მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საქართველო 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან საქართველოს მოლაპარაკებების დაწყების საკითხს,“ საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა არ ცხრება. 3 დეკემბერს, მასშტაბური საპროტესტო აქციების მეექვსე დღეს, პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში აკავებდა აქციის მონაწილეებს და აქციის დასაშლელად კვლავ მხუთავ აირს და წყლის ჭავლს იყენებდა.
„2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო – დევნიდნენ დემონსტრანტებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ და ისროდნენ გაზის კაფსულებს შენობის სახურავიდან“, – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2 დეკემბრის მონაცემებით, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 26 ადამიანი.
რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავიცვათ თავი საპროტესტო აქციების დროს – რადიო „ფორტუნას“ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში ექიმმა რეანიმატოლოგმა, პირველადი დახმარების ცენტრის დამფუძნებელმა არჩილ მარშანიამ უპასუხა.
ამ დღეების განმავლობაში, ვხედავთ, როგორ იყენებს პოლიცია აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლს, გაზის კაფსულებს – ასეთ სიტუაციებში როგორია პირადი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის „გაიდლაინი“? რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც უშვებენ გაზის კაფსულებს? რა ზოგადი მიდგომები უნდა იცოდნენ აქციის მონაწილეებმა?
სამწუხაროდ, ე.წ გაზის საწინააღმდეგო რაიმე ჯადოსნური ანტიდოტი არ არსებობს. მიუხედავად მწვავე სიმპტომატიკისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის დროებითი. თუ ამ ნივთიერებასთან შემხებლობა გვაქვს, მნიშვნელოვანია, პანიკას არ ავყვეთ და გარემოს მშვიდად გავეცალოთ.
გაზი ჰაერზე მძიმეა, შესაბამისად თუ მოქმედების ეპიცენტრში ვართ, მნიშვნელოვანია ჰაერის საწინააღმდეგოდ ვიმოძრაოთ და შემაღლებულ ადგილას გადავინაცვლოთ. როდესაც უსაფრთხო ტერიტორიაზე გადავალთ, უნდა ვეცადოთ, ტანსაცმელი მოვიცილოთ, გადავივლოთ წყალი და საპნით და შამპუნით კარგად ჩამოვირეცხოთ ის არე, რომელსაც გაზი მოხვდა.
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ესკალაციას და შეტაკებებს. თუ გვაქვს ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის, მაგალითად, ასთმა, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ [გარემოს] და მკურნალობა გავაგრძელოთ.
თუ ლინზებს ვატარებთ, სჯობს, ისინი წინასწარ მოვიხსნათ და თუ მოხსნა დაგვავიწყდა, რაც შეიძლება სწრაფად, მაქსიმალურად სუფთა ხელებით უნდა მოვიხსნათ.
ითქვა, რომ აქციებზე წიწაკის სპრეი იყო გამოყენებული, განსხვავებით გაზის კაფსულებისგან, ამ შემთხვევაში როგორია დაზიანების სავარაუდო მასშტაბი? რამდენ ხანს გრძელდება მისი ზემოქმედება და როგორ შეიძლება მიყენებული დაზიანების მართვა?
გაზის კაფსულებისგან განსხვავებით, წიწაკის სპრეი ეფექტს ახდენს პირდაპირ შემხებლობაში, როდესაც კანზე, ლორწოვანზე ან სასუნთქ გზებზე, თვალებში მოხვდება. ამ შემთხვევაშიც, სიმპტომატიკა ძალიან მწვავეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დროებითია – როგორც წესი, სიმპტომები 15-45 წუთის განმავლობაში ალაგდება და გადაივლის, თუმცა, შესაძლოა, წიწაკის სპრეი დიდი რაოდენობით მოგვხვდეს, ასეთ დროს კი უნდა მოვიშოროთ დაბინძურებული ტანსაცმელი და ჩამოვირეცხოთ დაზიანებული არე მუდმივი ჭავლით 10-15 წუთის განმავლობაში, წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით, მთავარია, სითხე ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი არ იყოს.
