LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ხვდება ბიზნეს სექტორი საგადასახადო კოდექსში არსებულ ცვლილებებს?

253

მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი, ე.წ. ესტონური მოდელი და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონის ახალი რეგულაციები განიხილეს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.

საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, სემინარი საერთაშორისო კომპანია გრანთ თორთონმა ჩაატარა.

როგორც შეხვედრის ორგანიზატორები ამბობენ, ორივე ცვლილებამ შესაძლოა, დადებითი გავლენა იქონიოს საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზე.

ცვლილებები რეინვესტიციების წახალისებას უწყობს ხელს, რადგან ის მოგება, რომელიც რეინვესტირებული იქნება და არ განაწილდება, პრაქტიკულად აღარ დაიბეგრება.

როგორც „ფორტუნასთან“ კომპანია გრანდ თორთონის პარტნიორმა, ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა, რეგულაციები ასევე, მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებას უზრუნველყოფს.

შედეგად, ნებისმიერი ბაზრის კვლევა უფრო საიმედო გახდება, ინვესტორებს კი უკეთესი ანალიზის შესაძლებლობა ექნებათ.

 „კომპანიებს დღეს რეალური მოთხოვნები ექმნებათ, იმისთვის, რომ ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარების შესაბამისად მოამზადონ. აღნიშნული ანგარიშგებები კი შესაბამისი სამსახურის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდება, რაც ინვესტორებს უკეთესი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. ამ ცვლილებებით, მათი წარმატებული იმპლემენტაციის შედეგად, პოზიტიური შედეგები გარანტირებული იქნება. ასეთი პრაქტიკული სემინარების საფუძველზე, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ბიზნესს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციაში“, – განაცხადა ვახტანგ ცაბაძემ.

როგორც „ფორტუნასთან“ ლისი დეველოპმენტის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა, ამ საკითხზე სემინარები ბიზნეს სექტორისთვის აუცილებელია.

„მომზადებული შევხვდით ცვლილებებს, იმიტომ რომ წინასწარ ვიცოდით ამის შესახებ. მნიშვნელოვანია ის რომ ეს სემინარები ტარდება, რადგან რაც მეტ ინფორმაციას გაიგებ გადამხდელი გადასახადის შესახებ, უკეთესია. ბარიერები ჩვენ კომპანიას არ შეხვედრია, პირიქით, ძალიან კარგი ცვლილებაა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.

აღნიშნული რეგულაციები ძალაში 2016 წლის ზაფხულიდან შევიდა. ეს გრან თორთონის მიერ ორგანიზებული პირველი სემინარია, როგორც მათ „ფორტუნასთან“ განაცხადეს, ისინი მომავალშიც აპირებენ ბიზნეს სექტორთან მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვას.

გრანთ თორნთონი საქართველოს ბაზარზე 1999 წლიდან მოღვაწეობს. ის 18 წლიანი გამოცდილებითა და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდით, ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს აუდიტორული, საგადასახადო, იურიდიული და ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებით, პროფესიულ მომსახურებას სთავაზობს.

თამთა უთურგაშვილი

magti 5g