საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი წერს საინტერესო წიგნის შესახებ, სადაც აღმოაჩინა, რომ ვაქცინაციასთან მიმართებაში საქართველოს სახელი ევროპაში ხშირად ისმოდა მე-18 საუკუნეში. გთავაზობთ მის საინტერესო კვლევას ამ თემაზე:
„კაცობრიობის ისტორიაში ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად ვაქცინაცია მიმაჩნია. ჰოდა, სულ მინდა გავიგო, რას ეფუძნება ვაქცინოფობია და რა დროიდან მოდის ეს ჩემთვის აუხსნელი ფენომენი. რამდენიმე წიგნი გამოვიწერე ანტივაქსერების ისტორიაზე, დავიწყე კითხვა… და, ჰოი, საოცრებავ! პირველივე წიგნში, პირველივე გვერდზე საქართველოა ნახსენები. თურმე, მე-18 საუკუნის დასაწყისში, ვაქცინაციის გარიჟრაჟზე, საქართველოს სახელი ხშირად გაისმოდა… ევროპაში.
სასიკვდილო და უკიდურესად დამამახინჯებელი დაავადება ყვავილის თავიდან ასაცილებლად ინგლისელი ედვარდ ჯენერის მიერ 1796 წელს დაინერგა “ვაქცინაცია“. თავად მეთოდის სახელი მოდის ძროხის ყვავილის, variola vaccinae-დან, ვინაიდან სწორედ ადამიანისათვის არასაშიშ ძროხის ყვავილგადატანილებზე (მწველავებზე) დაკვირვებით შეიმუშავა ჯენერმა შემდგომ საყოველთად აღიარებული და გავრცელებული მეთოდი.
რეზო ბოჭორიშვილი: „გავიკეთე „ფაიზერის“ ვაქცინა… ერთს ვიტყვი, 6 საათის წინ აცრილი ადამიანის პირადი გამოცდილებით…“
მანამდე კი… ინგლისში მეტ-ნაკლებად ფართოდ იყენებდნენ ვარიოლიზაციას ანუ ინოკულაციას, რომელიც გულისხმობდა ჯანმრთელი ადამიანის კანში, გასერვის შემდგომ, ყვავილით დაავადებულის კანის გამონაყარიდან, პუსტულებიდან აღებული სითხის ან ჩირქის შეზელვას… ეს მეთოდი იცავდა შემდგომში ყვავილისგან, მაგრამ შეეძლო, ნამდვილი დაავადებაც გამოეწვია… ამ ემპირიულ მეთოდსაც გააჩნდა წესები და შესრულების ტექნიკასაც მნიშვნელობა ჰქონდა წარმატების მისაღწევად.
ვარიოლიზაცია ინგლისში შეუტანია ლედი მონტაგიუს (Lady Montagu), რომელიც ოტომანთა იმპერიაში ბრიტანეთის ელჩის ცოლი გახლდათ და ღირშესანიშნავი პიროვნება.
სწორედ კონსტანტინოპოლში გაცნობია ის ვარიოლიზაციის მეთოდს, მას მერე. რაც 1713 წელს ძმა დაეღუპა ყვავილით, თვითონ კი 1715 წელს მძიმედ გადაიტანა ეს დაავადება. 1721
წელს, ლონდონში დაბრუნების მერე, მან საკუთარ შვილებს გაუკეთა ვარიოლიზაცია, რათა ეს მეთოდი ჩრდილიდან გამოეყვანა… ინგლისიდან კი ის საფრანგეთში გავრცელდა, ძნელად საკმაოდ…
1754 წლის 24 აპრილს საფრანგეთის სამეფო აკადემიის სხდომაზე ყვავილის ინოკულაციის (ვარიოლიზაციის) შესახებ დიდი მოხსენება გააკეთა ვინმე შარლ მარი დე ლა კონდამინმა (Charles Marie de la Condamine). თავად დე ლა კონდამინი ცნობილი მკვლევარი, მოგზაური, ამ აკადემიის და ლონდონისა და ბერლინის სამეფო საზოგადოებების წევრი გახლდათ. მას დიდი წვლილი მიუძღვის დედამიწის მერიდიანის გაზომვაში, შემდგომ კი ამის საფუძველზე მეტრის, როგორც ზომის ერთეულის შემოღებაში.
არაა გასაკვირი, რომ ის ვარიოლიზაციის აქტიური მხარდამჭერი გახლდათ. მისი მოხსენების ტექსტი საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ არქივში ადვილად იძებნება.
დასაწყისშივე დე ლა კონდამინი მოიხსენიებს “სირკასიას“ (დღევანდელი ჩერქეზეთი) და…. საქართველოს, ასევე კასპიის რეგიონის ქვეყნებს როგორც ინოკულაციის სამშობლოს, საიდანაც ეს მეთოდი შემდგომ სხვა ქვეყნებში გავრცელდა. (პირველი ფოტო).
თავიდანვე, ინოკულაციას უამრავი მოწინააღმდეგე გაუჩნდა. მათ შორის ერთ ერთი ყველაზე აქტიური ვინმე გრაფი დე ბიური გახლდათ (Compte de Bury). მან დე ლა კონდამინის კრიტიკას და მე ვიტყოდი, დასმენას 200 გვერდიანი წიგნი მიუძღვნა 1756 წელს. რატომ დასმენა ? ის მიმართავს ეკლესიის იერარქებსა და მართლმსაჯულებას, რათა აღკვეთონ ინოკულაციის გავრცელება საფრანგეთში…
მისი “ნაღვაწიც“ შემორჩა და ისიც იძებნება ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.
დე ბიურის წიგნი განსაკუთრებულად აღსანიშნავია ჩვენთვის.(ფოტო 2).
