16 მარტს, თაკო მელიქიშვილის და ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა საგვარეულო გახლდათ. რადიოს მსმენელმა გაიგო, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს და განიწმინდოს საგვარეულო ცოდვებისგან და უარყოფითი ენერგიისგან.
ანზორ ოდიშარია: დღევანდელი თემაა საგვარეულო. ალბათ, ხშირად გიფიქრიათ საგვარეულო წყევლაზე, ჯადოზე, წინაპრების ცოდვებზე, ადამიანები შემთხვევით არაფერს ამბობენ და ფიქრობენ, ყველაფერს თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. საგვარეულო სისტემა არის ხე, რომლითაც გადადის საინფორმაციო ენერგია, რაც ფესვებშია, ის არის ტოტებშიც და მსგავსი ენერგია იქნება ნაყოფშიც. ყველა ის მიღწევა და დადებითი ქმედება, რომელიც ჩვენს საგვარეულოს ჰქონდა „პლუს ქულებში“ გვეწერება, უარყოფითი „მინუს“. როცა „მინუს ქულები“ აღემატება „პლუს ქულებს“ საგვარეულო პრობლემები იწყება.

-ანზორ, როგორ უნდა მივხვდეთ გვაქვს თუ არა საგვარეულო პრობლემა და გამოსწორება თუ არის შესაძლებელი?
-საგვარეულო პრობლემის მიხვედრა არც ისე რთულია, ინტუიციურად იგრძნობა. თუ ასეთი განცდა გაგიჩნდებათ აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ სპეციალისტთან. საგვარეულო პრობლემის ნიშანი შეიძლება იყოს 1-დან 12 წლამდე ბავშვების ავადობა და გარდაცვალება, ურთიერთობების ვერ შენარჩუნება, როცა ვერ ახერხებთ დაოჯახებას, როცა ოჯახში მამაკაცებს ხანმოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვთ, გარდაიცვლებიან ერთსა და იმავე ციკლში, მსგავსი მიზეზით. თუ ოჯახში ქალბატონები ჭარბობენ და ისინი ითავსებენ მამაკაცის ფუნქციებს და მოვალეობებს, თუ დარღვეულია კაცის და ქალის ენერგიების ბალანსი ეს უკვე პრობლემაა. ყოველთვის უნდა დააკვირდეთ პრობლემებს, თუ ოჯახში და საგვარეულოში მსგავსი პრობლემა მხოლოდ თავად გაქვთ, ეს ვერ იქნება საგვარეულოთი გამოწვეული, ის რაც ინდივიდს ემართება საგვარეულო პრობლემა არ არის, საგვარეულო პრობლემით მთლიანად ოჯახი ზარალდება. პრობლემების ძიება მშობლებისგან უნდა დავიწყოთ, მნიშვნელოვანია, თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მშობლებთან. როცა დედა ან მამა ბოროტად ერევა შვილის ცხოვრებაში, ამაზე ცუდი არაფერი არ არის. მამასთან ცუდი ურთიერთობა ან ურთიერთობის არ ქონა იწვევს მუდმივ დაუცველობის შეგრძნებას, იწყება გარკვეული შიშები მიღწევებისა. დედასთან რთული ურთიერთობა ან ურთიერთობის არ ქონა შეიძლება იყოს ჯანმრთელობის ან ფინანსური პრობლემების წინა პირობა. ბებიასთან და ბაბუასთან პრობლემები თქვენი სიკეთის განვითარებას უშლის ხელს. თუ თქვენ არ გაქვთ თქვენს მშობლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, ეს ყველაფერი სამყაროს დედის და სამყაროს მამის სიყვარულით უნდა ჩაანაცვლოთ, ამის შემდეგ შეძლებთ ჰარმონიის მოპოვებას და დაიწყებთ ახალ სიცოცხლეს. პროფესიონალს ადამიანის საგვარეულო პრობლემებისგან განსაწმენდად 9 დღე სჭირდება.

-20 და 21 მარტზეც ვისაუბროთ…
– ასტროლოგიური ახალი წელი მოდის, რომელიც ყველას ძალიან გაგვახარებს. ის რთული, დაბრკოლებების პერიოდი, რომელშიც ახლა ვართ, 21 მარტის შემდეგ უფრო ჰარმონიული, მშვიდი გახდება. 20-21 მარტი არის ის გარდამტეხი პერიოდი, როცა სამყარო იღვიძებს, ძლიერდება და ცოცხლდება წყლის ენერგია. დღეს შემთხვევით არ ვსაუბრობთ საგვარეულოზე, 20-21 მარტს შეიძლება საფუძველი ჩავუყაროთ საგვარეული განწმენდას. ჩვენი წინაპრები 20-21 მარტს აკეთებდნენ სხვადასხვა რიტუალებს, რომ გამოესყიდათ საგვარეულო ცოდვები. 20 მარტამდე ერთი კვირით ადრე იწყებდნენ მარხვის შენახვას, დეტოქსს. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ყველამ ისე უნდა გააკეთოს განწმენდის რიტუალი, როგორც ესმის, ვიღაცისთვის ეს გარდერობის განახლებაა, ვიღაცისთვის ვარცხნილობის შეცვლა… მთავარია მთელი ყურადღება შედეგზე გვქონდეს კონცენტრირებული.
20 მარტს, ღამე, როცა 21 რიცხვი დგება, შეგიძლიათ მოხატოთ კვერცხი და დააწეროთ თქვენი სურვილი. კვერცხს შეგიძლიათ დაახატოთ ხე, როგორც ჯანმრთელობის სიმბოლო და მზე, როგორც წარმატების. აღნიშნულ კვერცხს ვტოვებთ მინდორში ან ვატანთ წყალს. ამ რიტუალის შემდეგ თქვენი სურვილი უფრო წარმატებული იქნება და მარტივად ასრულდება. ასევე, 20-21 მარტს უნდა დარგოთ 7 ხე, თქვენი საგვარეულოს სახელზე, მნიშვნელობა არ აქვს რომელ ხეს დარგავთ და სად. დარგვისას უნდა თქვათ შემდეგი ფრაზა: „როგორც ეს ხე გაიზრდება, როგორც ეს ხე აყვავდება, ასევე ჩემი საგვარეულოც, გაძლიერდება, გაიწმინდება, აყვავდება და მოვა სამყაროს მხარდაჭერის ენერგია მასთან“. ამ დღეს დედამიწას უნდა გაუკეთოთ საჩუქარი, რომ თქვენი საგვარეულო გაძლიერდეს. თუ ხართ ემიგრანტი და არ გაქვთ ხის დარგვის შესაძლებლობა შეგიძლიათ დამიწების რიტუალი გამოიყენოთ. უნდა წახვიდეთ თქვენი ქალაქის ცენტრალურ ადგილას და ცოტახნით შეხვიდეთ მედიტაციაში, დააკვირდით თქვენს სუნთქვას, იგრძენით თქვენი გულის ცემა, მაქსიმალურად კონცენტრირდით თქვენს თავზე. რიტუალისთვის ასევე დაგჭირდებათ 4 ცალი მონეტა, რომელსაც ისვრით შემდეგი თანმიმდევრობით: ერთს უკან, ერთს მარცხნივ, ერთს მარჯვნივ და ერთს წინ. რიტუალისას ამბობთ შემდეგ ფრაზას: „ამ ქალაქის ძალავ, ამ ქალაქის მცველებო მიმიღეთ მე და იზრუნეთ ჩემზე, როგორც თქვენს შვილზე, როგორც ამ მიწაზე დაბადებულ ადამიანებზე“. აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება საკუთარ ქვეყანაზე უარყოფითად საუბარი, თუ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა, მაშინ უნდა შეიცვალოთ საცხოვრებელი, თუ საცხოვრებლის შეცვლას ვერ ახერხებთ უნდა შეცვალოთ თქვენი მიდგომა. როცა ადამიანი ხშირად საუბრობს უარყოფითად საკუთარ ქვეყანაზე ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი”. მესამე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად.