LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იქმნებოდა „რანინელების“ „ჩაკრულო“ – დავით ცინცაძე: „ორჯერ გავაჩერე რეპეტიცია, ისე ცუდად გავხდი… ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დირიჟორობისას ცრემლი წამომივიდა…“

2288
დავით ცინცაძე

უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ „ჩაკრულო“ სანდრო გურგენაძის, ოთო ბაზერაშვილის და „შავნაბადას“ ბავშვთა გუნდის შესრულებით ქართული სატელევიზიო სივრცის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. „რანინაში“, უკვე მეექვსე სეზონია, რაც ფოლკლორის ტური მუდმივად იმართება და მას ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი, ლოტბარი დავით ცინცაძე ხელმძღვანელობს. მუსიკოსი დიდი სიფრთხილით არჩევს რეპერტუარს, რომელიც „რანინას“ პატარა მომღერლებმა უნდა შეასრულონ და ტურს მთლიანად თავად ხელმძღვანელობს, რეპეტიციებსაც თავად უტარებს „რანინელებს“.

სოციალურ ქსელში „პირველი არხის“ მიერ რეპეტიციებიდან გავრცელებულ კადრებს განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „შავნაბადასთან“ ერთად, „ჩაკრულოს“ „რანინას“ წლევანდელი კონკურსანტი სანდრო გურგენაძე ყოფილ „რანინელთან“, ოთო ბაზერაშვილთან ერთად შეასრულებდა…

რეკორდი მოხსნილია! პირველივე საათებში სანდროს და ოთოს „ჩაკრულოს“, რომელსაც დავით ცინცაძე სამართლიანად უწოდებს ფენომენალურს, ათასობით გაზიარება მოჰყვა სოციალურ ქსელში. მაყურებელი წერს, რომ სწორედ ეს არის ქართველობის ნამდვილი გამოხატულება და გენეტიკური კოდი, რომელიც არასდროს წაიშლება…

ფოლკლორის ტურის შემოქმედთან, დავით ცინცაძესთან fortuna.ge-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა და შთაბეჭდილებები პირადად მისგან მოიისმინა.

დათო, როგორც ქართული ფოლკლორის მცოდნე და სპეციალისტი, რას მიაწერთ „რანინას“ ქართული ფოლკლორის ტურის ასეთ დიდ პოპულარობას და უდიდეს რეზონანსს, რაც ორივე ხუთეულის შესრულებებმა გამოიწვია?

მე რომ არ მივაწერო, ხალხმა თვითონ იცის, რომ ეს გამოხმაურება და დამოკიდებულება ცალსახად ქართული სიმღერის სიდიადის „ბრალია“. იმის ბრალიცაა, რომ ყოველწლიურად ვხედავთ, როგორ ვითარდება ჩვენი მომავალი თაობა – პირადად მე მათთან მუშაობის დროს ყველაზე მეტად მისი მეშინია, რამე ჩემი არ დავაძალო ზედმეტად, რომ მერე სასაცილო არ გამოვჩნდე, რადგან ყოველი შემდეგი თაობა ჩვენზე ბევრად წინ არის. ამ თაობას თავისი შესაძლებლობების, თავისუფლების გამოხატვის საშუალება თუ არ მივეცით, ყოველთვის ბნელ გარემოში იქნებიან, რაც სხვადასხვა ეპოქამ და დრომ მოგვაწება და რაშიც ჩვენ ჩაგვკეტა თავის დროზე.

რას გულისხმობთ?

ვერ ვიტყვი, რომ რთული ბავშვობა მქონდა, რადგან ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდით მედგა, მაგრამ ზოგადად, ჩემს ოჯახს ჰქონდა ძალიან მძიმე პერიოდი გამოვლილი, ისევე, როგორც სხვებს საქართველოში, ვგულისხმობ, უშუქობას და ბევრ სხვა პრობლემას, რაც გადავლახეთ და ყველას გვჭირდა… მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს პრობლემები მომავალ თაობას თავს არ მოვახვიოთ, მაგალითად, არ ვუთხრათ, რა გენაღვლება, შენ უფრო მეტი საჭმელი და სათამაშო გაქვსო, ამის გამოყენება მათთან არ შეიძლება, რადგან მათ ეს არ ადარდებთ. უბრალოდ, უნდა მივცეთ მათ გენეტიკურ კოდს გალაღების საშუალება. ისინი იმაზე მეტად ლაღობენ ფოლკლორში, ვიდრე წინა ან იმის წინა თაობას შეეძლო. რასაკვირველია, თაობები ასრულებდნენ და შემოინახეს ეს სიმღერა და სხვა სიმღერებიც, მაგრამ შესრულებისას პრობლემები ხელს უშლიდათ ბევრ რაღაცაში, ეს ბავშვები კი სულ სხვა ისტორიას წერენ თავიანთი საშემსრულებლო შესაძლებლობებით…

როგორ მიხვდით, რომ სწორედ ახლა იყო „ჩაკრულოს“ შესრულების მომენტი და დრო?

„ჩაკრულოს“ მღერა „რანინაში“ შეიძლებოდა ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ, მაშინ, როცა როსტიაშვილი იყო გამარჯვებული, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ამისთვის სწორი მომენტი არ იყო… „ჩაკრულო“ არის, ალბათ, ყველაზე რთული სიმღერა შესასრულებლად, თუ გავთვალისწინებთ კონტექსტის სიღრმესა და სიმძიმეს, მელიზმების სიგრძეს, ზოგადად სიმღერის რთულ აგებულებას, სწორი სუნთქვის საჭიროებას და ა.შ. „ჩაკრულო“ არის ქართული სიმღერის საუკეთესო ნიმუში და ვფიქრობდი, რომ ზენიტი იქნებოდა, თუ დუეტში იქნებოდა არა „შავნაბადას“ ზრდასრული სოლისტი და „რანინას“ კონკურსანტი, არამედ ორივე ბავშვი. „რანინაში“ გამოჩნდა ოთო ბაზერაშვილი… მერე კი სანდრო გურგენაძე…

სანდრო გურგენაძე, ოთო ბაზერაშვილი & „შავნაბადა“ – „ჩაკრულო“ 🎼

#რანინა სანდრო გურგენაძე, ოთო ბაზერაშვილი & Shavnabada • შავნაბადა – „ჩაკრულო“ 🎼

Posted by რანინა • 1tv.ge on Saturday, April 27, 2024

ანუ, გამოდის, რომ ორ ვარსკვლავს ველოდებოდით „ჩაკრულოსთვის“?

თითო ვარსკვლავი ყოველთვის გვყავდა, კახური სიმღერებისთვის დამახასიათებელი სწორი შესრულებით, მაგრამ ორი ერთად სწორედ ახლა გამოჩნდა…

როცა „ჩაკრულოს“ ნებისმიერი დიდი მომღერალი ასრულებს, რომელსაც თავისი დიდი მომღერლობის გამოცდილება აქვს, სიმღერას აუცილებლად დაატყობს თავის ხელს და ამოიმღერებს – „ჩაკრულო“ იმდენად დიდი და გრძელი სიმღერაა, მთელი ამ ხუთწუთიანი მდინარების დროს, სადღაც ხასიათს ოდნავ გადაუხვევს, ან თვალი გაექცევა, ზოგი იდეალურ შესრულებასთან ახლოსაა, ზოგი თავის გარკვეულ კომპლექსს ჩადებს, ზოგი ზედმეტ ბალანსს, ასე მესმის მე, როგორც ლოტბარს, „ჩაკრულოს“ სხვადასხვა შესრულება. ბავშვებს კი არც კომპლექსი მოჰყვებათ, არც მედიდურობა, არც განსაკუთრებული ამბიცია, უამრავი კომპლექსი, რაც დიდებს გვიგროვდება, ბავშვებს არ აქვთ. ვფიქრობდი, რომ სანდროსა და ოთოს მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ იქნებოდა მათსავით გამჭვირვალე, უნაკლო, ყოველგვარი პირადი ემოციური ძალადატანების გარეშე, სუფთა ტემპერამენტი, რაც ამ ბავშვებს მოჰყვებოდა. გამიმართლა, რომ ყველა ნიუანსი, რაც მუსიკალური თვალსაზრისით ამ შესრულებაში ჩავდე, ბავშებმა ზუსტად შეასრულეს. მათ არ დაუწყიათ თამაში, დარჩნენ იმის ამარა, რაც მივეცით და აღარ ააჭრელეს „ჩაკრულო“ თავიანთი საშემსრულებლო ნაწილით, გაქცევ-გამოქცევებით, ზუსტად ის დარჩა, რაც მივაწოდეთ და გამოვიდა კარგად დალაგებული, ნაშრომი სიმღერა. თუ მკითხავთ, სად იყო მარილი გემოვნებით, გიპასუხებთ, რომ ის იყო სცენაზე მათი ბავშვური ღელვის ნაწილში, რომელიც ზუსტად იმ გამჭვირვალე ტემპერამენტის გამოვლენას უწყობდა ხელს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

რეპეტიციებზე თუ გქონდათ შეგრძნება, რომ თქვენ თვალწინ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იქმნებოდა?

