ნეგატიური ფიქრები ხელს უშლის მშვიდ ცხოვრებას, ამიტომ საჭიროა ამ ფიქრებისგან გათავისუფლება. ბაირონ ქეითის მეთოდის მიხედვით, უნდა დაუსვათ საკუთარ თავს 4 შეკითხვა, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ. ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა თინათინ ბასილაიამ ისაუბრა.
რა არის პირველი ეტაპი, იმისთვის, რომ ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლება მოხდეს?
იმისთვის, რომ დავიწყოთ გამოკვლევის პროცესი, საჭიროა პირველ რიგში ავარჩიოთ სტრესული ან მტკივნეული ფიქრი, რომელიც სიმშვიდეს გვირღვევს. მაგალითად, ავიღოთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფიქრი “მან გული მატკინა.”
გაიხსენეთ კონკრეტული მომენტი თქვენი ცხოვრებიდან, როდესაც კონკრეტულმა ადამიანმა თქვენი აზრით გული გატკინათ. ფიქრებით დაბრუნდით იმ დროსა და სივრცეში, როდესაც ეს ხდებოდა. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენივე ფიქრები, ხშირად საკუთარ თავს შთავაგონებთ ამა თუ იმ აზრებს. ბაირიონ ქეითი ამბობს, რომ ყოველი სტრესული შეგრძნება არის მაღვიძარასავით, რომელიც გვეუბნება დავიჯეროთ ის, რაც სიმართლე არ არის.
რომელი ოთხი შეკითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
პირველი: ეს სიმართლეა?
ანუ ვეკითხებით საკუთარ თავს: “სიმართლეა, რომ ადამიანმა გული მატკინა?” პასუხების გაცემის დროს მნიშვნელოვანია არ ვიჩქაროთ. უბრალოდ მოვუსმინოთ საკუთარ თავს და იმ პასუხს, რომელიც ჩვენში შიგნიდან ჩნდება. პირველ შეკითხვაზე ვპასუხობთ ან “კი”-ს ან “არას”. თუ ჩვენი პასუხია “კი”, გადავდივართ მე-2 შეკითხვაზე. თუ ჩვენი პასუხია “არა” ვტოვებთ მე-2 შეკითხვას და გადავდივართ მე-3 შეკითხვაზე. ამ შემთხვევაში წარმოვიდგინოთ, რომ ვუპასუხეთ კი – ეს სიმართლეა.
მეორე: შეგიძლია აბსოლუტურად იცოდე, რომ ეს სიმართლეა?
ანუ საკუთარ თავს ვეკითხებით: “შემიძლია აბსოლუტურად ვიცოდე, რომ ეს სიმართლეა, რომ მან გული მატკინა?” აქ დააკვირდით იმ გარემოებას, რომ კიდვ უფრო ვაზუსტებთ პირველ კითხვას. აქაც ვპასუხობთ “კი”-ს ან “არა”-ს, ყოველგვარი ახსნის გარეშე. შემდეგ გადავდივართ მე-3 შეკითხვაზე.

მესამე: როგორ რეაგირებ, რა ხდება, როდესაც ამ ფიქრის გჯერა?
ამ დროს აკვირდებით თქვენს თავს, ამ ფიქრთან ერთად. როგორ რეაგირებთ, რა ხდება, როდესაც გჯერათ ფიქრის, რომ მან გული გატკინათ? რას გრძნობთ ამ დროს სხეულში? როგორ ექცევით მას? როგორ ცხოვრობთ, როდესაც ამ ფიქრის გჯერათ?
მეოთხე: ვინ იქნებოდი ამ ფიქრის გარეშე?
ანუ, აკვირდებით, ვინ იქნებოდით იმ ფიქრის გარეშე, რომ მან გული გატკინათ? წარმოიდგინეთ, იმავე სიტუაციაში, სადაც ის აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ყველაფერი ხდება ისე, როგორც ხდება, მაგრამ თქვენ არ გაქვს ფიქრი “მან გული მატკინა.” ვინ იქნებოდით მის თანდასწრებით ამ ფიქრის გარეშე? შეგვიძლია კიდევ უფრო ღრმად წავიდეთ… დააკვირდით მას, მის სახეს, მის თვალებს… რას შეამჩნევდით მასში, იმ ფიქრის გარეშე, რომ მან გული გატკინათ? დააკვირდით. არ იჩქაროთ… გახსოვდეთ, “სამუშაო” მედიტაციაა…
ხშირად ფიქრების დაჯერებით საკუთარ თავს ვტკენთ გულს. ადამიანები არიან ჩვენი სარკეები. როგორც ექცევით საკუთარ თავს, ზუსტად ისე გექცევიან სხვა ადამიანი. თუ თქვენი ნეგატიური ფიქრები სხვა ადამიანებს ეხებათ, მაშინ გამოსავალი თქვენი კონტროლის ზონას ცდება. მაგრამ თუ ხვდებით, რა შეცდომა დაუშვით, მაშინ თქვენ გააკონტროლებთ თქვენ ნეგატიურ ფიქრებსაც. ამის გაცნობიერებაა ძალიან დიდი ძალაა.
გადაცემის აუდიოჩანაწერი