შობა კრისტიან დიორის საყვარელი დღესასწაული იყო, ის მას „ცეცხლების ფესტივალს“ უწოდებდა. დიორი ახალ წელს ყველა თანამშრომელს საჩუქარს უმზადებდა და შემდეგ თავის აგარაკზე გრანდიოზულ წვეულებას აწყობდა ხოლმე. სწორედ ამიტომ დიორის სახლისთვის შობა და ახალი წელი განსაკუთრებულ დღეებად ითვლება. ისინი ცდილობენ, რომ ყოველ წელს რაღაც განსხვავებული და გამორჩეული მოიფიქრონ, იქნება ეს სახლის დეკორის კოლექცია თუ საჩუქრების შესაფუთი სადღესასწაულო ქაღალდი.
წელს ბრენდმა საოჯახო ნივთების ხაზის არტ–დირექტორის მეისონ კარდელიას სახლში მოაწყო ექსკურსია. ბუნებრივია, კარდელიას სახლი მთლიანად Dior–ის ახალი კოლექციითაა გაფორმებული. ახალი დეკორი კი იტალიის შთაგონებით შეიქმნა და მასში ძალიან ბევრი ნათელი ფერი და გეომეტრიული სქემაა გამოყენებული.
კარდელიამ საშობაო გაფორმება თავისი სახლის ვინტაჟურ დეკორს იდეალურად შეუთავსა. მან სადღესასწაულო მაგიდის სერვირება და ნაძვის ხის მორთვის თავისეული მეთოდიც გააზიარა.
დიზაინერმა გადაწყვიტა, ტრადიციული გზა არ აერჩია და მაგიდის გასაფორმებლად თავისივე ბაღში მოკრეფილი ცოცხალი ყვავილები გამოიყენა. იგივე მეთოდს მიმართა მან ნაძვის ხის შემთხვევაშიც. კარდელიას არ სურდა რომ სათამაშოები ერთმანეთს იდეალურად შეხამებოდა, ამიტომ ექსპერიმენტები ჩაატარა. ძველს ახალი შეურია და მართლაც საოცარი შედეგი მიიღო.