ადრე, საბჭოთა პერიოდში, იშვიათი იყო ქალბატონი, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინც არ უნახავს მოდური ჟურნალი Burda moden.
ორიგინალური მოდელები, უბრალო და გასაგები თარგები და მოდური კაბის მოგების შესაძლებლობა გოგონებს ძალიან იზიდავდა. ჟურნალის შეძენა დიდი წარმატება იყო, რადგან უმალ იყიდებოდა. არავინ იცოდა, რომ ამ გამოცემის დამფუძნებლის წარმატების ისტორია პირად ცხოვრებაში კრახით იწყებოდა.
სწრაფვა ცვლილებებისკენ
ანა მაგდალენა ლემინგერი დაიბადა უბრალო გერმანულ ოჯახში 1909 წელს. ბავშვობიდან გამოირჩეოდა ხასიათის სიმტკიცით. გოგონას ძალიან უყვარდა დედა, მაგრამ ახლო ურთიერთობა მამასთან ჩამოუყალიბდა. გოგონა აღფრთოვანებული იყო მამის უნარით ყველაფერი კონტროლქვეშ ჰქონოდა და საკუთარი აზრი უშიშრად გამოეხატა. დედა, რომელიც ენეს გარდა, კიდევ სამ შვილს ზრდიდა, უფრო რბილი ეჩვენებოდა. ქალი ქმრის მითითებებს ასრულებდა და არაფერს არ ითხოვდა. გოგონას კი ყველაზე ნაკლებად სურდა ამ მხრივ დედას დამსგავსებოდა.
უკვე გაზრდილი ენე მზად იყო ცხოვრება შეეცვალა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მან ფაქტობრივად გაიმეორა დედის ბედი. სკოლის დასრულების შემდეგ გოგონა კურსებზე სწავლობდა, მერე კი მუშაობა დაიწყო. მის მოვალეობაში შედიოდა ადგილობრივი მეწარმეების მიერ ელექტროენერგიის საფასურის მიღება. გოგონას სამუშაო მოსწონდა, მას ბევრი ურთიერთობა უწევდა, რაც ენერგიულ ენეს ზუსტად ესადაგებოდა. სამსახურში გაიცნო კიდეც ფრანც ბურდა. ის მომხიბვლელი იყო და თან გოგონას მიმართ სიმპათია გაუჩნდა – ერთხელაც პაემანზე დაპატიჟა.
22 წლის ენე გათხოვდა და მაშინვე დაივიწყა საკუთარი ცხოვრების ისე მოწყობის ყველა დაპირება, რომ მარტო საოჯახო საქმეებში არ ჩაძირულიყო. გააჩინა სამი შვილი, დაუღალავად შრომობდა მათთვის კომფორტული ყოფის მოსაწყობად. ის ამას სიამოვნებით აკეთებდა და უკვე ესმოდა კიდეც დედამისის. 20 წლის შემდეგ კი ენე ბურდას მყუდრო სამყარო დაინგრა.
ახალი ცხოვრება
ფრანც ბურდა ყოველთვის დიდ დროს უთმობდა მცირე ტიპოგრაფიას, ბოლო დროს კი შინ ძალიან იშვიათად ჩნდებოდა. თავიდან ენე ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, მაგრამ ყველა საიდუმლოს ოდესმე ფარდა აეხდება. ქალმა შეიტყო, რომ მის ქმარს უკვე არაერთი წელი მდივანთან რომანი ჰქონდა, რომელმაც შვილიც კი გაუჩინა. ქმრის ღალატის მოთმენას ენე არ აპირებდა. მან წერტილი დაუსვა ურთიერთობას და მოქმედება დაიწყო.
პირველ რიგში პროფესიულ იურიდიულ დახმარებას მიმართა და ადვოკატებს ამოცანა დაუსვა: მას სურდა მიეღო ტიპოგრაფიის გამოყენების უფლება და ჟურნალი. ზუსტად ის, რისი ჩუქებაც მოასწრო ფრანცმა მდივანი ქალისთვის, რომელმაც ბანკროტამდე მიიყვანა საქმე. ენემ საკუთარ თავს მიზანი დაუსახა: გამხდარიყო დამოუკიდებელი და წარმატებული. გარდა ამისა, ის აპირებდა მოდის ინდუსტრიაში განვითარებას და თანამემამულეეების დახმარებას უფრო ლამაზები ყოფილიყვნენ, თუმცა იმ მომენტისთვის წარმოდგენაც არ ჰქონია ეს როგორ უნდა გაეკეთებინა. მაგრამ დაუცხრომელმა სურვილმა ენე განვითარების იდეებამდე მიიყვანა.
ჟურნალს მოგება არ მოჰქონდა, მაგრამ ენემ საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი. მან გადაწყვიტა, რომ მოდელები ძალიან მრავალფეროვანი იქნებოდა, ხოლო თარგები მათთვისაც გასაგები, ვისაც არასოდეს სცოდნია კერვა. ის პირადად ქირაობდა მკერავებს და აკონტროლებდა ყველა ეტაპს, არცერთი ფოტო არ ხვდებოდა ჟურნალში მისი თანხმობის გარეშე. ის ასევე მუშაობდა გაფორმებაზე, მიიჩნევდა, რომ ჟურნალს ყურადღება უნდა მიეპყრო და მისი ყიდვის სურვილი აღეძრა.
პარალელურად ენე მეწარმეობის წვრილმანებში ერკვეოდა, სწავლობდა საგამომცემლო საქმეს, აბამდა ნაცნობობას მოდელიერებთან, მოკლედ, მუხლჩაუხრელად მუშაობდა. 1950 წელს ჟურნალის პირველი ნომრის გამოსვლას წინ უძღოდა წარმატებული სარეკლამო კამპანია და ის უმალ გაიყიდა. გერმანელმა ქალებმა ჟურნალი დააფასეს, მანამდე მსგავსი არაფერი ენახათ. თარგები მართლაც გასაგები იყო, დეტალიზირებული და ხარისხიანი, ამიტომ ნებისმიერ გოგონას შეეძლო მათ მიხედვით რაიმეს შეკერვა.
Burda moden-ის პირველმა ტირაჟმა 100 ათასი ეკზემპლარი შეადგინა, მაგრამ უკვე ორ წელიწადში 5-ჯერ გაიზარდა. მალე ჟურნალი იყიდებოდა არა მარტო გერმანიაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის 1987 წლიდან საბჭოთა კავშირშიც, სადაც დიდი პოპულარობა მოიპოვა (დიდწილად მიხეილ გორბაჩოვის მეუღლის, რაისას წყალობით, რომელიც ჟურნალის თაყვანისმცემელი იყო). ენე ბურდა ბედნიერი იყო და ისე დაიწყო ცხოვრება, როგორც ოდესღაც ოცნებაში წარმოედგინა.
ბედნიერი წლები
იმ დროს ენე ბურდა ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა პირად ცხოვრებაზე, მით უმეტეს ცოლისა და დედის სტატუსის დაბრუნება უკვე ვერ მოხერხდებოდა. სინამდვილეში აქაც არ წაუგია. ქმარი მალევე მიხვდა როგორ ქალს კარგავდა და პატიება გამოითხოვა. ქალმაც მეორე შანსი მისცა, ოღონდ პირობა წაუყენა: ქალაქში არ უნდა ყოფილიყო მისი საყვარელი და მათი შვილი. ფრანცი ყველაფერზე თანახმა იყო ოჯახის შენარჩუნებისთვის.
ამასობაში ენე ბურდა პირადი იმპერიის შენებას განაგრძობდა. ის ეჭვის თვალით უყურებდა, რომ ბაზარზე არ გამოჩენილიყო Burda Moden-ის მსგავსი გამოცემა. თუ რაიმე ასეთი გამოვიდოდა, ის მაშინვე ყველას ყიდულობდა და ხარჯებს არ ერიდებოდა. მიიჩნევდა, რომ მისი ჟურნალი თავისებურად უნიკალურად უნდა დარჩენილიყო. წარმატებულ მეწარმეს მთელი ბიზნესი საკუთარ ხელში ეჭირა 1990 წლებამდე. მხოლოდ 1996 წელს გადასცა მართვის სადავეები თავის ვაჟს ჰუბერტს, რომელსაც ერგო კიდეც დედის შექმნილი იმპერია.
თავად ენე ბურდამ კი სიცოცხლის ბოლო წლები მოგზაურობით ტკბობაში გაატარა. ის 2005 წელს, 97 წლის ასაკში წავიდა. მისი ჟურნალი დღემდე გამოიცემა, თუმცა ისეთი პოპულარობით ვეღარ სარგებლობს, როგორც გასულ საუკუნეში.