ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ექიმი, ბავშვთა რევმატოლოგი – ეკა ნახუცრიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ბავშვთა რევმატოლოგიურ დაავადებებზე, პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.
რა ტიპის ჩივილებს, პრობლემებს აერთიანებს ბავშვთა რევმატოლოგია?
პირველ რიგში, განვმარტოთ, რა არის რევმატოლოგია, რევმატოლოგია ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ძვლების, კუნთების, სახსრების, სისხლძარღვების და ხშირად, შინაგანი ორგანოების აუტოიმუნურ ან იმუნური დისრეგულაციით განპირობებულ დაავადებებს. ბავშვთა რევმატოლოგიაც ზუსტად იგივე მეცნიერებაა, უბრალოდ, ის შეისწავლის რევმატულ დაავადებებს ბავშვთა ასაკში, როდესაც ორგანიზმი ჯერ კიდევ ვითარდება და რა დროსაც, შეიძლება, რომ სიგნალები ძალიან სპეციფიკური და ხშირად, ამოუცნობი იყოს.
რაც შეეხება იმას, თუ რა კლინიკურ სიმპტომებს უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, პირველი საყურადღებო სიმპტომი შეიძლება იყოს, როცა ბავშვი უარს ამბობს თამაშზე, ხშირად ითხოვს ხელში აყვანას, ამბობს, რომ სტკივა ფეხები ან სახსრები. შესაძლოა, ამ ყველაფერს თან დაერთოს უცნობი გენეზის ცხელება, რომელიც, როგორც წესი, სტანდარტულ თერაპიას არ ემორჩილება, ასევე შეიძლება, გამოვლინდეს გამონაყარი, აუხსნელი გენეზის მუცლის ტკივილი. აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა იყოს, როგორც კომბინაციაში, ისე იზოლირებულად, განსაკუთრებით, დაავადების საწყის ეტაპზე.
ხშირად, პედიატრიულ ასაკში, ეს სიმპტომები ვირუსულ ინფექციას ან უბრალო გაციებასაც უკავშირდება, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ბავშვებში ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული ინფექციები ძალიან ხშირია, მაგრამ თუ ეს ჩივილები, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა გახანგრძლივებულ ხასიათს იღებს და ბავშვი უარს ამბობს სიარულზე, გამოხატულია ზოგადი სისუსტე, ხშირად ითხოვს ხელში აყვანას, უმჯობესი იქნება, რომ სპეციალისტი ჩაერთოს.
დღევანდელობაში, ძალიან არის დამკვიდრებული ფრაზა – „ზრდის ტკივილები“, ეს ფრაზა რამდენად შეესაბამება რეალობას, მართლა შესაძლებელია, რომ ზრდის პროცესში ადამიანი ტკივილს განიცდიდეს?
ე.წ. ზრდის ტკივილი მართლაც არსებობს. როდესაც ორგანიზმი ვითარდება, იზრდება, რა საკვირველია, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ ჩივილი გასაკვირი არ უნდა იყოს. უბრალოდ, ჩვენ უნდა შეგვეძლოს, რომ ეს ზრდის ტკივილი, რომელიც კეთილთვისებიანი, ბავშვისთვის აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა, გავარჩიოთ იმ ტკივილისგან, რომელიც დაავადების პირველადი ნიშანი შეიძლება, რომ იყოს.
