LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვითარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2016 წელს

165

2016 წელს, მერიამ საბაგიროების აღდგენა დაიწყო. უკვე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილი პროექტების შესახებ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, 2016 წლის შეჯამებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2017 წელს დაიწყება მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია. ამ საბაგირო გზის რეაბილიტაცია წინა წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა გარკვეული ტექნიკური შეფერხებების გამო, მისი განხორციელება გადაიდო.

კუს ტბის საბაგირო

წელს აღდგა წლების განმავლობაში უფუნქციო კუს ტბის საბაგირო.

საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა  მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე  სისტემებით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური.  ამასთან, მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდოლები. სამუშაოების მიმდინარეობისას  შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე.

მერმა მეტროს რეაბილიტაციის შესახებაც ისაუბრა

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მეტროს მოდერნიზაციას – 2016 წელს გარემონტდა 20 ვაგონი და მოდერნიზდა 4. 2017 წელს განხორციელდება 22 ვაგონის რემონტი და მოდერნიზაცია. გარემონტდება მეტროს სადგურები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით 2016 წელს აქტიურად მიმდინარეობდა მშენებლობა და 2017 წელს ექსპლუატაციაში შევა მეტროსადგური – “სახელმწიფო უნივერსიტეტი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ავტობუსები

„2017 წლის მარტის ბოლომდე თბილისს “Man Truck and Bus AG”-ის 143 ახალი ავტობუსი ეყოლება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო „რადისონში“ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, ამ ეტაპზე ქალაქში, გრძელ დისტანციებსა და მარშრუტებზე უკვე მოძრაობს ევროსტანდარტების შესაბამისი 25 ლურჯი ავტობუსი. ამასთან, უკვე დამონტაჟდა 200 ახალი მოსაცდელი. 2017 წელს კიდევ 500 ახალი მოსაცდელი დამონტაჟდება. დავით ნარმანიას თქმით, 2017 წელს თბილისს ექნება ახალი მუნიციპალური ავტობაზა, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო.