როგორ გამოუმუშაოთ ბავშვებს ემპათია – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნინო ნიბლაძემ ისაუბრა.
რა არის ემპათია?
ემპათია არის მეორე ადამიანის ემოციებთან წვდომის, თანაგანცდის უნარი. ეს უნარი აქვს უმრავლესობას, მაგრამ ხარისხით განსხვავებულია.
მისი განვითარება დამოკიდებულია გარემოზე, სადაც იზრდება ადამიანი, კულტურალურ თავისებურებებზე, მოსმენის უნარზე, სხვისი გაგების მოთხოვნილებაზე, გენეტიკაზე. მის განვითარებას ხელს უშლის სტრესი, ტრავმული გამოცდილებები, გადაღლა, საკუთარ თავსა და პრობლემებზე ზედმეტად ფოკუსირება, სტერეოტიპები. ემპათიის განვითარებას შესაძლებელია ხელი შეეწყოს მოსმენის უნარის გაზრდით, ინტერესით, მხატვრული ლიტერატურისა და ფილმების გაცნობით, სადაც მკაფიოდ ჩანს სხვისი ემოციები. ემპათია არის ემოციური ინტელექტის ნაწილი. ცნობიერების ამაღლება ადამიანს ეხმარება საკუთარი ემოციების ამოცნობასა და გადმოცემაში.მაღალი ემოციური ინტელექტის IQ მქონე ადამიანი, აცნობიერებს საკუთარ და სხვის ემოციას, შეუძლია მათი მართვა და ეხმარება ურთიერთობებში. ემოციური ჰიგიენის საშუალებით, ბავშვებში ვითარდება ემპათიის უნარიც. ბავშვი სწავლობს ემოციების ამოცნობას, გარეთ გამოტანას და არა დათრგუნვას,ასევე ჩვენგან სწავლობს სხვის მოსმენას და თანაგანცდას.
როგორ ვითარდება თვითთანაგრძნობა?
მნიშვნელოვანია თვითთანაგრძნობის, თვითმხარდაჭერის უნარის განვითარება, საკუთარი თავის მიმართ ზედმეტ კრიტიკაზე უარის თქმა და მხარდამჭერ ადამიანებთან ურთიერთობა, რომ არ მოხდეს ემოციური გადაწვა და ბალანსის დარღვევა საკუთარ და სხვის ემოციებს შორის.
ხშირად ადამიანი უფრო ძნელად აცნობიერებს საკუთარ ემოციებს, მაგრამ ადვილად იგებს სხვისას. ეს ხდება, როდესაც გაურბის საკუთარ ემოციებს და ფოკუსი გადააქვს გარეთ. ასევე, პროექციებით სხვაში „ხედავენ“ საკუთარ განდევნილ ემოციას და ინტუიციაც დიდ როლს ასრულებს სხვისი ემოციის ამოცნობაში. ბალანდის დარღვევამ საკუთარი და სხვისი ემოციის ამოცნობაში, შესაძლოა ემოციურ გადაწვამდე მიიყვანოს ადამიანი. ამ დროს სხვისი განიცდება როგორც საკუთარი. ემპათიურობაში ადამიანს ეხმარება მსგავსი გამოცდილება და ასევე მჭიდრო ემოციური კავშირი.