისბუქზე შემხვდა გვერდი, რომელსაც „ხეოფსი“ ჰქვია. პირამიდა რომაა, აღარც მალავენ.
მესმის, რომ სწრაფად გამდიდრების და იოლი ფულის უცებ შოვნის სურვილი ბევრს აქვს და ვიდეოების ყურებაში როცა ფული გინდა, რომ გააკეთო, ეს ცალკე დამოკიდებულებაა და ამაზე ალბათ უფრო ფსიქოლოგებმა უნდა იმსჯელონ, რატომ გვჭირს ეს.

ზოგადად საქართველოში ბევრი ცნობილი პირამიდა იყო, რომელიც ჩამოიშალა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. ახლა საერთაშორისო მასშტაბზე გავედით.
ბოტასის პირამიდა გასაგები იყო, რომ რაღაც ეტაპზე აუცილებლად გასკდებოდა…

– რა თქმა უნდა, თვალში საცემი იყო,  რომ ბოტასის პირამიდა მალე ჩამოიშლებოდა, იმდენად სწრაფად ხდებოდა ფასების ზრდა და იმდენად ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული… როგორც კი პირამიდაში ჩართული ადამიანები იწყებენ იმაზე საუბარს, რომ კარგია და კარგად მუშაობს, რომ სწორედ მაშინ იწყება რეალურად პრობლემების წარმოქმნა.

თუ ბიზნესს უჭირს ამონაგების დაბრუნება მომხმარებლისთვის, ისინი იწყებენ მომხმარებლისთვის აგრესიული კამპანიის გამოყენებას.
ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში კონკრეტულად ბოტასის პირამიდის მიმართულებით ისეთი მომხმარებლები იყვნენ ჩართული, რომლებისთვისაც პირველადი საინვესტიციო სახსრები სრული ზარალის შემთხვევაში არ იყო დამღუპველი, თუმცა ისინი საკმაოდ შეგნებულად ახდენდნენ ინფორმაციის გავრცელებას და გარემოცვაზე ზეწოლას, თითქოს თავიდანვე იყვნენ ინფორმირებულები, რომ ყველაზე მოწყვლადი და ღარიბი ფენის ხარჯზე უნდა ეშოვათ ფული.

ისინი მზად იყვნენ, რომ თაღლითურ სქემაში არამხოლოდ ჩართულები ყოფილიყვნენ როგორც მსხვერპლი, არამედ ინფორმაცია გაევრცელებინათ და სხვა ადამიანებიც ჩაერთოთ.

– მესმის, რომ იყვნენ მომხმარებლები, რომლებმაც თვითონვე იცოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე და ამისთვის მზად იყვნენ. მაგრამ არიან მომხმარებლები, რომლებიც შეიძლება, რომ შეცდომაში შევიდნენ ამგვარი, ან მსგავსი სქემების შემთხვევაში.
რა უნდა იცოდნენ და როგორ ამოიცნონ პირამიდული სქემა და თაღლითობა, რომ მერე დაზარალებულთა შორის არ აღმოჩნდნენ?

– ბიზნესს, რომელსაც აქვს ბუნდოვანი ბიზნესმოდელი და ცდილობს, რომ უცხოური ტერმინოლოგიით და თანამედროვე ტექნოლოგიებით თავიანთი პროდუქტი გაყიდონ, არ უნდა ვენდოთ. ხშირ შემთხვევაში საინვესტიციო თანხა არის მცირე და ერთი თვის განმავლობაში უფრო მეტად ართულებენ ბიზნესმოდელს, თითქოს უკუგებას ზრდიან და ამით იზრდება დაინტერესებაც.

თუ ბიზნესს მოგების ძალიან მაღალი მარჟა აქვს, ანუ თუ 100 დოლარს დებ და დღეში 5 ან 10 ნანახ ვიდეოში 5 დოლარი გერიცხება,  უნდა მივხვდეთ, რომ ასეთი ბიზნესი უბრალოდ არ არსებობს.
მსოფლიოში არც განვითარებულ, არც განვითარებად და არც განუვითარებელი ქვეყანა არ არსებობს, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ბიზნესმა ერთი თვის განმავლობაში 300 % მოგება დაწეროს.

მომხმარებლებმა მოგებას წლიურ ჭრილში უნდა შეხედონ და არა ყოველდღიურს.
მესმის, რომ ძალიან ეფექტურია და კარგია, როდესაც 100 დოლარით ერთ თვეში 300 დოლარი იშოვი. მაგრამ მსგავსი ტიპის ბიზნესი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს.

ასევე აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება კომპანიის იმიჯს, ვინ არის და რას გვთავაზობს, ასევე გარკვეული უნდა ვიყოთ სექტორში, მანამ სანამ ინვესტირებას მოვახდენთ.

აბსოლუტურად ყველა საქმე, რომელშიც თანხას ვდებთ, საჭიროებს ბაზრის მიმოხილვას და დეტალური ანალიზის გაკეთებას.

-ბოლო მართლაც ძალიან კარგი რჩევაა. არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა კრიპტოვალუტით ვაჭრობენ, არიან ადამიანები, რომლებიც კაზინოში დადიან, ტოტალიზატორს თამაშობენ, მაგრამ ეს მათი არჩევანია და როგორც წესი, ვინც კრიპტოვალუტით ვაჭრობს, მათ გარკვეული ინფორმაცია აქვთ.

ისინი არ არიან ადამიანები, რომლებმაც ფულის შოვნა გადაწყვიტეს. მათ როგორც წესი, რისკიც მოსწონთ და უღირთ რაღაცის გარისკვა, მაგრამ ადამიანი, რომელიც პირობითად სახლს ყიდის, იმის გამო რომ რაღაც პირამიდულ სქემაში ჩაერთოს, მას ამ მიმართულებით არანაირი ცოდნა არ აქვს. მაგრამ როგორც წესი, ეს მარტივი ამოსაცნობია და ჩვენი მსმენელი ყურადღებით უნდა იყოს.

– ენერჯი ბოტასის შემთხვევაში გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ადიდასი და ნაიკი იყო მათი პარტნიორი. ინფორმაცია რეალობასთან შესაბამისობაში არ ყოფილა.

უფრო მეტი ცნობადობა რომ ჰქონოდათ და მოსახლეობისგან მეტი ნდობა რომ მიეღოთ, ეს ინფორმაცია სწორედ იმიტომ გავრცელდა. არის გარკვეული ნიშნები, რომელსაც თუ ყურადღებით დააკვირდება მომხმარებელი, ამას თავიდანვე შენიშნავს და საკუთარ თავს გარკვეული დანაკარგისგან დაიცავს.
იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბოტასის პირამიდაში გარკვეული თანხის გადახდა უღირდათ, რადგან სპორტულ ცხოვრებას ეწეოდნენ. ესეც, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის შეიძლება, თანხა მნიშვნელოვანი არ იყოს და მისთვის მნიშვნელოვანი იყოს ის სიტუაცია და აზარტი, რომელსაც იღებს ამ შენაძენიდან.

თუმცა, აუცილებლად აღვნიშნავ, რომ მსგავს ამბავს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მოსახლეობის ის ფენა, რომლისთვისაც ფინანსური სახსრების დაკარგვა მტკივნეულია. მსგავსი ტიპის ბიზნესები 99% შემთხვევაში განწირულია, რომ ძალიან მოკლე დროში ჩამოიშალოს, რასაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ვხედავთ და ყველაზე საწყენია, რომ  ყველაზე მეტი წილი პროცენტულად, როგორც ვირტუალური ბოტასის შემთხვევაში, ისე ვიდეოაპლიკაციის შემთხვევაში, მოდის საქართველოზე. ეს უბრალოდ უხერხულია.

– როგორც წესი თაღლითები არ ჩერდებიან და ახალ-ახალ თაღლითობებს იგონებენ ხოლმე და ამიტომ აუცილებელია, რომ ყველაფერი ზუსტად იცოდეს მოსახლეობამ.
– რაც მთავარია, იურიდიულად იმდენად სწორად აქვთ ხელშეკრულებები გაფორმებული, რომ მათთან მოდავება და საქმის მოგება შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g