რამდენად მნიშვნელოვანია მოსმენის კულტურა და როგორ გამოვიმუშაოთ ეს უნარი – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა ისაუბრა.
რას ნიშნავს მოსმენის კულტურა?
მოსმენის მიზანი ერთმანეთთან შეკავშირებაა, ის ენერგია რაც ადამიანებს შორის არსებობს, როდესაც გრძნობ რომ გხედავენ, გისმენენ და გაფასებენ, როდესაც იღებ და გასცემ განკითხვის გარეშე, როდესაც ეს ურთიერთობა გავსებს, გაძლიერებს და გაგრძნობინებს რომ შენ მარტო არ ხარ. ჩვენი ურთიერთობები, განსაკუთრებით კი ჩვილობის ასაკში მიღებული გამოცდილებები, გავლენას ახდენს რამდენად ხდება უნივერსალური, საერთო ადამიანური საჭიროებების დაკმაყოფილება – რამდენად გრძნობს ბავშვი და შემდგომში როგორც ზრდასრული თავს დაცულად და უსაფრთხოდ ამ სამყაროში არსებობისას, რომ მას ხედავენ, მისი ესმით და მასზე ზრუნავენ. ადამიანებთან ურთიერთობისას უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს თავისი მუდმივადცვალებადი განცდები და გამოცდილებები აქვს, როგორც პოზიტიური, ასევე უარყოფითი; რომ წარმოთქმული სიტყვები უბრალოდ ამ და სხვა უნივერსალურ საჭიროებებსა და ამჟამინდელ მდგომარეობას შორის შეუსაბამობის გამოხატულებაა, რომ თითოეული ადამიანი თავისი თავის საუკეთესო ექსპერტია და ჩვენი მოვალეობაა რომ მათთან ინტერაქციით, ჩვენი ცნობისმოყვარეობით და თანამგრძნობი მოსმენით საშუალება მივცეთ მეტნაკლებად უსაფრთხოდ შეძლონ საკუთარ ემოციურ სიშიშვლესთან შეგებება, დარჩენა და შემდეგ გზის გაგრძელება.
ხშირად ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ და შეუძლიათ შეურაცხოფაში გადაიყვანონ ურთიერთობა, რასთან გვაქვს საქმე?
ჩვენ არ ვართ განცალკევებული არსებები. ის თუ რას ვიტყვით ან რას გავაკეთებთ დამოკიდებულია უამრავ პატარ-პატარა თუ დიდ მოვლენებზე რომლებიც ჩვენს შიგნით, სხეულსა და გონებაში, და გარემოში ხდება.
ჩვენი ნერვული სისტემა და მთელს სხეულში მიმდინარე პროცესები განსხვავებულად მუშაობს გამომდინარე იქიდან სიტუაცია, ამ შემთხვევაში კი მეორე ადამიანთან საუბარი, უსაფრთხოდ, საფრთხის შემცველად თუ სიცოცხლისათვის სახიფათოდ აღიქმება. ეს ჩვენი ცნობიერი ყურადღების გარეშე ხდება და სიტუაციის შეფასებაზე გავლენას ახდენს რამდენად არის ადამიანი ჭარბი სტრესის ქვეშ – რამდენად არის ენერგიისგან გამოცლილი და რამდენად დაძაბულია მის სხეულში კუნთები სხვადასხვა ფარული სტრესორების გამო. ხშირად დამახინჯებული, ან არასწორი ინტერპრეტაციები კეთდება, როდესაც ადამიანის ორგანიზმი გადარჩენის რეჟიმშია გადასულია – ჩვენი ორგანიზმი ჩვენგან დამოუკიდებლად, ნეიროფიზიოლოგიურ დონეზე, იბრძვის რომ სასიცოცხლო ენერგია გამოიმუშაოს ყოველდღიურად და “გადარჩენისთვის” საჭირო სისტემების ოპტიმალური ფუნქციონირების დონე დააბალანსოს.
ადამიანისთვის რეალურად ძალიან რთულია ყურადღება მიაქციოს რა მინიშნებებს აძლევს მისი სხეული თუ გარემო, შევიდეს სხვის მდგომარეობაში ან გამოხატოს თანაგრძნობა სხვა ადამიანის მიმართ, გააკონტროლოს საკუთარი სიტყვები თუ ქცევები. როდესაც ნერვული სისტემა გადაჭარბებულად აგზნებულია, ადამიანისთვის შეუძლებელია მოისმინოს ის, რასაც სხვა ამბობს, ხდება რეაქტიული და შეკავშირების და სოციალური ჩართულობის ნაცვლად, ადამიანი საკუთარი თავის თავდაცვაზე გადადის.
მოსმენისას ბევრი ბუნებრივი რეაქცია ჩნდება: შეიძლება ემოციურად გადავიტვირთოთ იმით რაც მოვისმინეთ, შეიძლება ყურადღება გადავიტანოთ ჩვენს საკუთარ ისტორიაზე იმიტომ რომ მეორე ადამიანის ამბავი რაიმე კუთხით ჩვენს ამბავს უკავშირდება, შეიძლება სასწრაფოდ გაგვიჩნდეს საჭიროება რომ მოსაუბრეს შევაწყვეტინოთ და პრობლემის “მოგვარებაში” დავეხმაროთ. ასეთი რეაქციები განსაკუთრებით მატულობს, როდესაც საუბარი ემოციურად დატვირთულ თემებს ეხება. მაგრამ იმისათვის რომ ამ ადამიანს და ჩვენს საკუთარ თავს იარების მოშუშებაში დავეხმაროთ, ჩვენ ამ ტკივილიან გამოცდილებას სივრცე უნდა დავუთმოთ, ცოტათი უფრო მეტ ხანს უნდა დავრჩეთ ამ განცდებთან, რათა თანავუგრძნოთ, მათი აგზნებული ნეიროფიზიოლოგიური მდგომარეობა ჩვენი მშვიდი ნეიროფიზიოლოგიური მდგომარეობით დავამშვიდოთ და ზრუნვის სისტემა ავამოქმედოთ. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დავინახოთ განსხვავებული პერსპექტივები, გაგვიჩნდეს სხვისი მოსმენის ინტერესი, დავინახოთ ღირებულება ამ რთული გამოცდილების მიღმაც კი. მხოლოდ შეკავშირების შემდეგ აქვს აზრი ჩვენი მოსაზრების გაზიარებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ისიც თუ ამის საჭიროება კვლავ იარსებებს.

7 რჩევა ნინო მარგველაშვილისგან:
გადაცემის აუდიოჩანაწერი