LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვასხვაოთ ალერგია სხვა ინფექციებისგან – რჩევები ბიძინა კულუმბეგოვისგან

2596

10 მაისს გადაცემა ”სტუმრად ექიმთან” ალერგიას მიეძღვნა. როგორ ვლინდება საგაზაფხულო ალერგია, რომელ საკვებს უნდა მოვერიდოთ გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე, როგორ განვასხვავოთ ალერგიული გამონაყარი სხვა ინფექციებისგან, როგორ ვუმკურნალოთ ალერგიულ ხველას, რინიტსა და ატოპიურ დერმატიტს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

გაზაფხული ალერგიის თვალსაზრისით ყველაზე მწვავეა, რა არის ამისი მიზეზი?

მიიჩნევა, რომ გაზაფხული ალერგიული გამწვავებების სეზონია. დავიწყოთ იმით, თუ რა არის ზოგადად ალერგია და რატომ არსებობენ ალერგიული ადამიანები.

ალერგია არის გენეტიკური წინასწარ განწყობა, რომლის დროსაც, ადამიანის ორგანიზმი, კერძოდ იმუნური სისტემა, რაღაც ტიპის ანტიგენებზე, რასაც ჩვენ ალერგენებს ვეძახით, რეაგირებს ისე, როგორც არ რეაგირებს არაალერგიული, ანუ ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტემა.

ალერგენები მსოფლიოში ძალიან ბევრია, რომელიც შეიძლება დავყოთ საყოფაცხოვრებო, კვებით ალერგენებად, გარემოში არსებულ სხვადასხვა ალერგენებად და ა.შ.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის საინალაციო ფორმის ალერგენები და მათ შორის ყველაზე ხშირია და ყველაზე მეტი რეაქციები მოდის ისეთ ალერგენზე, რასაც ოთახის მტვერი ეწოდება. ის ძალიან გავრცელებულია და ყველა დაავადების, ასთმისა და რინიტის 60% ოთახის მტვრის ამ მიკროსკოპული არსებებით, ანუ ტკიპებით არის გამოწვეული. ისინი არიან ე.წ. სრულწლოვანი ალერგენები და მათ სეზონურობა არ ახასიათებთ, თუმცა არსებობს გარკვეული თავისებურება, როდესაც ოთახის მტვერი, ტკიპები ინტენსიურად მრავლდება ზამთრის პერიოდში, ხელოვნური სითბოს პირობებში, იმატებს ტენიანობა, ამ დროს კი მათი გამრავლებისთვის იდეალური პირობები იქმნება. ამიტომაც უმწვავდებათ ადამიანებს ზამთრის პერიოდიში ალერგიული რეაქციები.

რაც შეეხება საინჰალაციო, ანუ სუნთქვითი სისტემის ალერგენების მეორე რიგს, ეს არსი ე.წ. მცენარის მტვრის მარცვლის ალერგია. გამომდინარე იქიდან, რომ გაზაფხული არის სიცოცხლესთან, სიმწვანესთან ასოცირებული, ალერგიების ეს ტიპიც სწორედ გაზაფხულის პერიოდში გვხვდება. ერთი შეხვედვით სრულიად უწყინარ, უვნებელ მცენარის მტვრის მარცვალს ორგანიზმი სრულ იგნორს უკეთებს, რადგან სხვა ბევრი საქმე აქვს. როდესაც ადამიანს აქვს ალერგიული განწყობა, ამ მცენარის მტვრის მარცვალზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. უნდა ვთქვათ, რა არის მცენარის მტვერი, როდის ჩნდება და რამდენი ხანია ის წლის განმავლობაში. გამომიდინარე იქიდან, ჰაერში რომელი მტვრის მარცვალია შეწონილი, სეზონის მიხედვით ადამიანები რეაგირებენ შესაბამისად, მაგალითად თებერვალში, მარტში, აპრილში  და მაისში ჰაერში არის ხის ყვავილის მტვერი, ეს არის ჭადარი, ალვის ხე, თხილი და ა.შ.

თუკი ადამიანი ნამყოფია ალერგოლოგთან და დადგენილი აქვს, რომ მას ალერგია აქვს სწორედ ამ პერიოდში, ამ მცენარეებზე ალერგია, ის ყოველთვის დაიჭერს თადარიგს, მოდის ექიმთან და ყველანაირად ვეხმარებით მას. განსაკუთრებით ახლა, მაისსა და ივნისის პერიოდში ყვავის ე.წ. ბალახოვანი მცენარეები და მათი ყველაზე ხშირი წარმომადგენელი არის ინგლისური კოინდარი. ივნისში იწყებს ყვავილობას ასევე შვრია, ჭვავი, სიმინდი და მათი მტვრისგან ადამიანებს ეწყებათ ალერგია. ამ ყველაფერს „აგვირგვინებს“ აგვისტო, სექტებერი, ოქტომბრის შუა პერიოდი, როდესაც ჩნდება ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ალერგენი ამბროზიის ყვავილი, ავშანი, მრავალძარღვა, ბაბუაწვერა და ა.შ. აღნიშნულ მცერეებზე ალერგიის მქონე ადამიანებს ეწყებათ შესაბამისი სიმპტომატიკის გამოვლენა.

რას იტყვით სეზონურ ხილზე, იმაზე, რაზეც ჩვენ, ყოფით ცხოვრებაში ვიცით ,რომ არის ალერგიული… მაგალითად მარწყვი, ჟოლო, ლეღვი და რამდენად მნიშვნელოვანია მიიღოს ის ბავშვმა?

აქ რამდენიმე ასპექტია, პირველი, თუ ადამიანი სეზონური ალერგის მიმართ არის მგრძნობიარე, ამ ადამიანების დიდ ნაწილს, ექმნება რისკი, რომ რეაგირებდეს გარკვეულ ხილზე, ბოსტნეულსა და ა.შ. აქ შემოდის, ე.წ. საკვებისმიერი, ორალური ალერგიის სინდრომი. თუკი პაციენტს აქვს არყის ხის მცენარის მტვრის მიმართ ალერგია და უვლინდება ბრონქოსპაზმით, თვალების ქავილით, ცემინებით და ხველით, გამომდინარე იქიდან, რომ არყის ხეს აქვს ძალიან მსგავსი მოლეკულური შენება ვაშლის ნაყოფთან, ნიგოზის და თხილის ნაყოფთან, ამ ადამიანების დაახლოებით 40%-ს, შეიძლება ამ ხილის მიღების შემდეგ დაემართოს დისკომფორტი, რაც ვლინდება ტუჩების დაბუჟებით, ყლაპვის გაძნელებით, პირში დამწვრობის შეგრძნებით და ა.შ. ეს ვლინდება 5-6 წლის ასაკიდან და მას ჯვარედინ ალერგიას ვეძახით. როდესაც იზრდება ბავშვი და ჩნდება საჭიროება ვიტამინებზე, მიკროელემეტებზე და დაბალანსებულ რაციონზე.

ყველაზე ნაკლებად ალერგიული არის კურკოვანი ხილი, ვაშლი, გარგარი, ატამი, ყველაზე უფრო მეტი პოტენციური რისკის მატარებელი არის ჟოლო მოცვი, მარწყვი, რადგან ისინი თავად არიან ყველაზე ძლიერი ალერგიული ნივთიერების ლიბერატორები. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ მთავარია ზომიერება. მინდა ვისაუბრო ბანანზეც, ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, თუმცა მაქვს ერთი პრინციპი, პაციენტმა ყველაზე დიდი აქცენტი უნდა გააკეთოს პროდუქტზე, რომელიც მოდის საქართველოში. ბანანი ჩვენთან მხოლოდ რამდენიმე თვიანი ვოიაჟის შემდეგ ხვდება, სპეციალური ნივთირერებით დამუშავების შემდეგ, რომ არ გაფუჭდეს ტრანსპორტირებისას. მე არ ვამბობ, რომ საერთოდ არ უნდა გავსინჯოთ ტროპიკული ხილი, თუმცა ზომიერად, ან მინიმალური დოზით. პირველ დღეს მიეცით მარწყვის ნახევარი, თუკი ნახევარი საათის შემდეგ არ წამოვა ჰისტამინის რეაქციები, შეგიძლიათ დოზა გაზარდოთ.

რა ასაკიდან შეიძლება ბავშვს მივცეთ თაფლი?

პაციენტების უდიდესმა ნაწილმა არ იცის, რომ თაფლის მიღება ორ წლამდე ბავშვებში რეკომენდებული არ არის და ეს საერთოდ არ არის კავშირში ალერგიასთან. 60-70 იან წლებში აშშ-ში, ე.წ. ”ხელოვნურ ფორმულებს” და ძირითადად ძროხის რძეს, ატკბობდნენ თაფლით, რამაც მაშინდელ ლიტერატურაში დიდი რაოდენობით დააგროვა პაციენტები უცნაური სიმპტომატიკით. დუნე დამბლების, სუნთქვის გაჩერებისა და სხვა ურთულესი სიმტომების შედეგად დგებოდა მძიმე შედეგი. კლინიკური სიმპტომატიკა იყო ბოტულიზმი, ეს არის მიკრობი, რომელიც უჟანგბადო გარემოში მრავლდება. ის ძირითადად კონსერვთან არის ასოცირებული.

ამერიკელებმა გამოარკვიეს, რომ თაფლი ძალიან ხშირად დაბინძურებული იყოს ბოტულიზმის მიკრობით. ბავშვის ნაწლავში სრული უჟანგბადობაა, ამიტომ, თუკი ჩვენ ორ წლამდე ასაკის ბავშვს ხშირად მივცეთ თაფლს, ბოტულიზმი ნახავს რა უჟანგბადო არეს, იწყებს ტოქსინის გამომუშავებას. რადგანაც ეს რისკი არსებობს და თაფლზე არ შეგვიძლია ანალიზების ჩატარება, რეკომენდებულია, არ მიიღოს ბავშვმა ორ წლამდე ასაკში თაფლი.

თაფლის მიმართ ანალიზს ვერ ვაკეთებთ, უარყოფითი პასუხიც კი არ გამორიცხავს, რომ დიდი რაოდენობით მიღებულმა თაფლმა შეიძლება თრობაც კი გამოიწვიოს. არაალერგიულ ადამიანებს ჩვენ არ ვუკრძალავთ თაფლის მიღებას.

როდესაც ჩვილს აქვს ძროხის რძის ცილის აუტანლობა, თუ შეიძლება მოხდეს პირიქით და განუვითარდეს ალერგია მცენარეებზე…

არსებობს ცნება ატოპიური მარში, ადრეულ ასაკში ალერგიების უდიდესი ნაწილი საკვებიდან მოდის, 18-24 თვემდე სწორედ კვებითი ალერგია გვხვდება – რძის ცილაზე, კვერცხის ცილა, თხილეული, თევზეული და ა.შ. ყველაზე ხშირია ალერგია კვერცხზე და ძროხის რძის ცილაზე. მაგალითად,  7-8 თვის ასაკში პაციენტს აქვს ალერგია ძროხის რძის ცილაზე, რაც ვლიდნდება კანის რეაქციით, კუჭ ნაწლავის ტრაქტით, ხშირი ამოქაფებით, პაციენტების 40%-ს ორი წლის შემდეგ აქვს რისკი ალერგიის ეს ფორმა დაუმთავრდეთ, მაგრამ განწყობამ არ დაიძინოს და გადაექცეთ მგრძნობელობად ოთახის მტვრის მიმართ, ნესტის სოკოების მიმართ, ძაღლისა და კატის ბეწვის მიმართ და გამოვლინდება თვალით, ცხვირით, ხველით, სწორედ ეს არის ატოპიური მარში. დერმატიტი გადადის რინიტსა და ასთმაში.

დიაგნოზი, რომელიც ბოლო დროს გვესმის ხშირად – ატოპიური დერმატიტი…

წლამდე ასაკის ბავშვების თითქმის ნახევარზე მეტს აქვს ატოპიური დერმატიტი, მოზრდილ ადამიანებში კი 8-%-ია. ატოპიური დერმატიტი ტერმინოლოგიურად იგივე ეგზემა, ნეიროდერმატიტი, ან დიათეზი – ეს ყველაფერი ერთი და იგივეა.

კანი ადამიანის ორგანიზმის მეორე სუნთქვითი ორგანოა, ის ხვადასხვა სტრუქტურებისგან შედგება. როდესაც ბავშვი იბადება და აქვს ე.წ. დიათეზი, გამონაყარი, სიწითლე და სიმშრალე, ეს იმას ნიშნავს, რომ კანის სტრუქტურებში შემავალი ელემენტები, რომლებიც კანის სიგლუვესა და სინოტივეს უნდა უზრუნველყოფდეს არ არის სრულყოფილი. ანუ, დაიბადა ბავშვი რომელსაც არ აქვს  100%-იანი ცილოვანი სტრუქტურა. ატოპიური დერმატიტი ბევრს კვებითი გამოვლინება ჰგონია, ეს ასე არ არის. ატიპიური დაავადება არის კვებით გამწვავებადი დაავადება და არა კვებისგან გამოწვეული. შეიძლება გაუმწვავდეს კვების ფონზე, მაგრამ, საერთოდ კვების გარეშეც რომ დავტოვოთ, მისი დაავადება ასევე გაგრძელდება. რადგან ეს არის კანის არასრულფასოვნება, უდიდეს ნაწილში ზრდასთან ერთად ცილოვანი სტრუქტურა სწორდება, ორ წლამდე ასაკში 40-60% დაავადება უკვალოდ ქრება. სკოლამდელ ასაკში თითქმის 70%, გარდატეხის ასაკში კი 90% პაციენტებისა დაავადებას კარგავს. მთავარია ამ კონკრეტულ ასაკამდე გამამწვავებელ საკვებს მოვერიდოთ, ასევე გამამწვავებელ ფაქტორებს შორის არის დაბალი ტენიანობა, ზამთრის პერიოდში ცენტრალური გათბობისას ეს განსაკუთრებით შეინიშნება, სწორედ ამ დროს მწვავდება დაავადება. უნდა მოხდეს სახლის დატენიანება.

კითხვაზე რა ჩავაცვა? შალი არის ნომერი პირველი გამამწვავებელი, კანს აუცილებლად მაღალი ხარისხს კოტონი უნდა ეხებოდეს. ყველაზე ხშირად ამწვავებს დაავადებას კვერცხი, ასევე ყველა საკვები, სადაც ჭარბად შედის ემულგატორი, საღებავი და კვებითი დანამატი, ფერადი კანფეტები, დაბალი ხარისხის შოკოლადი, იოგურტები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებენ და ისინი სავსეა უსერიოზულესი ქიმიური დანამატებით. მე ასეთ პაციენტებს მკაცრ დიეტაზე არ ვსვამ, მე მათ სწორად კვებას ვასწავლი.

მნიშვნელოვანია ბანაობის საკითხიც, ეს უნდა იყოს ყველდღიური მაგრამ ხანმოკლე – 8-10 წუთი და აქედან ორ-სამ წუთში წასმული დამატენიანებელი უფრო ეფექტურია, ვიდრე მშრალ კანზე.

როგორ უნდა განვასხვავოთ ალერგიული გამონაყარი ინფექციურისგან და როდის დგება მომენტი, როდესაც უნდა მივმართოთ ალერგოლოგს?

გამონაყარი და დამოკიდებულება არის თუ არა ალერგია, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ასპროცენტიანი მედიცინაში არაფერი არ არის, თუმცა, დაავადებები, რომლებიც გამონაყარით მიდის და თან ახლავს შემაწუხებელი ქავილი, უხშირესად ეს ალერგიის სასარგებლოდ მეტყველებს. თუ გამონაყარი ძლიერია, ინტენსიურია და მშობლისთვის და ექიმისთვის დამაბნეველია, რადგან კლინიკურად მას არ აწუხებს და არ ექავება, ჩნდება დიდი კითხვის ნიშანი ალერგიასთან მიმართებაში.

ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში გავრცელდა ”მეხუთე დაავადება”, ანუ ინფექციური ერითემა. ერითემა ნიშნავს ინფექციურ სიწითლეს. ერითემას „უყვარს“ შემოდგომა და გაზაფხული და არის ინფექციური დაავადება. ”სილაგაწნული ლოყის სინდრომი” – ასე ეძახიან მას ბრიტანეთში. ბავშვს ერთ დღეს გაღვიძებისას ორივე ლოყა უწითლდება. მეორე-მესამე დღეს ჭრელი, მაქმანისებური გამონაყარი ჩნდება ზედა კიდურებზე, მესამე დღეს კი ჩადის ქვედა კიდურებსა და დუნდულებზე. აქ ქავილი პრქტიკულად არ არის და ხშირად იბნევა ექიმი, რომელიც არ არის გამოცდილი, ნიშნავს არასწორ მკურნალობას. თუ გამონაყარი მიდის ტემპერატურის თანხლებით, აქაც დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება. თუ არის წითელი, კანიდან ამოწეული გამონაყარი, არ ახლავს ქავილი და არის მინიმალური ტემპერატურა, პირველ რიგში მიბრძანდით პედიატრთან ან ბავშვთა ინფექციონისტთან.

