როგორ დავინახოთ ბედნიერება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა ნათია უტიაშვილმა ისაუბრა.
რა არის ბედნიერება?
ბედნიერება სულიერი და ემოციური მდგომარეობაა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს ადამიანში. თუმცა თითოეული მათგანი ბედნიერებას სხვადასხვაგვარად აღიქვამს. როგორ გავხდეთ ბედნიერები, საერთოდ ვართ თუ არა ბედნიერები, ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ნათია უტიაშვილი.
თითოეული ადამიანი ბედნიერებას სხვადასხვანაირად აღწერს, ზოგიერთი საერთოდ ვერ ხსნის ამ დროს რას განიცდის, რას გრძნობს. ზოგისთვის ეს შვილებთან ურთიერთობა, ზოგისთვის სამოგზაუროდ წასვლა, ქორწინება, კარგი ფინანსური შემოსავალი, მეგობრებთან ერთად ყოფნა, ჭამა, წიგნების კითხვა და ასე შემდეგ. უთვალავი ფაქტორია, რომელიც ადამიანებს ბედნიერს ხდის. გარკვეული კვლევების თანახმად ადამიანი ყველაზე დიდ ბედნიერებას მაშინ განიცდის, როდესაც აქებენ. პოზიტიურ ფსიქოლოგიას აინტერესებს და იკვლევს ადამიანის ძლიერ მხარეებს, უნარებს. იცით, რომ თურმე ადამიანების ერთი მესამედი აღიქვამს მხოლოდ თავის სიძლიერეს. ხშირად ადამიანებიც აქცენტს უკეთებენ სხვა ადამიანის სისუსტეებს, ეს კი საბოლოო ჯამში ჩვენს სიძლიერეს, ასე ვთქვათ, აქვეითებს და ხშირად ეს ხდება მიზეზი იმის, რომ ბედნიერებას ნაკლებად განვიცდით, რადგან მუდმივად გვიწევს საკუთარ სისუსტეებზე ფიქრი, რაც ხელს გვიშლის როგორც საქმეში, ასევე პირად ურთიერთობაში. ამას კი საბოლოო ჯამი მივყავართ იქამდე, რომ საერთოდ არ ვართ ბედნიერები.
რატომ უნდა მოვუსმინოთ საკუთარ თავს?
უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავს, დაინახოთ საკუთარი უნარები, ძლიერი მხარეები, მათი კიდევ უფრო მეტი განვითარება, რეალიზება მოახდინოთ. შეაქეთ საკუთარი თავი და სხვებსაც მიეცით საშუალება, შეგაქონ, ხაზი გაუსვან თქვენ ძლიერ მხარეებს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნამდვილად გაგხდით ბედნიერს.
რა უნდა გავაკეთოთ რომ ვიყოთ ბედნიერები?
უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან დიალოგი უნდა დაიწყოთ. ზოგადად უნდა გვახსოვდეს, რომ თვითშთაგონებას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე შთაგონებას. სხვამ რაც უნდა ხშირად გვითხრას, რომ ლამაზი ვარ, ბედნიერი ვარ, მე თუ ჩემს თავს არ შთავაგონე ეს ყველაფერი, არაფერი გამოვა. ასეა ტვინისა და გონების შემთხვევაშიც.
ტვინი რა არის, ჩვენი რეფლექსები, ინსტინქტები, ანუ ყველაფერი რაც არაცნობიერია. გონება კი არის ჩვენი ცნობიერი, ანუ ყველაფერი ის, რასაც სოციუმი, საზოგადოება გვკარნახობს. ადამიანები ძირითადად რით ვმოქმედებთ, რას ვუჯერებთ, რა თქმა უნდა გონებას. მაგრამ იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები, საკუთარ თავთან ჰარმონიაში, მაშინ უნდა ვიცხოვროთ ტვინით, რადგან ის მუდმივად გვკარნახობს იმას, რაც ჩვენს გვსურს, რაც ჩვენია ანუ რაც ვართ ჩვენ. გონება კი გვკარნახობს იმას, რაც მიღებულია სოციუმში, საზოგადოებაში, ასე ვთქვათ სტერეოტიპია. შესაბამისად ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს: იყოს ბედნიერი, იყოს საკუთარი თავი, თუ არ იყოს ბედნიერი და აკეთოს ის, რასაც სოციუმი კარნახობს. რა თქმა უნდა გონებით ცხოვრება უფრო ადვილია, რადგან გვაქვს გამზადებული მოდელები, ამ ყველაფერს დიდი აზროვნება არ სჭირდება, აზროვნებას კი თავის მხრივ დიდი ენერგია და ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ როგორც კი ადამიანი იწყებს აზროვნებას, ის უსვამს საკუთარ თავს კითხვებს: მინდა ეს, მჭირდება ეს, სჭირდება სხვას, რასაც მე ვუკეთებ,. ასე ნელ-ნელა ადამიანი მიდის იქამდე, რომ იგებს რა უნდა მას რეალურად, რა სჭირდება საკუთარ თავთან ჰარმონიისთვის, ბედნიერებისთვის და შესაბამისად ბედნიერების განცდაც ეუფლება.
