LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვითარდა სტიქიური პროცესები ჭუბერში

79

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჭუბერის თემში, მდ. ნენსკრას აუზში, სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით მომზადდა ანგარიში, შესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით. უწყება ჭუბერში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ საბოლოო ანგარიშსა და ანიმაციას ავრცელებს.

მათი  ინფორმაციით, დადგინდა, რომ მდ. ნენსკრას ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექები მოვიდა, ასევე, მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის ფონზე ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიურ პროცესს ჰქონდა ადგილი.

ანგარიშის თანახმად, აუცილებელია, ნენსკრას აუზში შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების ქსელი, ასევე საჭიროა ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელება

„​ჭარბნალექიანობამ ხეობაში არსებული მეწყრულ-გრავიტაციული უბნების და ღვარცოფული წყალსადინარების გააქტიურება გამოიწვია, განსაკუთრებით მდ. ნენსკრას მარჯვენა შენაკადის – მდ. ოკრილას ხეობაში.

მდ. ოკრილას დინების ქვედა წელიდან მდ. ნენსკრას შესართავამდე ადგილი ჰქონდა ღვარცოფული ნაკადებით მყარი ნატანის და მოგლეჯილი ხე-მცენარეების შედეგად ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების მოკლევადიან შეგუბებებს, რომელთა მოცულობების ზრდამ და მათი გარღვევის შემდეგ გაზრდილი ენერგიის ხარჯმა მდ. ნენსკრას დინების ქვემო წელში, განსაკუთრებით დასახლებულ ტერიტორიებზე, ნაპირგარეცხვითი პროცესების ინტენსივობის მკვეთრი ზრდა და დატბორვა გამოიწვია.

სტიქიის შედეგად დეფორმაცია განიცადა, ან მთლიანად დაინგრა მდინარის ჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები, წაირეცხა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაინგრა რამოდენიმე ხიდი, დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები“, – აცხადებენ უწყებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მდ. ნენსკრას აუზში ანალოგიური სტიქიური მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შერბილების მიზნით, გაიცა შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.

„დასკვნაში აღნიშნულია, რომ მდ. ნენსკრას აუზში ამჟამად სტაციონალური ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის არარსებობის გამო სტიქიის პერიოდში აუზში მოსული ნალექების რაოდენობა მიახლოებით შეფასდა სატელიტური და რადარული მონაცემების ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, ერთ-ერთი აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ მდ.ნენსკრას აუზში შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგული ქსელი. ასევე, საჭიროა ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელება.

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას წარუდგენს სტიქიის პერიოდში განვითარებული მოვლენების ამსახველ ანიმაციას და შესაბამის ანგარიშს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები