თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება შეაჩერა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, სალომე ზურაბიშვილს ასევე, აეკრძალა 5 თვით ახალი კანდიდატის დანიშვნაც.
როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს სასამართლოში კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, მანუჩარ კაკოჩაშვილმა უჩივლა.
„ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ თვითნებურად აღიჭურვა თავი, გააკონტროლოს, ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა და ვინ არა“ – შესარჩევი კომისიის შეფასებით, წიქარიშვილის დანიშვნის გაუქმებით სასამართლო კონსტიტუციას უხეშად არღვევს
„ეს გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა.“
საქალაქო სასამართლოს მიერ იუსტიციის საბჭოში წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას დღეს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.
პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის შეფასებით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, როცა სასამართლო ე.წ. კლანის მახინჯი, მანკიერი სისტემით იმართება და ეს სისტემა ახლა თავს იცავს.
„ეს არის ჩაკეტილი წრე. ერთია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ივანიშვილის „ოცნებამ“ სანდრო გირგვლიანის მოსამართლე და მისთანანი გადმოიბირა და ერთადერთი მიზნით გააძლიერა – სასამართლოს გავლენის ჯგუფი ივანიშვილს ხელისუფლების და ძალაუფლების გახანგრძლივებაში უნდა დაეხმაროს!, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
„ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყანას მართავს „კლანი“, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება.
„უმძიმესი ვითარებაა. იცით, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის უგულებელყოფას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას, კლანური მართლმსაჯულების ნათელ გამოვლინებას და სამწუხაროდ, კიდევ ერთ მძიმე დარტყმას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებით“, – აღნიშნა ვაშაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას განცხადებით გამოეხმაურა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ – „გირჩი“, „ახალი“ და „დროა“:
„ამ გადაწყვეტილებით სასამართლო კლანმა დაარღვია ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი და მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებამოსილება. მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებლად შესასრულებელი 9 დათქმა ითვალისწინებს სასამართლოს ყოვლისმომცველ რეფორმას, ,,ქართული ოცნება’’ მორიგ ჯერზე მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებით დგამს ჩვენი ისტორიული არჩევანისთვის დამაზიანებელ ნაბიჯს. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, არ არსებობს კვალიფიციური იურისტი, ვინც იტყვის, რომ სასამართლოს ასეთი უფლებამოსილება ჰქონდა.
„სასამართლოს „კლანმა“ და ივანიშვილის „ოცნებამ“ გადაწყვიტეს, რომ იუსტიციის 15-კაციან საბჭოში, ერთი ადამიანიც არ უნდა იყოს, ვინც მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს და არ იქნება ხელისუფლების ყურმოჭრილი მსახური
საქალაქო სასამართლომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კონსტიტუცია გააუქმა. ეს გააკეთა იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში, სასამართლო სისტემაში საზოგადოების თვალი და ყური არ შევიდეს და საზოგადოებას არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა უსამართლობა ხდება სასამართლო სისტემაში“, – თქვა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებებს, „ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, „პრეზიდენტმა გადაწყვიტა დემოკრატია ეთამაშა“.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადამიანები უბრალოდ სათამაშოებით ერთობიან. ასე მგონია, რომ თამაშობენ იმიტომ, რომ არც კვალიფიკაციასთან, არც სამართლისა და კანონის ცოდნასთან, არაფერი საერთო ამ ყველაფერს არ აქვს. ძალიან პრიმიტიული „ქეისია”, რომელიც მათივე თამაშის შემდეგ თავად დახვდათ წინ.
საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტს შეეძლო თავად დაენიშნა თავისი წარმომადგენელი საბჭოში და არანაირი შერჩევის პროცესი არ ეწარმოებინა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ეთამაშა დემოკრატია, გადაწყვიტა, რომ აღქმები შეექმნა, თითქოს რაღაც სერიოზულ პროცესებს ატარებს თავის სამფლობელოში. მას ჰგონია, რომ ეს მისი სამფლობელოა და აღარც კონსტიტუციას აგდებს არაფრად, აღარც ხალხის ნებას, აღარც იმათ სურვილს, ვინც აირჩია ის და აღარც ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა წილოსანმა.
„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სასამართლოს შეუძლია, ნებისმიერი სამართლებრივი აქტი შეაჩეროს.
„ეს არის ანი და ბანი. ეს იცის პირველკურსელმა იურისტმა. პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეს უნდა იცოდეს. ასეთი უცოდინრების მთელი გუნდი რომ ჰყავს ზურაბიშვილს თავის ირგვლივ, იმიტომ არის მისი საქმე კარგად, უკუღმა რომ მიდის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 5 განაცხადი შევიდა, რომლებთანაც გასაუბრება სპეციალურად შექმნილმა შესარჩევმა კომისიამ ჩაატარა.
კომისიამ პრეზიდენტს რეკომენდაცია ორ კანდიდატზე, გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილზე გაუწია, რომელთა შორის სალომე ზურაბიშვილმა საბჭოში დასანიშნად კახა წიქარიშვილი შეარჩია.