თუ წიწაკის სპრეი სახეზე მოგვხვდა, უნდა მოვერიდოთ წყლის შუბლზე დასხმას, რადგან, შესაძლოა, პირიქით, ჩამორეცხოს და თვალებში ჩავიდეს. თვალების გამორეცხვის დროს, ცხვირიდან გარეთ მიმართულების პრინციპით უნდა გამოვირეცხოთ.
ძალიან იშვიათ შემთხვევაში, სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს – კანის დაზიანება, ბუშტუკოვანი, მეორე ხარისხის დამწვრობის მსგავსად განვითარდეს. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში სიმპტომები შესაძლოა, ცოტა უფრო მწვავედ განვითარდეს. თუ სიმპტომები ორ დღეზე მეტხანს გაგრძელდება, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.
ვნახეთ არაერთი დაზიანებული ადამიანი, მიყენებული სხვადასხვა ტრავმით, როგორ შეიძლება ამ დროს პირველადი დახმარება აღმოვუჩინოთ როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვას?
პოტენციურად სასიცოცხლო მნიშვნელობის დაზიანებებმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის, კისრის მალების, ზურგის ტვინის დაზიანება და სასუნთქი გზების დახშობა შეშუპებით. ყველა პოტენციურად სასიკვდილოა და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში, უნდა ვიყოთ უსაფრთხოდ და ფიზიკურ დაპირისპირებებს და ესკალაციას მოვერიდოთ.
პირდაპირი შეჯახების შემთხვევაში, ქალა ტვინის ტრავმისგან, დაახლოებით, 300-ჯერ გვიცავს ჩაფხუტი, თუმცა ის კისრის დაზიანების პრევენციას ვერ ახდენს.
თუ ადამიანი მაინც დაზიანდა, პირველ რიგში, ვითვალისწინებთ გარემოს – თუ უსაფრთხოა, მაქსიმალურად ვცდილობთ, პაციენტი არ გავანძრიოთ და სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას დაველოდოთ. თუ შეხლა-შემოხლა გრძელდება, პაციენტი, ყველანაირი შესაძლო ტექნიკით, უსაფრთხოდ უნდა გადავიყვანოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, არ ვამოძრაოთ დაზარალებულის კისრის მიდამო. შემდეგ აუცილებლად უნდა მივიდეთ საავადმყოფოში – მწვავე დაზიანებების გამორიცხვა უნდა მოხდეს პირველ 24 საათში. ეს შეიძლება იყოს ქალა ტვინის ტრავმა, სახის ძვლების მოტეხილობა ან კისრის მალების დაზიანება.
როგორ ავარიდოთ თავი ხალხმრავლობით გამოწვეულ სიმჭიდროვეს ე.წ. ჭყლეტას, რა რისკებს შეიცავს, რა უნდა ვიცოდეთ მსგავს სიტუაციაში, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის დაზიანება?
ჭყლეტა ძალიან სახიფათოა. უნდა შევაფასოთ გარემო – რა ადგილას ვიმყოფებით. თუ ძალიან დიდი სიმჭიდროვეა და 1 კვადრატულ მეტრზე 3 ადამიანია, ეს უკვე სახიფათო და რისკის შემცველია. უნდა გადავინაცვლოთ ნაკლებად მჭიდრო ადგილას.
გვახსოვდეს, აუცილებელია ფეხზე დგომა. თუ ადამიანების ნაკადი დაიძრა, მას არ უნდა შევეწინააღმდეგოთ და აღნიშნულ ნაკადს მაქსიმალურად უნდა გავყვეთ.
უნდა მოვერიდოთ ბარიერებს – კედელს, ჩასავარდნ ადგილს და ა.შ.
მნიშვნელოვანია, ხელები გვედოს გულმკერდზე ე.წ. „ბოქსიორის“ პოზით, იდაყვის სახსარში მოხრილი, რომ თავი დავიცვათ სუნთქვის შეჩერებისგან, რადგან ჭყლეტაში შეიძლება გულმკერდზე ისეთი ზეწოლა განვითარდეს, რომ სუნთქვა ვერ შევძლოთ.
მთავარ სლაიდზე ფოტო: ზურაბ ცერცვაძე