თუ გამონაყარს ახლავს ძლიერი ქავილი და არ არის ტემპერატურა, საჭიროა გადაუდებელში მიყვანა, ან თქვენსავე ექიმთან მისვლა.

შემაწუხებელი ხველა – მისი განსაზღვრა მშობლებს ძალიან უჭირთ…

არსებობს ტერმინი „ალერგიული ხველა“, თუმცა ასეთი ცნება არ არსებობს.  ინფექციის შემდეგ მწვავე ხველა, რომელიც გრძელდება სამ კვირამდე, ეს ნორმალურია, თუკი ხველა გრძელდება რვა კვირა და მეტი, ეს არის ქრონიკული ხველა და მის უკან ყოველთვის დგას რაიმე დიაგნოზი.

ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ დაავადებას და არა ხველას, რადგან მის უკან ყოველთვის რაიმე ნოზოლოგია დგას.

შეიძლება ბრონქული ასთმა 20% შემთხვევაში მხოლოდ ხველის სახით ვლინდებოდეს. როდესაც ჩვენთან მოდის პაციენტი გახანგრძლივებული ხველით, მიზეზი ძირითადად არის პოსტინფქციური ხველა და მას ხშირად ყივანახველა, პარაყივანახველა იწვევს. ჩამთავრდება მათი საქმე, მაგრამ პოსტინფექციური ხველა შეიძლება ნახევარი წელიც კი გაუგრძელდეს. მთავარია არ იყოს ალერგიული სინდრომი, შეიძლება იყოს, ან პოსტნაზალური, ანუ უკან წვეთის სინდრომი, როდესაც ადამიანებს სასუნთქი გზების სინუსიტის გადატანის შემდეგ ხახის უკანა კედელზე ჩაედინება ის სეკრეტი, რომელიც წიაღიდან გადმოდის და იმდენად რთულდება, რომ ხანდახან თვეების განმავლობაში გრძელდება ხველა. 15-20% ქრონიკული გახანგრძლივებული ხველა შეიძლება კუჭ-საყლაპავის რეფლუქსით მოდიოდეს. არ არის აუცილებელი პაციენტი გულძმარვას გრძნობდეს, შეიძლება კუჭის შიგთავსი საყლაპავში ამოდიოდეს და იმდენად რთულ სიმპტომო-კომპლექსს იწვევდეს, რაც ქრონიკული ძლიერი ხველით მიმდინარეობს.

ასევე, ძალიან ხშირად ვაწყდები პრაქტიკაში ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებისგან, დავასახელებ – კაპტოპრილი და მისი ჯგუფის პრეპარატებისგან გამოწვეულ გახანგრძლივებულ დაუსრულებელ ხველას. ხშირად მრავალპრეპარატგამოვლილი პაციენტისთვის შეგვიცვლია მედიკამენტი და ხველა შეწყდა.

თანამედროვე ალერგოლოგიაში გვაქვს იმის შესაძლებლობა, გავარკვიოთ ხველის უკან დგას თუ არა ალერგიული საფუძველი, გავაკეთოთ ანალიზები, ასაკის შესაბამისად ჩავატაროთ სუნთქვითი ტესტები. ჩვენ დღეს უკვე პერსონიფიცირებულ მედიცინაზე ვსაუბრობთ, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა.

ძალიან ბევრი მშობელი ცდილობს დამტვერვის სეზონზე ბავშვი წაიყვანოს სადმე მთაში, მითია ეს თუ რეალობა?