როგორ უნდა გავარჩიოთ ეს ორი სახის ტკივილი ერთმანეთისგან?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, თუ როდის იწყება ტკივილი. ზრდის ტკივილი ყოველთვის აქტიური ფიზიკური აქტივობის, დატვირთვის შემდეგ, საღამოს საათებში ან ღამით იწყება, შესაძლოა, ბავშვი გააღვიძოს კიდეც ამ ტკივილმა. ამ დროს, ტკივილი ყოველთვის ორმხრივად, სიმეტრიულად არის ლოკალიზებული, ანუ ორივე ქვედა კიდური ერთნაირად მტკივნეულია. ტკივილი უმეტესად წვივის არეში არის ლოკალიზებული, ასევე შეიძლება, იყოს მუხლის, კოჭ-წვივის გარშემო. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტკივილი მსუბუქი მანუალური თერაპიით, სითბური კომპრესებით გაივლის და რაც ყველაზე მთავარია, დილით, ბავშვს ტკივილი აღარ აქვს, ბავშვი არ კოჭლობს და ზოგადი სიმპტომატიკა გამოხატული არ არის. თუ ტკივილი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტკივილი ზრდა-განვითარებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ჩვენ უნდა შეგვეძლოს სახიფათო ნიშნების ამოცნობაც და ეს სახიფათო ნიშნებია: დილით შებოჭილობა, როცა ბავშვი ხანგრძლივი ძილის მერე, ვერ ახერხებს აქტიურად ფიზიკურად ამოძრავებას, ფიზიკურ პროცესებში ჩართვას და ა.შ.
თქვენ ჩამოთვალეთ საყურადღებო სიმპტომები, მაგალითად, როცა ბავშვი ხშირად ითხოვს ხელში აყვანას, როცა ტკივილები იმაზე ძლიერია, ვიდრე აქამდე იყო, რაც განსხვავებულს ხდის ბავშვის ყოველდღიურობას და ა.შ. ასეთ დროს, ძირითადად, რასთან გვაქვს საქმე და რა არის მთავარი რევმატოლოგიური პრობლემა ბავშვთა ასაკში?
სახიფათო ნიშნებზე და ზრდის ტკივილზე და პათოლოგიურ ტკივილზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ტკივილი ლოკალიზებულია მხოლოდ ერთ კიდურში, თუ ბავშვი ყოველთვის ერთსა და იმავე არეზე მიუთითებს, ეს შეიძლება, ტრავმაზე ან ინფექციურ პროცესზე მიანიშნებდეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენი სახსარია დაზიანებული, რამდენ სახსარში ვლინდება შეშუპება, შეწითლება ან მოძრაობის შეზღუდვა. თუ ერთ სახსარზეა პრობლემა, ეს შესაძლოა, ტრავმა და ინფექცია იყოს, მრავალი სახსარი უფრო რევმატულ დაავადებებს ახასიათებს.
შესაძლოა, რევმატული დაავადება ინფექციის შემდგომ დაიწყოს და ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ხშირად, ინფექციური პროცესის შემდგომ დაწყებული პათოლოგიები განსხვავებულ მიდგომას საჭიროებენ. ასევე, მნიშვნელოვანია, შეფასდეს დილის შებოჭილობა, რაც ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური სიმპტომია ბავშვთა რევმატოლოგიაში, თუ როგორ გრძნობს ბავშვი თავს დილით ან ხანგრძლივი მობილიზაციის შემდგომ, ხომ არ აქვს გარკვეული შებოჭილობის გრძნობა, ხომ არ უნდა თავიდან აირიდოს გარკვეული ფიზიკური აქტივობები. როგორც უკვე აღვნიშნე, ზრდის ტკივილი აუცილებლად ორივე კიდურში უნდა იყოს, ამ დროს, ბავშვი არ უნდა კოჭლობდეს, დილით მშვიდად უნდა იღვიძებდეს. თუ აღნიშნული კრიტერიუმები დაცული არ არის, მაშინ საჭიროა საქმეში სპეციალისტი ჩაერთოს. პირველ რიგში, ალბათ, უფრო ლოგიკური იქნება, თუ პროცესში ორთოპედი ჩაერთვება, რადგან პედიატრიულ ასაკში ტრავმატიზაციის რისკი ძალიან მაღალია. თუ ტრავმის ნიშნები არ არის და ტრავმატოლოგიური პროცესი გამორიცხულია, შემდეგ, უკვე რევმატოლოგიური და ინფექციური პროცესები დგება დღის წესრიგში.
ყველაზე ხშირად, საბედნიეროდ, პოსტინფექციური ართრიტები გვხვდება და მისი მკურნალობა შედარებით უფრო მარტივია, ხშირად სრული გამოჯანმრთელებითაც კი სრულდება, თუმცა ასევე, ძალიან ხშირად გვხვდება იუვენილური ართრიტები, რომლებიც ქრონიკული ართრიტების ჯგუფს მიეკუთვნება და ამ შემთხვევაში, მხოლოდ დამხმარე თერაპია საკმარისი აღარ არის ხოლმე და საჭირო ხდება უფრო სისტემური მეთვალყურეობა და მულტიდისციპლინარული მიდგომა.
სწორედ იუვენილური ართრიტების ჯგუფს ახასიათებს ის სიმპტომები, რაც უკვე ჩამოვთვალეთ, მრავალი სახსრის დაზიანება, დილის შებოჭილობა, შეიძლება, დაიწყოს კანზე გამონაყარი და შინაგანი ორგანოებიც კი დააზიანოს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ასაკზე და ტრიგერულ ფაქტორებზე.

აღნიშნულ პრობლემას რამდენად განსაზღვრავს გენეტიკური ფაქტორი და თუ არის რაიმე კონკრეტული ასაკი, რა დროსაც ყველაზე მეტად არის რისკი, რომ ბავშვს ამ დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომები დაეწყოს?
რა საკვირველია, გენეტიკური ფაქტორი უმნიშვნელოვანესია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში, გენეტიკური ფაქტორი წამყვანი მექანიზმი არ არის, ანუ შესაძლოა, ბავშვის და-ძმას, მშობლებს ჰქონდეთ რევმატოიდული ართრიტი, სპონდილოართრიტების ჯგუფის დაავადება ან სისტემური წითელი მგლურა და ასეთ ბავშვს რისკი იმისა, რომ მომავალში რევმატოლოგიური პათოლოგია განუვითარდეს, გაზრდილი აქვს, თუმცა კონკრეტულად ერთი გენის ჩართვა-გამორთვა ყოველთვის ეპიგენეტიკური ფაქტორებზეა დამოკიდებული, ანუ ბავშვი შეიძლება, დაიბადოს გენეტიკური წინასწარგანწყობით, თუმცა დაავადება ეპიგენეტიკური გარემო ფაქტორების, გამშვები მექანიზმის გარეშე, როგორც წესი, არ ვლინდება. შეიძლება, ეს მექანიზმი არც არასდროს გაეშვას, ამიტომ არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ ბავშვის ცხოვრების წესზე.
როგორია პრობლემის დიაგნოსტირების სქემა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომა?
დიაგნოსტიკური კვლევები ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რევმატოლოგიურ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. თუ ჩვენ სახსროვან კომპონენტზე ვსაუბრობთ, დაავადების სიმძიმის და ასაკის გათვალისწინებით, შესაძლოა, დაგვჭირდეს სხვადასხვა რადიოლოგიური კვლევების ჩატარება და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით, საქართველოში ყველა ეს რადიოლოგიური კვლევა ხელმისაწვდომია.
რაც შეეხება მკურნალობას, თანამედროვე მიდგომებს და დაავადების მართვას, დღესდღეობით, დაავადების მართვა მხოლოდ ანთების შემცირებას, კუპირებას და დისკომფორტის მოხსნას არ გულისხმობს, ჩვენ გვაქვს მულტიდისციპლინარული მიდგომა, რევმატოლოგი, პედიატრი, ორთოპედი, დერმატოლოგი, ოფთალმოლოგი და ა.შ. ერთად მუშაობენ პრობლემაზე და ინდივიდუალური გეგმის შერჩევით სახავენ მკურნალობას. ეს ინდივიდუალური გეგმა, რა საკვირველია, მტკიცებით მედიცინაზეა დაფუძნებული. დღესდღეობით, ასევე არსებობს “Treat to target” კონცეფცია, რაც გულისხმობს დაავადების დროულად ამოცნობას, რომ დროულად დავიწყოთ მკურნალობა და დროულად მოხდეს ცვლილებები მკურნალობის სქემაში, დაავადების მიმდინარეობიდან გამომდინარე.
ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ფარმაკოლოგიური თერაპია, რაც ხშირად გვჭირდება ბავშვთა რევმატოლოგიაში. ფარმაკოლოგიური თერაპიის დიაპაზონი ძალიან დიდია და იწყება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და სრულდება ბიოლოგიური თერაპიით, რომელიც დღესდღეობით, ბირთვია ბავშვთა რევმატოლოგიაში. კონკრეტული იმუნური მოლეკულის, კონკრეტული ინტერლეიკინის ბლოკირების გზით, ჩვენ შეგვიძლია, ანთების კონტროლს მივაღწიოთ და ბავშვს ყველა ის ჩივილი მოვუხსნათ, რაც მას დაავადების გამო აქვს.
დაავადების დიაგნოსტირების შემდეგ, როგორია ასეთი ბავშვების ცხოვრების წესი, რა შეზღუდვები უწესდებათ მათ, რა ტიპის რეკომენდაციას აძლევთ პაციენტებს?
როგორც უკვე აღვნიშნე, რაც არ უნდა ძლიერი იყოს გენეტიკური ფაქტორი, ეპიგენეტიკური გარემო ფაქტორების გარეშე, როგორც წესი, დაავადება არ იწყება, ამიტომ, რა საკვირველია, სხვადასხვა ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა აქვს. დავიწყოთ კვებით, რა თქმა უნდა, დაბალანსებული კვება, ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა შეზღუდოს შაქრების მიღება, ეს განსაკუთრებით ეხებათ ისეთ პაციენტებს, რომლებიც ხანგრძლივ იმუნო გლუკოკორტიკოსტეროიდულ თერაპიაზე იმყოფებიან, რომ ავიცილოთ წონაში მატება და ძვლის მინერალიზაციის დარღვევა.
რა საკვირველია, რევმატული დაავადებები გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ აქტივობაზე, მის სოციალურ ცხოვრებაზე, მაგრამ ჰოლისტიკური მიდგომა გულისხმობს, რომ ბავშვი სოციალურად, ფიზიკურად აქტიური და სოციუმის აბსოლუტურად სრულყოფილი წევრი გავხადოთ. ამ ყველაფრის მიღწევა სრულიად შესაძლებელია მშობელთან, სკოლასთან თანამშრომლობით.
გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს, განსაკუთრებით, დაავადების აქტიური ფაზის დროს, აქვთ ხოლმე დილის შებოჭილობა, ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა არ შეუძლიათ, ამ შემთხვევაში კი, გამოსავალი აკადემიური ადაპტაციაა. შესაძლოა, დაავადების გამწვავების დროს, დისტანციურად მოხდეს სწავლება. მნიშვნელოვანია, რომ სკოლა და პედაგოგი ინფორმირებული იყოს ბავშვის მდგომარეობის შესახებ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზოგადად, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს შფოთვის და დეპრესიის მაღალი სიხშირე აქვთ, რის გამოც, ხშირად, ფსიქოლოგის ჩართვა გვჭირდება, რომ ეს პროცესი არ გახდეს ბავშვის იდენტობის ნაწილი და ის იყოს სოციალურად, ფიზიკურად აქტიური.
რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, ადრე ითვლებოდა, რომ სახსროვანი კომპონენტის მქონე დაავადებების დროს ფიზიკური აქტივობა რეკომენდებული არ იყო, თუმცა დღესდღეობით, აბსოლუტურად საპირისპიროს ვანიჭებთ უპირატესობას, დაბალი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა უმნიშვნელოვანესია, რათა შენარჩუნებული იყოს სახსრის ფუნქცია. უპირატესობას ვანიჭებთ ცურვას, იოგას, პილატესს. პაციენტს რეკომენდაციას ვუწევთ, თავიდან აირიდოს კონტაქტური სპორტები, რომლებიც ტრავმატიზაციის რისკით გამოირჩევა.

რა ტიპის რეკომენდაციას მისცემდით მშობლებს, როგორ დაიცვან ბავშვები, რომ თავიდან აირიდონ რევმატული დაავადების განვითარება?
რა თქმა უნდა, გარკვეული სახის გარემო ფაქტორების, რისკ- ფაქტორების თავიდან არიდება მარტივია, მაგრამ დაავადების ყველა გამშვებ მექანიზმს და ტრიგერს ვერ ავირიდებთ და ასეთია, პირველ რიგში, ინფექციური დაავადებები, რომლებიც ყველაზე ხშირად ითვლება რევმატული დაავადებების გამშვებ მექანიზმად.
ზოგიერთ შემთხევაში, ჩვენ ისიც ვიცით, თუ რომელ ინფექციურ პროცესს უკავშირდება რევმატული დაავადება, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სტრეფტოკოკული ინფექცია, მწვავე რევმატული ცხელების შემთხვევაში. ვიცით, რომ გარკვეული ტიპის ვირუსული ინფექციები ავტოიმუნური პროცესების გამოვლენის სიხშირეს ზრდის, მაგალითად, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, პარვოვირუსი B19, SARS-CoV-2, ანუ კოვიდ ინფექცია. რა თქმა უნდა, ამ ვირუსული ინფექციების თავიდან არიდება, ასეთი მარტივი არ არის.
კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო მშობლები და შევახსენო, რომ გენეტიკური განწყობა არ ნიშნავს, რომ ბავშვს აუცილებლად განუვითარდება რევმატული პათოლოგია.
პრევენციული ღონისძიებები უნდა მოიცავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს, აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას, ბავშვის სოციალური ცხოვრების შეზღუდვის მინიმუმამდე დაყვანას.
რაც შეეხება ვირუსული ინფექციებს, ამ შემთხვევაში, ჩვენი რეკომენდაცია მხოლოდ ის არის, რომ გარკვეული ტიპის ინფექციების დროს, რომელთა მკურნალობაც შესაძლებელია, მაგალითად, სტრეპტოკოკული ფარინგიტი, დროულად მოხდეს დაავადების ამოცნობა და მკურნალობა, რომ შემდგომში, თავიდან ავირიდოთ რევმატული დაავადების განვითარების შანსი.
დაავადების რემისიის პროცესში გადასვლა, მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება, სიმპტომების მალე კუპირება დამოკიდებულია თუ არა იმაზე, დაავადების რა ეტაპზე მოხდება დიაგნოსტირება და როდის ჩაერთვება პროცესში ექიმი?
დიახ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. დაავადების დროული ამოცნობა ყოველთვის უდრის უკეთეს გამოსავალს. შესაბამისად, ის სახიფათო ნიშნები, რაც ჩვენ ვახსენეთ, აუცილებლად ყურადსაღებია და თუ მსგავს რამეს შეამჩნევს მშობელი, აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტთან.
რაც შეეხება რემისიას და სრულ გამოჯანმრთელებას, ეს დამოკიდებულია დაავადებაზე, არის ისეთი დაავადებები, მაგალითად, პოსტვირუსული, პოსტინფექციური მდგომარეობები, რომელთა შემთხვევაშიც, შესაძლოა, სრულად გამოჯანმრთელდეს ბავშვი.
დღესდღეობით, ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებების დროსაც, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მივაღწიოთ სრულ რემისიას, ფარმაკოლოგიური ან არაფარმაკოლოგიური მკურნალობით და ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სოციალურ ცხოვრებაში, იყვნენ ფიზიკურად აქტიურები, იმოგზაურონ, იყვნენ სოციუმის აბსოლუტურად ჯანსაღი წევრები.