ჯგუფ Wham!-ის მიერ შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშობაო სიმღერა Last Christmas დღემდე ყველა დროის საუკეთესო საახალწლო ჰიტად ითვლება. ჯორჯ მაიკლის მიერ შექმნილი სიმღერის უამრავი ქავერ ვერსია არსებობს, თუმცა Wham!-ის ვერსიას მაინც ვერაფერი შეედრება. ცალკე აღნიშვნის ღირსია სიმღერაზე შექმნილი ვიდეოკლიპი, რომელიც საშობაო ისტორიაზე შექმნილ ფილმს მოგაგონებთ, რომანტიკული სიუჟეტითა და ულამაზესი დეკორაციებით.
სიმღერა Last Christmas ჯორჯ მაიკლმა ერთ ღამეში დაწერა. კლიპი კი 1984 წერს, შვეიცარიის კურორტ, ზას-ფეში გადაიღეს. კურორტზე არჩევანი თოვლის გამო შეჩერდა, რომელიც კლიპში ყველგან ჩანს. კლიპში შეყვარებული წყვილის სევდიანი ისტორიაა გადმოცემული, რომლებმაც გასული შობა ერთად გაატარეს და შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. ჯორჯ მაიკლთან ერთად მთავარ როლს კლიპში კეტი ჰილი ასრულებს, რომელიც ამბობს, რომ გადაღებებზე ჯორჯ მაიკლმა სცენარი რამდენჯერმე შეცვალა:
„ჯორჯს საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. კლიპში არის მომენტი, როცა ჩვენ მთის მწვერვალზე ავდივართ. ამ დროს ჯორჯი გამუდმებით ვარდებოდა და ისტერიკულ სიცილს იწყებდა. ამ სცენის გადაღებას მთელი დღე დავუთმეთ“, – იხსენებს მსახიობი.
კლიპში არის მომენტი, როცა ჯორჯ მაიკლის გმირი შეყვარებულს ბროშს ჩუქნის. აღმოჩნდა, რომ ეს სამკაული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ენდრიუ რიჯლის ოჯახური რელიკვიაა, რომელიც სპეციალურად კლიპის გადაღებებისთვის გამოიყენეს. კეტი ჰილი იხსენებს, რომ ეს ბროში კლიპის გადაღებებისას დაიკარგა და მის ძებნაში გადამღებ ჯგუფთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო. აღმოჩნდა, რომ ბროში საკუთარ პიჯაკს თავად კეტიმ მოარგო, ეს ფაქტი მალევე გადაავიწყდა და ძვირფასეულობაც დაკარგულად ჩათვალეს. მსახიობმა ბროშსს რამდენიმე დღეში, საკუთარი ნომრის კარადაში მიაგნო. ასევე დაიკარგა იმ ნომრის გასაღებიც, სადაც კლიპის ძირითად მომენტებს იღებედნენ, ამიტომ სცენების გადაღება ადგილობრივი კურორტის სხვა სასტუმროში გააგრძელეს. აღმოჩნდა, რომ ჯიპების გადაადგილებას, რომელსაც კლიპში ვხედავთ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძვანელობის ნებართვა დასჭირდა.
სიმღერის სახელწოდება Last Christmas კიდევ უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა ჯორჯ მაიკლისთვის, რადგან მუსიკოსი 2016 წელს სწორედ შობის დღესასწაულზე გარდაიცვალა.