არის ასეთი გამოთქმაც, რომ ბედნიერება წვრილმან დეტალებშიაო. როგორ დავინახოთ ეს წვრილმანები?
კი, მართალია და ზოგადად კარგია თუ ბავშვებსაც ვასწავლით ამას ჯერ კიდევ ბავშვობაში. ხშირად უფრო დიდი ბედნიერების მოლოდინში გვისხლტება ხელიდან ბედნიერება და ბედნიერი წუთები. საკუთარ თავს უნდა მივცეთ უფლება, რომ დეტალებში ვეძიოთ ბედნიერება. რაც მთავარია ბედნიერება, თქვენი დადებითი განწყობა უნდა გაუზიარეთ სხვებს: გაუღიმეთ, დაეხმარეთ, სიკეთე აკეთეთ – ეს კიდევ უფრო ბედნიერს გაგხდით და სხვებსაც გააბედნიერებთ. კიდევ ერთ რამ, რაც ბედნიერს გაგვხდის ეს არის, გავაკეთოთ ისეთი საქმე, რომლის გაკეთება სულ გვინდოდა და ვერ ვრისკავდით. იცოდეთ ადამიანი ყოველთვის ნანობს იმას რაც არ გაუკეთებია და არა იმას, რაც რაც სცადა და არ გამოუვიდა. გააკეთეთ ისეთი საქმე, რომელიც არასდროს გიცდიათ, დაუსახეთ საკუთარ თავს ახალი გამოწვევები. ნახეთ,წაიკითხეთ ახალი წიგნები, გაისეირნეთ მეგობრებთან ერთად, დალიეთ მათთან ერთად ფინჯანი ყავა. ეს ყველაფერი ხომ დეტალებია და ბედნიერების განცდას აუცილებლად მოგიტანთ. როდესაც ადამიანს ნამდვილად აქვს სურვილი, იყოს ბედნიერი, ის სწავლობს და იწყებს ბედნიერებასთან ერთად ცხოვრებას. ბედნიერი ადამიანის ენერგია, დადებითად მოქმედებს, როგორც მის პირად ცხოვრებაზე ასევე, კარიერაზე. ის იზიდავს ყველგან ბედნიერ ადამიანებს. ასევე გახსოვდეთ ბედნიერება პირდაპირ კავშირშია ფიზიკურ ჯანმრთელობასთან, რადგან ხშირად ბევრი ფსიქოსომატური დაავადებაა იმიტომ ემართებათ ადამიანებს, რომ არ განიცდიან ბედნიერებას.
ბედნიერება უბრალოდ არ მოდის, მას ძალისხმევა სჭირდება, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ჩვენს ბედნიერებაზე, მადლიერების განცდა. რელიგიური ადამიანები ხშირად არიან ბედნიერები, რადგან ისინი მუდმივად უმადლობენ ღმერთს, პატარა დეტალებისთვისაც. ძალიან კარგია რომ ყოველი დღე დავიწყოთ მადლიერების გამოხატვით, თუნდაც შევადგინოთ სია და კვირაში ერთხელ მაინც ჩამოვწეროთ ვის მიმართ, რის მიმართ ვართ მადლიერები. ამ დავალების შესრულება, კიდევ უფრო ბედნიერს გაგხდით. და ბოლოს მთავარია შეიგრძნოთ, იცხოვროთ თითოეული მომენტით, ისწავლეთ წვრილმანებით ტკბობა, იფიქრეთ იმაზე, როგორ გახდეთ ბედნიერები და გადადგით ამისკენ ნაბიჯები. ადამიანი მაშინ გრძნობს, რომ არის ბედნიერი, როდესაც მის ცხოვრებაში დადებითი ემოციები უარყოფით ემოციებს სჭარბობს. ამიტომ ვიფიქროთ პოზიტიურად, გვქონდეს იმის განცდა, რომ შეგვიძლია ყოველი დღე დავიწყოთ ბედნიერების განცდით და მივაღწიოთ ჩვენთვის მნიშვნელობას ცხოვრებისეულ მიზნებს, რაც კიდევ უფრო მეტად გაგვხდის ბედნიერს.