ჩემი გადასახედიდან ეს არის მითი, არცერთი ლიტერატურული წყაროთი დადგენილი არ არის, რომ ჰაერში შეწონილი ფიჭვის თუ ნაძვის მტვერი გააძლიერებს იმუნურ სისტემას გააძლიერებს და მე ავადობა შემიმცირდება. თუმცა, მე ყოველთვის ვამბობ, რომ წლების მატებასთან ერთად მაკლდება კატეგორიულობა. თანამედროვე მედიცინა მტკიცებულებებზე დადგენილი მედიცინაა და ექიმი ფაქტებზე დამყარებულ მედიცინას უნდა ირჩევდეს. როდესაც ალერგია გვაქვს და ბრმად წავიყვანთ დამტვერვის სეზონზე ბავშვს, ორ სამ დღეში უკან ბრუნდება და ირკვევა, რომ მას ალერგია აქვს. ზოგადად კურორტოთერაპია ხომ პოზიტიურია, ის ხომ იმუნობიოლოგიური ძალების გაძლიერებისკენ არის მოწოდებული, იქ მიკროკლიმატია, უნიკალური გარემოა და ა.შ.

თუ ბავშვს ალერგია არ აქვს, სადაც გინდათ და როდესაც გინდათ წაიყვანეთ. თუ ოთახის მტვერზე გაქვთ ალერგია, დასავლეთ საქართველოს კურორტებს მოერიდეთ, თუ მცენარეზე გაქვთ ალერგია, ზღვის კურორტი უმჯობესია და მას მოერიდეთ. ვისაც ნესტზე აქვს ალერგია, უმჯობესია, თუ მშრალი კლიმატის ზღვის კურორტი არ არის, არ წახვიდეთ.

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ – ადამიანები ამჯობინებენ ჰორმონების გარეშე გადაიარონ…

არსებობს ე.წ. სტეროიდოფობია, რაც ხშირად ლეგიტიმურია, რადგან ბევრი გვერდითი მოვლენის გამოწვევა შეუძლია. მედიცინა ასეთ პრინციპზე დგას, კონკრეტული პრეპარატის სარგებელი მის პოტენციურ რისკს უნდა აღემატებოდეს. თუ ამ წესის დაცვით აგირჩიათ ექიმმა პრეპარატი, გაქვთ სრული უფლება ისინი გამოიყენოთ.

საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც 2-5 წლამდე ასაკში გვხდება, ეს არის ზედა სასუნთქი გზების დაავადება და მას ლარინგოტრაქეიტი ქვია, ანუ კრუპის სინდრომი, რომლის უდიდესი ნაწილიც ვირუსზე მოდის.

თუკი კრუპის ერთი ეპიზოდი მშობელმა მშიდობიანად დაასრულა და გვაქვს რისკი, მოხდეს განმეორება, რასაკვირველია ექიმისგან დანიშნული პრეპარატი, რომლის არჩევის მედიკამენტი არის დექსამეტაზონი, უნდა გატეხოს და დაალევინოს ან კუნთში გაუკეთოს, თუ ამის შემდეგ 15-20 წუთის განმავლობაში არ უმჯობესდება მდგომარეობა, მაშინ სტაციონარში უნდა გადაიყვანოთ. როგორც კი ბავშვს შეეცვლება ხმა, ექნება მყეფარე ხმა, დაიწყებთ რა მედიკამენტების გამოყენებას, მაშინვე დარეკეთ სასწრაფო დახმარების სამსახურში და ექიმმა თქვას, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ.

ალერგიული რინიტი, კიდევ ერთი გავრცელებული დიაგნოზი…

რინიტი შეიძლება მთელი წელი ჰქონდეს პაციენტს, ან იყოს სეზონური. ალერგიულ რინიტს სჭირდება სწორი დიაგნოსტიკა და ექიმის მიერ რაციონალური პრეპარატების შერჩევა. ხშირად მხოლოდ ცხვირის სანაციაა საკმარისი იმისათვის, რომ დაავადება უკუ განვითარდეს, რადგან გავრცელებული ზღვისა თუ ოკეანის წყლები კარგად ახერხებენ მექანიკური ალერგენის ჩამოშორებას.  ხშირად გვჭირდება ხოლმე ცხვირის გამხსნელები, ან ჰორმონალური პრეპარატები, სხვანაირად რინიტს ვერ მოვერევით, რინიტის დიდი ნაწილი შეიძლება ბრონქულ ასთმაში გადაიზარდოს, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები