ჟურნალი „გზა“ აქვეყნებს ინტერვიუს ხვიჩა მაღლაკელიძესთან, რომელიც პასუხობს კითხვას, როგორ გააშენა ვაზი ბინაში.
ახლა გვითხარით, მეოთხე სართულის აივანზე ვაზი როგორ გააშენეთ, როგორ უვლით?
ადესა, იგივე იზაბელა ველური ჯიშია. მოვლა არ უნდა. ხანდახან თუ გასხლავ და ეგ არის… ერთადერთი ჯიშია, რომლის ღვინო არის საწამლავი. გურულები სვამენ, მაგრამ არ შეიძლება. პირველი, რაც გაშტერებს, გაბრმავებს და გააბდლებს, არის ადესა. ისე, ყურძენი ჭამე, რამდენიც გინდა… ეს ვაზი ჩემმა მეზობელმა დაახლოებით, 45 წლის წინ დარგო. 1 ღერს მიმართულება მისცა და მეხუთე სართულზე “აიყვანა”. სანამ ბინას აივანს მივაშენებდით, ფანჯარა გვქონდა, სადაც ადესის 1 ტოტი სარეცხის თოკს ველურად შემოეხვია. მამაჩემმა არ მოჭრა – იყოსო… ამასობაში, სარეცხის თოკმაც თავისი ფუნქცია დაკარგა, რადგან ზედ დიდი ვენახი გაიზარდა. დედაჩემი სარეცხს ვეღარ ჰკიდებდა. შემდეგ, აივანი მოვაშენეთ. მამას სოფელი ძალიან უყვარდა. რაღაცნაირად, ვაზს ფორმა მისცა – ადესა ძალიან დრეკადი, ელასტიკური და „დამჯერია”. ახლა მთელ აივანზე ვაზი მაქვს. ზამთარში ფოთლები გასცვივდა, მაგრამ ზაფხულში გადასარევი ჩერო აქვს – სიგრილეა ხოლმე…