LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გულშემატკივრობდა ისტორიულ თამაშზე ესპანეთიდან ოჯახი გიორგი შერმადინს: „რაც მოედანზე ხდებოდა, ის ხდებოდა ჩვენს სახლშიც…“

457
ანი ამაშუკელი გიორგი შერმადინი

საქართველოს კალათბურთის ნაკრების ისტორიული თამაშის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებთ.

ისლანდიასთან დაძაბული თამაშის შემდეგ ორი ქულით წავაგეთ, მაგრამ ეს ხელის შემშლელი ფაქტორი არ აღმოჩნდა მსოფლიოზე გასასვლელად.

რასაკვირველია, ყველა ჩვენგანი დიდი მონდომებით ადევნებდა თვალს მატჩს, მაგრამ ესპანეთში, ტენერიფეზე ერთი ოჯახი გამორჩეულად ნერვიულობდა.

კალათბურთელ გიორგი შერმადინის მეუღლე, ანი შვილებთან ერთად გიორგის შესანიშნავ თამაშს შორიდან ადევნებდა თვალს…

ანი ამაშუკელს fortuna.ge დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მთელი საქართველო ღელავდა, მაგრამ შენ, ალბათ, განსაკუთრებით…

საოცრად ვნერვიულობდი და ვღელავდი, თუმცა მჯეროდა მოგების. იმდენად მნიშვნელოვანი იყო, ღმერთი სხვანაირად არ დაუშვებდა. ის, რომ საქართველოში არ ვიყავი და ესპანეთიდან ტელევიზიით ვუყურებდი, მიასმაგებდა ამ ღელვას. ვერ მოვახერხე ჩამოსვლა ბავშვებთან ერთად, სამი თვითმფრინავის გამოცვლა გვჭირდება, რომ საქართველოში ჩამოვიდეთ, რადგან ტენერიფეზე ვცხოვრობთ. მსოფლიოზე საქართველოს კალათბურთის ნაკრებს არასდროს უთამაშია, ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა ამას… თავად გიორგის ოცნება იყო, რომ საქართველოს მსოფლიოზე ეთამაშა. კალათბურთის იქით არ იყურება, მისი ფიქრები ამით იწყება და მთავრდება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ღმერთმა ეს დაუშვა.

ბოლო წამები რომ მიდიოდა, ერთ ხელში ლოცვანი მეკავა, მეორეში – ხატი და ღმერთს ვევედრებოდი, რომ ეს თამაში ისე დასრულებულიყო, რომ სამ ქულაზე მეტი არ წაგვეგო. ბავშვები იმდენად გულშემატკივრობდნენ, რომ წიოდნენ, კიოდნენ, ხტოდნენ ბოლოს, როცა მივხვდით, რომ გავდიოდით. რაც მოედანზე ხდებოდა, ის ხდებოდა ჩვენს სახლშიც.

თამაშის დასრულების შემდეგ გიორგის ელაპარაკე?

ფიზიკურად ვერ ჩავიგდე ხელში, რადგან არ ეცალა ჩემთან სასაუბროდ. მომწერა, რომ ღმერთის მადლობელი იყო ამისთვის. მხოლოდ კალათბურთელების არა, მთელი სამწვრთნელო შტაბის დიდი შრომა დევს აქ. როცა გიორგი მესაუბრა, ხმა ჰქონდა უკვე ჩახლეჩილი, იმდენს ვყვიროდით, რომ იოგებმა ჩვენი ემოციები ვეღარ დაიტია, უცხო ხალხსაც ვკოცნიდი, ისეთი ბედნიერი ვიყავიო.

გიორგი განსაკუთრებულად ბრწყინავდა ამ თამაშზე. თამაშის წინ როგორ ემზადებოდა?

დილით მოილოცა ეკლესია, შემდეგ მოძღვრებსა და დედებს დაელაპარაკა, დალოცვა მიიღო მათგან. შემართებით იყო. დარწმუნებული იყო, რომ უნდა მოგვეგო. თავდაჯერებული იყო თამაშის წინ. სამი ქულის წაგებას არ განიხილავდა, მხოლოდ მოგებას.

გიორგის თავის კლუბშიც ვარსკვლავური პერიოდი აქვს. ბრწყინვალედ მიდის მისი კარიერა ესპანეთში…

ძალიან კარგად მივდივართ!.. კლუბი კარგ პოზიციებზეა. შარშან ბისიელის ლიგა მოვიგეთ და ჩემპიონები გავხდით. ვისურვებდი კიდევ უფრო მეტ წარმატებას. საწუწუნო არაფერი გვაქვს ნამდვილად.

ბევრი წარმატებული სპორტსმენის უკან დგას ქალი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი მეორე ნახევარი სპორტზე იყოს ორიენტირებული. თქვენ შემთხვევაში როგორაა?

ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ოჯახია. გადართული ვარ გიორგიზე და ბავშვებზე, ვცდილობ, ყურადღება თანაბრად გადავანაწილო. ასეთ პროფესიონალს მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ზრუნვა რაციონზე, ძილსა და მოსვენებაზე, რეჟიმში ყოფნა. ვცხოვრობ მათი ცხოვრებით. ვცდილობ, ჩემი პატარ-პატარა საქმეებიც მქონდეს, მაგრამ ბედნიერი ვარ ამ ცხოვრებით. თავს არ დავზოგავ, რომ გავაკეთო ყველაფერი, გიორგის მაქსიმალური წარმატებისთვის და ჩემი შვილებისთვის.

რომანტიკულია გიორგი?

ბევრჯერ მითქვამს, რომ ყველანაირი რომანტიკისგან შორსაა. პირდაპირ მეკითხება ხოლმე, რა მომწონს და იმას ყიდულობს. ძალიან პირდაპირია.

დიდი ხანია, ცოლ-ქმარი ხართ. თქვენი სიყვარული ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე წლების წინ?

რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს და მეც ეჭვით ვუყურებდი ამ გამონათქვამს, სიყვარულს წლები აძლიერებს. სიყვარულის გარდა, ურთიერთობა გზადაგზა ურთიერთპატივისცემას, გატანას, დათმობას იძენს. მე დამთმობი ვარ და გიორგიც არ კინკლაობს ზედმეტად. შეხმატკბილებულად ვართ. რა თქმა უნდა, ხდება პატარ-პატარა კამათი, მაგრამ ყოველთვის მივდივართ კონსენსუსამდე, იქამდე, რაც აწყობს ჩვენს ოჯახს. უფრო შეიკრა ოჯახი, მეტი სიყვარულია ბავშვების გამოც, ჩვენ შემთხვევაში ისინი სიმყარეს სძენენ ოჯახს.

ქართულ წვეულებებს არ მართავთ ხოლმე?

შენ არაფერი გსმენია ჩვენს ხაჭაპურებზე?! (იღიმის). გიორგის თანაგუნდელები გვეხუმრებიან, იქნებ, სახაჭაპურე გახსნათო. ვინც გასინჯა, ყველას ძალიან მოსწონს. MVP რომ ხდება ხოლმე, ტურის ან თვის, მიგვაქვს ხოლმე ქართული კერძები, ხაჭაპური, ნიგვზიანი ბადრიჯანი და გუნდი სიამოვნებით სინჯავს. ხუმრობენ, გიორგის ბევრჯერ მიაწოდეთ ბურთი, რომ ხშირად გახდეს MVP  და ანიმ ქართული კერძები მოგვიტანოსო.

გიორგიზე არასდროს გიეჭვიანია?

ესეც დრომ მოიტანა – ადრე უფრო მქონდა ხოლმე მცირე ეჭვის მარცვლები. ეს ბუნებრივი მომენტია, მაგრამ  ჩვენმა ურთიერთობამ და მტკიცე სიყვარულმა ის განაპირობა, რომ არც კი ვიცი, რატომ უნდა ვიეჭვიანო. ეჭვის ერთი პროცენტიც კი არ მაქვს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

magti 5g