ისიც ახსენებს დასაწყისშივე სირკასიელებსა და ქართველებს, და სწორედ ამ გეოგრაფიულ წარმომავლობას მეთოდისას იყენებს ერთ-ერთ ერთ მთავარ არგუმენტად მის წინააღმდეგ, ვინაიდან ეს ქვეყნები ბარბაროსებით, ურჯულოებით და უზნეო ადამიანებით არის დასახლებული… ამ არგუმენტს არაერთხელ იმეორებს. მავანი დაიწყებს გაპროტესტებას, არ იყვნენ ქართველები ურჯულოები, მათ არ გულისხმობსო. მართლაც, შესაძლებელია, ყველას ერთ ქვაბში ხარშავს და აზვიადებს უცოდინრობით, მაგრამ ერთი დეტალი, რომელსაც ის შემდგომში უმატებს, უფრო სარწმუნოს ხდის (ჩემთვის), რომ სწორედ ქართველებს ეხება თხრობა. ის გარყვნილი ხალხი ინოკულაციას დანაშაულებრივი მიზნით იყენებსო, ბავშვებს (ან შვილებს, ფრანგულად enfant ს ორივე მნიშვნელობა აქვს) უკეთებენ, რათა მათი სილამაზე შეინარჩუნონ და მერე მიჰყიდონ თურქებსა და სპარსელებსო… როგორ გინდა, ეს მოგონილად მიიჩნიო… ჩვენ ხომ ვიცით, რომ არის ამაში სიმართლის ელემენტები, რეალური, ისტორიული…
სავარაუდოდ, ასე გავრცელდა ოტომანურ იმპერიაში ვარიოლიზაცია და შემდეგ ევროპაში, ლედი მონტაგიუს წყალობით.
სხვა ძველ წყაროებსაც მივაგენი ფრანგულს, სადაც ეს ქართული, გამოყოფილად და რეგიონული წარმოშობა ვარიოლიზაციისა ასევე ნახსენებია.
თავად ქართულად ვარიოლიზაციაზე მწირი ინფორმაციაა. მხოლოდ ამას მივაკვლიე.
საერთოდ, საოცარი წიგნია, ყველანაირად. ავტორს ჯერ მოჰყავს დე ლა კონდამინის არგუმენტები და მერე ცდილობს, რომ პუნქტებად გააქარწყლოს..
ყველაფერს ვერ გადმოვცემ, მაგრამ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.
დე ლა კონდამინი ამტკიცებსო, წერს ბიური, რომ ყვავილის “ჩანასახი“ (germe) სისხლშიაო. იმ დროისთვის რომ უკვე ამაზე ფიქრობდნენ, თავისთავად საინტერესოა.
ჰოდა, თუ ასეაო, მაშინ სხვა დაავადებებსაც germe-ები უნდა იწვევდესო, და ჩამოთვლის ბევრს, მათ შორის“ტვინის სურდოს“ (Rhume du cerveau). დღესაც ასე უწოდებენ რინიტის, სინუსიტის და ბანალურ “სურდოს“ ვარიანტებს… შეგახსენებთ, რომ მიკრობების აღმოჩენა ერთი საუკუნის შემდეგ მოხდება. ვირუსების კი ოდნავ უფრო გვიან.
და თუ ეს ასეაო, აგრძელებს დე ბიური, რატომ არ არსებობს ინოკულაცია ამ დაავადებებისთვისაცო?
გგონია, დღევანდელ დღეს დაწერილს კითხულობ… ლამის სიტყვა-სიტყვით იგივე “არგუმენტებია“ მოყვანილი 1756 -ში ვაქცინაციის წინაღმდეგ, რაც დღეს. ცხადია, ინოკულაცია (ვარიოლიზაცია) მხოლოდ ჩანასახი იყო თანამედროვე ვაქცინაციის, მაგრამ მაშინაც ძირითადი იერიში მიდიოდა და მიდის ახლაც თავად პრინციპზე… ძალიან ბევრი ციტირებაა დე ბიურის წიგნში სახარებიდან იმის დასამტკიცებლად, რომ ინოკულაცია ეკლესიის და ღვთის ნების წინააღმდეგი ქმედებაა, ამიტომაც უნდა აღიკვეთოს.
ინოკულაციის საწინააღმდეგო არგუმენტები მოკლედაა შეჯამებული წიგნის ბოლოში. რამდენიმეზე შევჩერდები (ფოტო 3).
– ადამიანთა მოდგმის მეოთხედს, ლამის ნახევარს არასდროს შეხვდება ყვავილი (მანამდე დეტალურად წერს ამაზე და ამბობს, რა საჭიროა ყველას ინოკულაციაო)
– ყვავილი არაა უფრო საშიში, ვიდრე სხვა სახის ეპიდემიური დაავადებები (!),
– ყვავილის სამკურნალოდ მედიცინას გააჩნია საიმედო და კანონიერი (legitime) რესურსები,
– ინოკულაცის საფარქვეშ დანაშაული შეიძლება იმალებოდეს (!),
– ინოკულაციამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა, მძიმე და სასირცხვო დაავადებები, მაშინ როდესაც თავის პირველ მიზანს შეიძლება ვერ მიაღწიოს,
– ინოკულაციამ შეიძლება ჰაერში გაავრცელოს ყვავილი….
1756 წლის “არგუმენტების“ თანამედროვეობა გაოცებს. და კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ ადამიანმა, მისმა ბუნებამ და გონებამ საუკუნეების განმავლობაში დიდი ევოლუცია არ განიცადა. მეცნიერებისა და მედიცინის საყოველთაო გააზრებასა და ნდობამდე შორია…და სამწუხაროდ საქართველო, რომელსაც თურმე ვაქცინაციის ისტორიაში გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი, დღეს ვაქცინოფობიის აღზევებას განიცდის…“