ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, პედიატრი, ეკა ყიფიანი სტუმრობდა, რომელმაც გრიპის ვირუსზე, მაღალ ცხელებაზე, შეუპოვარ ხველაზე, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, ფილტვების ანთებაზე, ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკების გამოყენებაზე და სხვა საინტერესო და აქტუალურ თემებზე ისაუბრა.
ეკა, წელს განსაკუთრებით გვიტევს ვირუსები, ავადაა თითქმის ყველა ბავშვი. რა არის ამის მიზეზი, რასთან გვაქვს საქმე? ბევრი აღნიშნულ ვითარებას კოვიდის პერიოდს მიაწერს, რადგან კოვიდის პერიოდში ჩაკეტილები ვიყავით, თითქოს, ახლა ყველა ვირუსი ერთად მოგვაწყდა,
ვითარება ნამდვილად არ არის დიდად გამორჩეული სხვა სეზონებისგან. კი, კოვიდის პერიოდში ამ მხრივ ბევრად უფრო მშვიდად ვიყავით მშობლებიც და პედიატრებიც, რადგან იყო სოციალური იზოლაცია, არ იყო სკოლა, ბაღი და შესაბამისად, ბევრად ნაკლები იყო ავადობის სიხშირეც. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ იყო ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო – კონტაქტი. ზოგადად, ის, რომ ზამთრის პერიოდში რესპირაციული ვირუსები აქტიურდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ნუ მივიღებთ, როგორც საგანგაშო მდგომარეობას. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ ბევრად მომზადებული შევხვედროდით მომავალ ზამთარს, რომ გაგვეკეთებინა გრიპის ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოდის და რომელიც ხელმისაწვდომია. კარგი იქნებოდა, აგვეცრა ბავშვები, განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადების მქონენი. ეს ზუსტად იმიტომ, რომ გვქონდეს იმაზე უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე ახლა გვაქვს. ნამდვილად ვერ ნახავთ ოჯახს, სადაც არ არის სიცხიანი ან სხვა სიმპტომების მქონე ბავშვი, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს მდგომარეობას. ამის მთავარი მიზეზი კი კონტაქტი და სეზონი გახლავთ. მთავარი პროფილაქტიკა არის იმუნიზაცია.
ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ ვირუსისთვის, რომელიც ახლა ცირკულირებს, დამახასიათებელია მაღალი ცხელება, 39-40 გრადუსი. ჩვენ გვისაუბრია, რომ ეს ყველაფერი პირველი ორი დღე ნორმაა, მაგრამ როდის აღარ არის ეს ყველაფერი ნორმა?
საუბარი განგებ დავიწყე გრიპით, რადგან ახლა ჩვენთან A ტიპის გრიპი ცირკულირებს. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ განვმეორდები, ტერმინი გრიპი ჩვენს საზოგადოებაში ძალიან არასწორად არის დამკვიდრებული, მარტივ გაციებასაც კი ხშირად გრიპს ეძახიან. გრიპის დროს ტემპერატურა 7 დღე გრძელდება და არა 3, როგორც ბანალური რესპირაციული ვირუსების დროს. ტემპერატურა აუცილებლად ადის 39-40 გრადუსამდე, თან ახლავს ძლიერი ინტოქსიკაცია, სახსრების და თავის ტკივილი, კონიუქტივიტი ან ძლიერი ცრემლდენა, ცემინება. ჩამოთვლილი სიმპტომების მიხედვით, ალბათ, ბევრი გამოიცნობს, რომ ნამდვილად გრიპი ჰქონია. სამი დღე ველოდებით ტემპერატურის ნორმალიზებას იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი არ გვაქვს გრიპზე, თუ ავადობა მიდის 38 გრადუსი სიცხით, რომელიც ადვილად ემორჩილება დამწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ გრიპზე ვსაუბრობთ, იქ ძალიან რთულდება ტემპერატურის მართვა, განსაკუთრებით, პირველ 48-72 საათში და ეს სირთულე შეიძლება გაგრძელდეს ზუსტად ერთი კვირაც. თუ არ არის ძლიერი ინტოქსიკაცია, დამწევის ფონზე მშვენივრად გრძნობს ბავშვი თავს, აქტიურია, ხასიათზეა, სითხეს და საკვებს იღებს და რომ არა ტემპერატურა, დედა ამბობს, რომ აბსოლუტურად მშვენივრად გრძნობს ბავშვი თავს, მაშინ 3 დღე აბსოლუტურად მოცდადია. თუ ბავშვი არ არის სამ თვემდე ასაკის, მიეცით მხოლოდ ტემპერატურის დამწევი, დატვირთეთ სითხეებით, გყავდეთ მოსვენებულ მდგომარეობაში და მას მეტი არაფერი სჭირდება და როგორც წესი, ის თვითლიმიტირდება, არავითარი დამატებითი მედიკამენტები და კვლევები ასეთ ბავშვს არ სჭირდება.
