უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, გარშემო ნამდვილი პატრიოტებისა და პროფესიონალების გუნდი ჰყავს შემოკრებილი. უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ალექსეი არესტოვიჩია, რომელსაც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ყველა იცნობს. ის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი გახლავთ. ასევე მას ომის პერიოდში მთავარ „დამამშვიდებელსაც“ კი უწოდებენ უკრაინის მოქალაქეებისთვის და აღიარებენ ახალ სექსსიმბოლოდ უკრაინელი ქალებისთვის, თუმცა, მისი პოპულარობა საკუთარი სამშობლოს ფარგლებს უკვე გასცდა… შესანიშნავი გარეგნობის მიღმა მახვილგონიერება, ჭკუა და ასევე არტისტიზმიც იმალება, რომელიც უკრაინის ხელისუფლების სპიკერს დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას გარანტირებულ წარმატებას უქადის… მისი ძალაუფლება, ქარიზმა, შესანიშნავი გარეგნობა – სწორედ ამ თვისებებისა და უნარების კომბინაცია იქცა მიზეზად მისი პოპულარობისთვის სამშობლოში.
ალბათ, ბევრისთვის შეიძლება საამაყოც კი იყოს, როდესაც გაიგებთ, რომ ალექსეი არესტოვიჩი საქართველოში, კახეთში, კერძოდ, დედოფლისწყაროში დაიბადა, სამხედრო გარნიზონში. თუმცა შემდეგ მისი ოჯახი უკრაინაში, კერძოდ კიევში გადავიდა, სადაც ალექსეი გაიზარდა. სკოლაც უკრაინაში დაამთავრა, ბავშვობიდან ეუფლებოდა სამსახიობო პროფესიას, თუმცა შემდეგ ჯერ ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მოგვიანებით კი საბუთები ოდესის სამხედრო სასწავლებელში გადაიტანა, რომელიც წარმატებით დაასრულა, მუშაობდა სამხედრო თარჯიმნად უკრაინის არმიაში, ვინაიდან ძალიან კარგად ფლობს ინგლისურ ენას, 2005 წელს კი მაიორის წოდება მიიღო.
2003 წლიდან მუშაობდა კიევის თეატრ-სტუდიაში „შავი კვადრატი“, 2003 წელს კი აბესალომ პოდვოდნის საავტორო ფსიქოლოგიურ სკოლაში დაიწყო სწავლა, რომელიც შვიდი წლის შემდეგ დაასრულა. არის ფსიქოლოგიური სემინარების და ტრენინგების ორგანიზატორი და სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საქველმოქმედო ფონდის შემქმნელი. უკრაინის პოლიტიკაში 2005 წლიდანაა.
ამავე წელს ის დაქორწინდა – ანასტასია არესტოვიჩთან მას ორი შვილი ჰყავს, გოგონა და ბიჭი, ასევე ჰყავს გოგონა პირველი ქორწინებიდან. სოციალურ ქსელში არესტოვიჩი იშვიათად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს. არესტოვიჩის მეუღლე ამჟამად საგამომცემლო ბიზნესში მუშაობს.