როგორ ხდება გარემოზე ზრუნვა ენერგო დამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვით – ამ თემაზე გადაცემა „სახალხო პლატფორმა“ განახლებადი ენერგიების დარგის ექსპერტმა საბა მოდებაძემ ისაუბრა.
როგორ ხდება გარემოზე ზრუნვა ენერგო დამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვით?
გარემოს დაბინძურება სასიცოცხლო პრობლემა გახდა, მოწინავე ქვეყნები აქტიურად მუშაობენ ენერგო-დამზოგი და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვაზე. კონდენსაციური ტექნოლოგიით მომუშავე ქვაბების დანერგვით დაიწყო ახალი ეტაპი გათბობის სფეროში. გაზზე მომუშავე კონდენსაციური ქვაბი 15-20%-ით ეკონომიურია ტრადიციულ, ფართოდ გავრცელებულ ქვაბებთან შედარებით; ამასთან გარემოში გატყორცნილი ნამწვი აირებიც ბევრად უფრო უსაფრთხოა და ნაკლებად აჭუჭყიანებს გარემოს.
განვიხილოთ უფრო დეტალურად ამ ქვაბებში მიმდინარე პროცესები: მეთანის (CH4 ) დაწვისას გამოყოფილი ძირითადი წვის პროდუქტებია ნახშირორჟანგი (CO2 ) და წყლის ორთქლი (H2O). კონდენსაციური ქვაბის მარგი ქმედების კოეფიციენტი დაახლოებით 107%-ია, რაც თითქოს ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს, თუმცა ამ შემთხვევაში 100%-ად მიღებულია გაზის სრული დაწვით მიღებული სითბოს რაოდენობა, ნამწვ აირებში წყლის ორთქლში აკუმულირებული სითბოს გამოკლებით (სითბოს ამ რაოდენობას საწვავის უდაბლესი თბოუნარიანობა ეწოდება).
რით განსხვავდება სისტემა სტანდარტულ ქვაბებში არსებულ ნამწვისგან?
სტანდარტულ ქვაბებში ნამწვი აირების ტემპერატურა დაახლოებით 1400C-ია, მაშასადამე გარემოში გატყორცნილ ცხელ ნამწვ აირებს, კერძოდ ნახშირორჟანგსა და წყლის ორთქლს დაახლოებით 7-8%-ი თბური ენერგია მიყვება. ამიტომ სტანდარტული ქვაბების მქკ 92-93%-ია. რაც შეეხება კონდენსაციურ ქვაბს, როდესაც ის ოპტიმალურ, დაბალტემპერატურულ რეჟიმში მუშაობს, სპეციალური კონსტრუქციის თბომცვლელში ტემპერატურა იმდენად დაბალია, რომ თბომცვლელის კედლებზე მიმდინარეობს წვის პროდუქტის – წყლის ორთქლის კონდენსაცია. კონდენსაციის შედეგად წყლის ორთქლში კონცენტრირებული თბური ენერგია არ იკარგება გარემოში და ხმარდება სათავსოს გათბობას, ამიტომ კონდენსაციური ქვაბიდან გატყორცნილი ნამწვი აირების ტემპერატურა დაახლოებით 45 0C-ია. იმ სითბოს მაქსიმალური რაოდენობა რომელიც წყლის ორთქლშია კონცენტრირებული – საწვავის დაწვის მთელი სითბოს 11%-ს შეადგენს.
საწვავის წვის შედეგად გამოყოფილ სითბოს რეაქციის შედეგად, გარდა ძირითადი წვის პროდუქტებისა, ასევე გამოიყოფა საწვავსა და ჰაერში არსებული სხვა მავნე ქიმიური შენაერთები; მაგ. აზოტისა და გოგირდის ოქსიდები, რომლებიც წყალთან შეხებისას მჟავას წარმოქმნიან და უარყოფითად მოქმედებენ გარემოზე. კონდენსაციურ ქვაბებში ამ მავნე ნივთიერებების უდიდესი ნაწილი იხსნება რა კონდენსატში ძალიან მცირე კონცენტრაციის პრაქტიკულად უსაფრთხო ხსნარის სახით გაიდევნება საკანალიზაციო ქსელში და არ აბინძურებს გარემო ჰაერს.