როდის მანიპულირებს ბავშვი, არის თუ არა მანიპულაცია დასწავლადი, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა თამუნა ისაკაძემ ისაუბრა.
როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა აქვს თუ არა ადგილი ბავშვის მხრიდან მანიპულაციურ ქცევას?
პირველ რიგში მშობელი უნდა დაფიქრდეს, ეს არის მანიპულირება, თუ ბავშვს რეალურად სჭირდება დახმარება. ძალიან ხშირად მშობელს შესაძლოა ჰქონდეს დაშვებული შეცდომები აღზრდაში და ამის გამო ბავშვს ათვისებული ჰქონდეს გარკვეული პრობლემური ქცევები. კვლევები ადასტურებს, რომ ისეთი საქციელი, როგორიცაა ბავშვისგან ხშირი ტყუილი, მოთხოვნა ტირილით, ისტერიკით, პირობების წაყენება მშობლის მიმართ (მაგალითად: „არ ვიმეცადინებ, თუ არ მიყიდი“… და ა.შ), უმრავლეს შემთხვევაში ან დასწავლილია, ან ბავშვს აქვს გარკვეული სირთულეები, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ უმკვლავდება და ასე პოულობს გამოსავალს. პრობლემები შეიძლება იყოს სწავლის სირთულეები, არასასურველო გარემო სკოლაში, თანატოლებთან არსებული კომუნიკაციური სირთულე და სხვ. „მანიპულაციური“ ქცევებით ბავშვი შეიძლება აპროტესტებდეს, თავს არიდებდეს ნეგატიურ გარემოს, მაგალითად ამბობს, რომ ცუდად არის, ან რაღაც სტკივა და ამის გამო არ უნდა წასვლა სკოლაში. ზოგადად, ეს არის არასასურველ სიტუაციასთან, სტრესთან გამკლავების ნეგატიური გზა, მაგრამ ბავშვები თავისი ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე ზოგჯერ ასე გამოხატავენ რეაქციას.
რას ცდილობს ასეთი საქციელით ბავშვი?
ბავშვის მხრიდან მანიპულაციური ქცევა ეს არის მიზნის მიღწევისთვის მშობელზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობა, ნებისმიერი ხერხით, მაგალითად: მოტყუებით, „ვაჭრობით“, მუქარით, ემოციებით (ტირილი, ბრაზი, სევდა), ქცევით (ყვირილით, ნივთების გაფუჭებით).
აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ დროს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბავშვის პრობლემურ ქცევაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ბავშვი არ არის „დამნაშავე“, დამნაშავე ხშირად არის არასწორი აღზრდა, არასასურველი გარემო, არათანმიმდევრული ინსტრუქციები მშობლის მხრიდან, ზრუნვის ნაკლებობა ან პირიქით, გადამეტებული მზრუნველობა.
მსგავსი ქცევები, მშობლებისთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ ბავშვს სჭირდება სიტუაციაში გარკვევა, დახმარება, მშობელმა უნდა ასწავლოს გამკლავების პოზიტიური სტრატეგიები, როგორიცაა სიტყვიერი თხოვნა – ყვირილის ნაცვლად და ა.შ თუმცა, თუ ბავშვს აქვს სწავლაში სირთულეები, მას შესაძლოა დასჭირდეს კოგნიტური და აკადემიური უნარების შეფასება და ინდივიდუალური სწავლება, რადგან მხოლოდ თვითორგანიზებულობით ვერ შეძლებს ამ შემთხვევაში პრობლემასთან გამკლავებას. ასევე, შესაძლოა ეს იყოს სწავლასთან დაკავშირებული მოტივაცია და ბავშვს სჭირდებოდეს დახმარება თვითორგანიზაციის უნარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