ახლა სხვა რეალობის წინ ვდგავართ, რადგან ახლა უმეტესად არის ვირუსი, წარმოდგენილი შემდეგი სიმპტომებით: 39-40 გრადუსი ტემპერატურა, რომელიც ძალიან რთულად სამართავია, აწევის ფაზა არის ძლიერი შემცივნებით, კანკალით, შეიძლება იყოს ფებრილური გულყრაც, მაშინაც კი თუ ის აქამდე არასდროს ჰქონია ბავშვს, პლუს ეს არ მთავრდება და დინამიკა ნათელი არ ჩანს სამ დღეში. ასეთ შემთხვევაში მეოთხე-მეხუთე დღეს პედიატრის კონსულტაცია და შესაბამისი კვლევები აუცილებელია, რადგან გრიპის ვირუსს გართულებები ახასიათებს.
ძალიან ბევრი ვირუსია, რომელთა ვაქცინაც არ არსებობს, მაგრამ გრიპის ვირუსის ვაქცინა შეიქმნა, რადგან გართულებების თვალსაზრისით საშიშია, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, 2 წლამდე და ქრონიკული თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებში. მისი ყველაზე ხშირი გართულება ფილტვების ანთებაა.
არსებული ვირუსების პირობებში მშობლები ხშირად აღნიშნავენ ღებინებას, განსაკუთრებით, სიცხის და ხველის ფონზე. წარმოადგენს თუ არა ღებინება ისეთ სიმპტომს, რომლის დროსაც აღარ უნდა ვიცადოთ და უნდა მივმართოთ პროფესიონალს?
თუ ღებინება ერთჯერადია და ის თან ახლავს მაღალ ცხელებას, ამის ნუ შეგეშინდებათ, ეს გამოწვეულია სპაზმით, მაგრამ თუ გვაქვს ძლიერი, შეუპოვარი, მრავალჯერადი ღებინება, რასაც თან ერთვის რთულად სამართავი ტემპერატურა და ძლიერი თავის ტკივილი, მაშინ აუცილებლად გამოსარიცხია გარკვეული სერიოზული გართულებები, მათ შორის, მენინგიტიც და ამ დროს აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია.
ერთ–ერთი სიმპტომი, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ დგას არის შეუპოვარი, სპაზმური, შეტევითი ხველა, რა არის ამის მიზეზი, ეს არის გახანგრძლივებული ხველა, ალერგიით დამძიმებული ხველა თუ სხვა?
სასუნთქი სისტემის დაზიანებით მიმდინარე ინფექციები დაინტერესებული არიან ზედა და ქვედა სასუნთქი გზებით, შესაბამისად, მათი გამრავლება ამ ლოკალურ ადგილას იწვევს სეკრეტის აქტიურად გამოყოფას და შესაბამისად, გროვდება ნახველი. ხველა ეს არის დამცველობითი რეფლექსი, მარტივად, რომ აგიხსნათ, როდესაც რაღაც გადაგცდებათ, ხომ ხველას იწყებთ, იგივე დამცველობითი რეაქცია აქვს მას ბავშვის ორგანიზმისთვისაც, ეს არის მექანიკური ბიძგი იმისთვის, რომ ნახველი დაიძრას და სასუნთქი გზა განთავისუფლდეს.
ძალიან ხშირად მშობლები ითხოვენ ხველის დამთრგუნველ პრეპარატს, რაც არაფრით არ შეიძლება. ასევე ითხოვენ ნახველის გამათხიერებელს, რაც თავისი არსით გულისხმობს იმას, რომ სეკრეტი უნდა გახდეს უფრო წებოვანი, უფრო რთულად ამოსაღები, უფრო მეტად უნდა მოხდეს ხველის სტიმულირება, რასაც სუნთქვის უკმარისობამდეც მივყავართ ხოლმე. აღნიშნული მედიკამენტები განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკში არის ხოლმე ჩართული, მაშინ როცა ბრონქის სანათური ძალიან წვრილია და ამ წვრილი ბრონქების ანთება ძალიან ხშირია. თუ კი ხველა არის ძალიან ძლიერი, ძალიან შეტევითი ერთადერთი სწორი მოქმედება სასუნთქი გზების ინჰალაციის საშუალებით, ცივი, ტენიანი ორთქლით დატენიანებაა. თუ არის სპაზმი, ის აუცილებლად ექიმმა უნდა შეაფასოს. შეტევითი ხველა არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად ბრონქოსპაზმთან გვაქვს საქმე. ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს ძალიან ხშირად იყენებენ არასწორად და მათი ეფექტურობა ნულია, ასევე აღსანიშნავია, რომ მათ ძალიან ბევრი უკუჩვენება აქვთ და 6 წლამდე მათი გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება.
რით შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს, როდესაც მას ეწყება შეუპოვარი ხველა და პრაქტიკულად არ ჩერდება?
თუ ხველა ხელს უშლის ბავშვის ზოგად მდგომარეობას, იქ, რა თქმა უნდა, ჩარევა საჭიროა, თუმცა 100-დან 90% შემთხვევაში შეხება გვაქვს უბრალოდ მშობლის ღელვასთან, რადგან ბავშვი ჩვეულებრივად თამაშობს, ჩვეულებრივად არის, ძილითაც სძინავს და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ხედავთ, რომ ხველა მოქმედებს ბავშვის ზოგად მდგომარეობაზე, ის არის იმდენად ძლიერი და გადაბმული, რომ ბავშვი თითქოს ვერ ასწრებს ამოსუნთქვას, მაშინ პედიატრის რეკომენდაციით გარკვეული მედიკამენტი უნდა იყოს ჩართული. პროფესიონალმა უნდა განსაზღვროს წამალი და დოზა. შეიძლება საჭირო გახდეს ჰორმონიც და უკიდურეს შემთხვევაში ანტიჰისტამინურიც, თუმცა ეს იმისთვის, რომ ბავშვმა მოისვენოს, ეს არ ნიშნავს, რომ ამით ხველას უნდა ვუმკურნალოთ.
როდის დგება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების ან ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა?
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას განსაზღვრული აქვს ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები და მათ შორის პირველ სამეულში მშობლის ინტუიციაცაა, ანუ როდესაც ერთი შეხედვით თითქოს საშიშს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ მშობელს აქვს წინასწარგანწყობა, რომ შეიძლება რამე სერიოზული იყოს. თუ ბავშვი არის სამ თვემდე ასაკის, აქვს 38 და მეტი ტემპერატურა, ის აუცილებლად უნდა გასინჯოს პედიატრმა, ცხელების პირველივე ჩვენებაზე. პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს ბავშვი, თუ მას აქვს თანმხლები დაავადება, იმუნოდეფიციტი, ონკოლოგიური დაავადება ან სხვა. სხვა მხრივ, თუნდაც იყოს საუბარი გრიპის ვირუსზე, სამ დღიანი მოცდა ძალაშია, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ტემპერატურის დამწევის შემდეგ არის ნორმალურად და იღებს ადეკვატური რაოდენობის სითხეს და საკვებს. თუ ბავშვი უარს ამბობს სითხეზე, საკვებზე, გახდა მივარდნილი, ძილიანი, არ შემოდის კონტაქტში, არ უნდა თამაში, მისი ზოგადი მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია, ეს უკვე იმის ნიშნებია, რომ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან მიაკითხოთ კლინიკას.
ხშირად ხდება, რომ თითქოს დავასრულებთ ვირუსს და თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ უცებ ისევ მაღალი ცხელება იჩენს თავს. ამ დროს საქმე გვაქვს შებრუნებულ ვირუსულ ინფექციასთან თუ ეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომია?
გრიპის ვირუსს ახასიათებს ორფაზიანი მიმდინარეობა. ორფაზიან მიმდინარეობაში იგულისხმება ზუსტად ის, რომ თითქოს ნორმალიზდა მდგომარეობა, ტემპერატურამ დაიწია, გვქონდა ნათელი 24 ან 48 საათი, მაგრამ მერე ისევ დაიწყო პიკი. აღნიშნული მართლაც ამ ვერაგი ვირუსის ერთ-ერთი მანიშნებელია, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც არა მხოლოდ გრიპის, არამედ სხვა ვირუსული ინფექციის დროსაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ თავიდან იწყება მაღალი ცხელება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმის გარჩევა, თუ რა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, არის ეს გართულება თუ რაღაც ახალია დაწყებული, ასე შეუძლებელია და ამ დროს ნამდვილად დგება კვლევების აუცილებლობა. სწორედ ამ კვლევებით დავასკვნით, თუ რასთან გვაქვს საქმე. აუცილებლად უნდა გაკეთდეს რუტინული კვლევები, მინიმუმ სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც საკმაოდ ინფორმატიულია ჩვენთვის და შედარებით ადვილად ხელმისაწვდომია ყველასთვის. ის გვაძლევს გარკვეულ მინიშნებას ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ბავშვის ზოგად მდგომარეობას, თუ სიცხე ბევრად რთულად ემორჩილება დამწევს, თუ მაღალია ინტოქსიკაცია და ამას თან ახლავს ღებინება, დიარეა, ძლიერი თავის ტკივილი, არ გადაავადოთ პედიატრთან ვიზიტი.
შებრუნებული ვირუსი, გახანგრძლივებული სიმპტომატიკა, წარმოადგენს თუ არა ერთგვარ ნიშნავს იმისა, რომ შეიძლება ფილტვების ანთებასთან გვქონდეს საქმე და ზოგადად არსებობს თუ არა რაიმე სიმპტომი, რაც ფილტვების ანთებაზე მიგვანიშნებს?
ფილტვების ანთება ეს სერიოზული მდგომარეობაა და მას ძალიან სწორი მკურნალობა და მართვა სჭირდება. მისი მართვა ზოგიერთ შემთხვევაში ბინაზეც თავისუფლად შეიძლება. ფილტვების ფონენდოსკოპით მოსმენამ შეიძლება არ მოგვცეს სწორი სურათი, რადგან ფილტვს ისეთი სტრუქტურა აქვს, რომ ანთებითი კერა შეიძლება ისეთ ადგილას იყოს ლოკალიზებული, რომ ვერავინ ვერ შეძლოს, მისი ფონენდოსკოპის საშუალებით მოსმენა და ფილტვების ანთებაზე ეჭვის მიტანა. მთავარია სახეზე არ გვქონდეს ფილტვების უკმარისობა. მშობელმა აუცილებლად უნდა დათვალოს სუნთქვის სიხშირე. სუნთქვის სიხშირის დათვლა ყველას შეუძლია, თუმცა ნორმა სხვადასხვა ასაკზე სხვადასხვაა, ამიტომ გქონდეთ კომუნიკაცია ექიმთან. თუ სუნთქვა არის მომატებული, ეს შეიძლება ჩაითვალოს წამყვან მარკერად იმისა, რომ იქ შეიძლება იყოს ფილტვების ანთება.
ყოველ ჯერზე ასეა თუ შესაძლოა ფილტვების ანთება გახშირებული სუნთქვის გარეშეც მიდიოდეს?
შესაძლებელია ამის გარეშეც მიმდინარეობდეს, მაგრამ შორს წასული პროცესის დროს, სუნთქვის ძლიერი უკმარისობის დროს, როგორც წესი არის სუნთქვის სიხშირის მატება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, რომელიც შეგიძლიათ ადვილად დაინახოთ არის ძლიერი ნესტოების ბერვა სუნთქვის დროს. ბავშვი რომ გააშიშვლოთ, ნახავთ, რომ მთელი გულ-მკერდის მუსკულატურა ჩართულია, მთელი ამ პატარა არსების ორგანიზმი ჩართულია, რომ როგორღაც ფილტვის ქსოვილი გაიშალოს და უფრო მეტი ჰაერი ჩაისუნთქოს. თუ სუნთქვის დროს შენიშნავთ დაჭიმულობას, ცხვირის ნესტოების ბერვას, კუნთების მოძრაობას, რასაც თან ერთვის გახშირებული სუნთქვა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქმე ნამდვილად პნევმონიასთან გაქვთ.
თქვენ ხშირად ამბობთ, რომ მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის დროს უნდა იფიქროს ექიმმა მკურნალობის პროცესში ანტიბიოტიკის ჩართვაზე, თუმცა მშობლები ვირუსული ინფექციების დროსაც ხშირად თვითნებურად იყენებენ ანტიბიოტიკებს და შემდეგ იმასაც აღნიშნავენ, რომ ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ ვირუსული ინფექციის სიმპტომებმა იკლეს. საზიანოა თუ არა ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკის მიღება?
მთელი მსოფლიოს ექიმები თანხმდებიან, რომ არანაირი პრევენცია არ არის ანტიბიოტიკოთერაპია და ამაზე არ არსებობს მეორე აზრი, რომელზეც შეიძლება ვიღაცამ იკამათოს. ანტიბიოტიკის მიღებისას არ ხდება პრევენცია, მას არ გააჩნია სარგებელი ვირუსის დროს, ის მასზე უბრალოდ არ მოქმედებს. თუ ჩვენ ვირუსის ხანგრძლივობის შემცირება გვსურს, ამისთვის „FDA“- ით რეკომენდებული პრეპარატი, „ტამიფლუ“ არსებობს, რომლის გამოყენებაც, განსაკუთრებით, პირველი 24-28 საათის განმავლობაში, შვიდ დღიან ავადობის ხანგრძლივობას 3-4 დღემდე წევს და შესაბამისად, გვიცავს გართულებებისგან და მისი გამოყენება, განსაზღვრული დოზით, აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვებშიც. რა თქმა უნდა, აღნიშნულ პრეპარატსაც, ისევე როგორც ანტიბიოტიკს, თავისი გვერდითი ეფექტები აქვს.
რაც შეეხება ანტიბიოტიკს, მაშინ, როცა მეექვსე დღეს დედამ ვეღარ გაუძლო და მისცა ბავშვს ანტიბიოტიკი და მეორე დღეს ბავშვმა სიცხის გარეშე გაიღვიძა, რა თქმა უნდა, ეს ანტიბიოტიკს დაჰბრალდება, თუმცა რეალურად მეშვიდე დღეს გრიპი ისედაც მთავრდება, თუ ის გართულებული არ არის. კლინიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ისეთი პაციენტი შემოჰყავთ, რომლებთანაც დაწყებულია აბსოლუტურად არარაციონალური მკურნალობა, გამოყენებულია სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკები და მაშინ, როცა ბავშვი უკვე დამძიმებული ანამნეზით ხვდება კლინიკაში და უდასტურდება ფილტვების ანთება, ხელი გვეშლება მკურნალობის პროცესში, რადგან მოგეხსენებათ, რომ ანტიბიოტიკი იწვევს რეზისტენტობას და ფილტვების ანთების მკურნალობისთვის კი ანტიბიოტიკია საჭირო. ყველა ვთანხმდებით, რომ პნევმონიის დროს ანტიბიოტიკი ერთადერთი გამოსავალია და ამ დროს, როცა თქვენს შვილს ნამდვილად, უალტერნატივოდ სჭირდება ანტიბიოტიკოთერაპია, ეს მედიკამენტი უბრალოდ აღარ მუშაობს, რადგან მანამდე არარაციონალურად, არასწორი დოზირებით იყო გამოყენებული. ეს თვითნებური, მანკიერი წრე იწვევს ზუსტად იმას, რომ ეს მედიკამენტი ორგანიზმისთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ხდება.
მოგეხსენებათ, ჩვენს თაობაში იყო გარკვეული ანტიბიოტიკების ჯგუფი, რომლებსაც ახლა საერთოდ აღარ ვიყენებთ, რადგან იმ პოპულაციამ იმდენი მივიღეთ, რომ ის აღარ მუშაობს, აღარ გამოიყენება. დღეს მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრს მუშაობენ ახალი ანტიბიოტიკის შექმნაზე, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ახლის შექმნამდე კი არ შეიძლება, არ დავზოგოთ ის, რაც ხელთ გვაქვს, რადგან იმაზე რთული არაფერია, რომ იცოდე დაავადებას სჭირდება წამალი და ეს წამალი არ გაგაჩნდეს.
როგორ გავუძლიეროთ ბავშვს იმუნიტეტი?
იმუნიტეტის გამაძლიერებელი მედიკამენტი, რა თქმა უნდა, არ არსებობს და ტყუილია ყველაფერი, თუ კი ვინმე რამეს გირჩევთ, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი შექმნილა.
იმუნური სისტემის სტაბილურობისთვის შემდეგი რეკომენდაციების დაცვაა საჭირო, სრულფასოვანი კვება, ჯანსაღი, სწორი ძილი, ფიზიკური აქტივობა აუცილებელია.
ფიზიკურ აქტივობაზე უკეთესი გაკაჟება არ არსებობს, რადგან ამ დროს ორგანიზმი ეგუება ტემპერატურის ცვალებადობას. რაც უფრო ხშირად დაკავდებით ფიზიკური აქტივობით, მით უფრო ნაკლები გექნებათ ავადობა. სიცივეში უფრო მეტია ავადობა, რადგან სიცივე სტრესია იმუნური სისტემისთვის და რადგან არის სტრესი, ნელდება იმუნური სისტემის აქტივობა და ბევრად ადვილად ხდება ვირუსების მიმღებლობა. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ბავშვი ადაპტირებული გვყავდეს ტემპერატურის ცვალებადობასთან. ძალიან გული მწყდება ხოლმე, ზამთარში დაცარიელებულ სტადიონებს რომ ვხედავ, მაშინ, როცა გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გამოეფინებიან ხოლმე გარეთ ბავშვები. სიცივე არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად თბილ სახლში, დაკეტილ ფანჯრებში და ა.შ. უნდა ვიყოთ. რაც შეეხება კვებას, უმჯობესია, ბავშვმა ნაკლებად მიიღოს არაჯანსაღი საკვები, თუმცა არაჯანსაღი საკვებიც არ არის ტრაგედია, რადგან ასეთი „საწამლავი“, რომ იყოს ის არ იქნებოდა დაშვებული და არ გაიყიდებოდა, რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ შაურმას და სხვა კუსტარულად დამზადებულ საკვებს. საერთაშორისო სტანდარტით დამზადებული და სერტიფიკატის მქონე საკვები დასაშვებია. სრული აკრძალვა არავისთან მოქმედებს, მით უმეტეს, ბავშვებთან. სრულად ნუ უარყოფთ მათ სურვილებს, რადგან ფსიქოლოგიური სტრესიც არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია. იშვიათად თუ მიიღებს ბავშვი მსგავს საკვებს, ამით არაფერი დაშავდება, მთავარია, ბალანსირებული იყოს ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი. თუ უყვარს მაკარონი აჭამეთ ის ხორცთან ერთად, თუ უყვარს ფუნთუშა, აჭამეთ არაჟანთან ერთად და ა.შ.