სხვათა შორის, ჩაწერის დროს კიდევ არა მიშავდა, რეპეტიციებზე უფრო ემოციური გარემო შეიქმნა. „შავნაბადას“ გუნდს ცალკე ვასწავლიდი, ცალკე – დუეტს. შემდეგ გადავწყვიტე, ეს ორი ნაწილი გამეერთიანებინა ერთ რეპეტიციაზე. ერთ თვემდე დროში გაკეთდა „ჩაკრულო“. როცა დუეტი გუნდთან შევაერთე, დუეტმა ხომ თავისი ემოციით კიდევ სხვანაირად იმღერა, რადგან გუნდი იყო… და როგორც კი გუნდი ამღერდა, ცრემლი მომადგა, პირველად მოხდა, როცა დირიჟორობის დროს ცრემლი წამომივიდა. გავაჩერე რეპეტიცია. ჩემს თავზე გავბრაზდი, დავანახე, სხვა გზა არ იყო… შევტრიალდი, არ მინდოდა, ბავშვებს ჩემი ცრემლი დაენახათ… უცებ ამოვისუნთქე, გავაგრძელე რეპეტიცია და მეორედაც იგივე დამემართა. ორჯერ გავაჩერე გუნდის რეპეტიცია, რადგან ცუდად გავხდი. მერე, რეპეტიციაზე ისე მივეჩვიე ამ ემოციებს, მე თვითონ ვდუღდი, ცეცხლი მეკიდა კანზე… სცენაზე რომ დავდექით, ვიმღერეთ, რომ დააკვირდეთ კარგად გადაღებულ მასალას, თვალები მოჭუტული მაქვს, რადგან კვლავ ცრემლებით გამევსო…

ვისაუბროთ გამოხმაურებაზე და გაზიარებების რეკორდზე – ორ დღეში 17000-ზე მეტი გაზიარება დაუგროვდა ვიდეოს…

საერთოდ, ეს ფოკლორის ტური ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, წინა ხუთეულმაც რეკორდი მოხსნა და ახლა ამათაც. ველოდი, რომ ძალიან კარგად გამოჩნდებოდა, მაგრამ ამ მასშტაბის გამოხმაურებას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მნიშვნელოვან რამეს გეტყვით – „რანინას“ პედაგოგები და პროდიუსერები არ ფიქრობენ იმაზე, ოღონდ სიმღერას ბევრი ნახვა ჰქონდეს. ამოცანა არის, რომ ოღონდ იყოს ხარისხიანი. ხშირად გვიფიქრია, ესა და ეს სიმღერა რომ არ არის პოპულარული, მაინც გავიტანოთ თუ არა? და გადაგვიწყვეტია, რომ გაგვეტანა. „რანინას“ ერთ-ერთი დანიშნულებაც ეს არის, რომ საზოგადოება მიაჩვიოს ხარისხიან შესრულებას, სიმღერას…

დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდის შემსრულებლებს არ ვახსენებ, „შავნაბადასაც“ შეუსრულებია, მაგრამ ოთხი საუკეთესო „ჩაკრულო“ მომისმენია ჩემს ცხოვრებაში – პირველი – ის, რაც კოსმოსში გაიგზავნა, მეორე – „ჩაკრულო“, რომელიც იმღერა მარო თარხნიშვილის გუნდმა, მესამე – ვანო მჭედლიშვილის შესრულებული… და მათ გვერდით ვაყენებ და მივიჩნევ ოთოსა და სანდროს შესრულებულ „ჩაკრულო“, ეს არის ჩემთვის, რასაც ჰქვია, ფენომენალური შესრულება, გენიალური…

დავით, როგორც მანანა მორჩილაძემ გვითხრა ინტერვიუში, ფანტაზია არ გელევათ და კიდევ სამი ტურისთვის გაქვთ სიმღერები შემონახული და რაც მთავარია, ჯერჯერობით არც ერთი სიმღერის გამეორებას არ აპირებთ. ამას როგორ ახერხებთ?

ვნახოთ, როგორი ბავშვები იქნებიან მომავალ სეზონზე. სულ მაქვს შიში, რამდენად გასწვდება ჩემი ფანტაზია მათ ნიჭიერებას, მთავარია, შემდეგ სეზონებზე შემხვდნენ ისეთი ბავშვები, რომლებთანაც შევძლებ ჩემი ფანტაზიებისთვის ხორცის შესხმას…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები