ფარულ ვიდეოკადრებს თუ როგორ დებენ წინასწარ შერჩეულ ადგილებში ნარკოტიკს ინტერნეტ რეალიზატორები შს სამინისტრო აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, რამდენჯერმე მოხდა ფსიქოაქტიური ნივთიერების დადების ფოტო-ვიდეო გადაღება.
“ეჭვმიტანილები თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა ადგილას ფარულად ალაგებდნენ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რის შესახებაც ინფორმაციას ინტერნეტ სივრცეში ათავსებდნენ, ხოლო ნარკოტიკის შეძენის მსურველები შესაბამისი თანხის ჩარიცხვის შემდგომ დამალული ნივთიერების მდებარეობის შესახებ ფოტომასალას და ზუსტი ადგილის შესახებ მონაცემებს იღებდნენ.
გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ადგილას დამალული, სარეალიზაციოდ გამზადებული 134 შეკვრა, ხოლო დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად 196 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, სავარაუდოდ ე.წ „ვარდისფერი ამფეტამინი“.