თუ მშობელი ამჩნევს შვილს მანიპულაციურ ქცევებს, რომლებიც ხშირდება, ამის უყურადღებოდ დატოვება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა უფრო გართულდეს სიტუაცია, ეს ყველაფერი გადაიზარდოს კრიზისულ სიტუაციებში, როგორიცაა სახლიდან გაქცევა, სუიციდის შემთხვევა, რომელიც პროტესტის ნიშანია და ძალიან დამაზიანებელი აღმოჩნდეს ბავშვისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები უმეტესწილად სწავლობენ მშობლებზე დაკვირვებით, ეს სწავლა არაცნობიერია, არაცნობიერად სწავლობს ბავშვი ოჯახში საუბრის სტილს, მიმართვის ფორმას, კომუნიკაციას, ქცევას, განწყობასა და დამოკიდებულებებსაც კი, შესაბამისად, ბავშვები სწავლობენ იმ პროცესშიც, თუ როგორ ვექცევით ჩვენ, თუ ხშირად ვატყუებთ და ბავშვი მიხვდება, რომ მშობელი იყენებს ტყუილს, რაღაცის თავიდან აცილების მიზნით, ნაცვლად ახნა-განმარტებისა, ბავშვისთვის ტყუილი უკვე ჩვეული მოვლენა ხდება, ან თუ ატყობს, რომ ოჯახის წევრები ექცევიან ერთმანეთს მანიპულატორულად, ისიც ითვისებს ამ ქცევას – ეს არაცნობიერად ხდება.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელი ფსიქოლოგის კონსულტაცია, ქცევის მიზეზების შესწავლა და ჩარევის გეგმის შემუშავება, ამის ერთ-ერთი მეთოდია პოზიტიური მშობლობის პროგრამის მიყოლა, რომელიც პოზიტიურ პრაქტიკას ეფუძნება და მოიცავს სიყვარულით და კონტროლით დაბალანსებულ მიდგომას.
7 რჩევა თამუნა ისაკაძისგან:
1. პირველ რიგში აუცილებელია ბავშვს გავესაუბროთ ზოგადად ყველა იმ სიტუაციაზე, რის კეთებაც ბავშვს უწევს, მოვიკითხოთ სკოლის ამბები, სამეგობრო, გავარკვიოთ მისი ემოციები, ჩვენ ამ დროს ასე ვთქვათ „ბავშვის მხარეს უნდა ვიყოთ“ და გვჯეროდეს, რომ მისი დახმარება შეგვიძლია კონკრეტული მიზეზის პოვნითა და აღმოფხვით;
2. უარი უნდა ვთქვათ დაძალებაზე, ეს იქნება ძალით რაიმე წრეზე ტარება თუ სხვა, რადგან ხშირად როცა ბავშვს რაიმე არ უნდა, ამ სიტუაციის თავის არიდების მიზნით ავლენს მანიპულაციურ ქცევებს, თუმცა ამ შემთხვევაში არის სიტუაციები, რასაც ვერ აარიდებს ბავში თავს, მაგალითად სკოლაში სიარული, ამ შემთხვევაში უნდა გავარკვიოთ რა არის სკოლაში წასვლაზე უარის თქმის მიზეზი, თუ აღმოჩნდება, რომ „არ უნდა სწავლა“ აქაც უნდა გავარკვიოთ რა არის მიზეზი, შესაძლოა ამ შემთხვევაში იყოს დასწავლის სირთულეები, ან გართულებული პროგრამები, რომლებიც ადაპტირებას საჭიროებს;
3. არ შეიძლება ყველაფრის აკრძალვა, ბავშვს უნდა მივცეთ უფლება, გარკვეული დრო დაკავდეს მისთვის საინტერესო საქმიანობით, აქ საჭიროა ბალანსის დაცვა ვალდებულებებსა და თავისუფლებას შორის;
4. ბავშვის აზრს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, მივცეთ არჩევანის უფლება გარკვეულ სიტუაციებში;
5. ბავშვის სირთულეები უნდა აღვიქვათ, როგორც სიგნალები, რომ მას გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება;
6. მშობელი თავად უნდა იყოს ღია და გულახდილი ბავშვთან, მზად იყოს ესაუბროს მას და დაამყაროს ნდობა; პირველ რიგში თავად არ უნდა მოატყუოს;
7. სიმშვიდის შენარჩუნება – ყველანაირი პრობლემური სიტუაციის ახსნა განმარტება და დიალოგი მნიშვნელოვანია, ტრადიციული და მოძველებული მეთოდია მშობლის მონოლოგი, ამას არ აქვს ეფექტი, რადგან ბავშვი ამ დროს პასიური მსმენელია, უფრო ეფექტურია მშობელმა დაუსვას შეკითხვები, მოაყვანინოს მაგალითები, გაარკვიოს ბავშვის შეხედულება და დაეხმაროს მიზნის მისაღები ფორმებით მიღწევაში.
გადაცემის აუდიოჩანაწერი