როგორ მიმდინარეობს რთველი და შეაფერხა თუ არა პანდემიამ აღნიშნული პროცესი – ამ თემაზე „ფორტუნას“ „მარანი მილორაულის“ დამფუძნებელი, მეღვინე სანდრო მილორავა ესაუბრა.
როგორ მიმდინარეობს რთველი?
წელს რთველი მცირე მარნებისა და დიდი ქარხნებისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. პანდემიამ შეაფერხა ღვინის გაყიდვის პროცესი, თუმცა ხელი არ შეუშლია რთველისთვის.
სამწუხაროდ, წელს არ არის კარგი მოსავალი, ვინაიდან ამინდების გამო ვერ მოხდა ყურძნის დამწიფება. ყურძენში შაქრის შემცველობა არის დაბალი, ველოდებით ყურძენში შაქრის შემცველობის 22-23 % – მდე აწევას. ამ ეტაპზე ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ყურძის შემოწმება შაქარზე. შაქრის სასურველ ნიშნულზე მისვლის შემდეგ ყურძენი დაიკრიფება.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, უკვე მზად გვაქვს მარნები. დაკრეფის შემდეგ ყურძენი სასურველია მოთავსდეს სპეციალურ ყუთებში, რომლითაც მიიტანენ მარანში და ჩაიწურება ქვევრებში.
დაახლოებით 24 საათში ქვევრებში ჩაწურული ყურძენი იწყებს დუღილს და ეს პროცესი გრძელდება 2-3 კვირის განმავლობაში. დუღილის დამთავრების შემდეგ ქვევრები ილუქება მინიმუმ – 3, მაქსიმუმ 6 თვით. შემდეგ ხდება ქვევრების გახსნა, საიდანაც ღვინო გადაგვაქვს ეგრეთ წოდებულ “ცისტერნაში”. ივლისი-აგვისტოში ხდება ღვინოების ჩამოსხმა ბოთლებში.
ღვინის დაძველება შესაძლებელია მოხდეს მუხის კასრებშიც, რომელიც ღვინოს უფრო მკვეთრ და სასიმოვნო არომატებს სძენს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა სიახლეს უნდა ელოდოს მომხმარებელი წელს თქვენი მარნისგან?
წელს „მარანი მილორაულში“ 5 სახეობის ღვინოა წარმოდგენილი. მიმდინარე წელს მომხმარებელებს მეგობარ ლუდის მწარმოებელთან( „ლუდი ალხანაიძე“ )ახალ პროდუქტს შევთავაზებთ. კერძოდ, „კრაფტ-ლუდს“, რომელიც ყურძნისა და ლუდის ინგრედიენტებით მომზადდება. ეს იქნება სიახლე ქართული ბაზრისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პროდუქტი აქამდე საქართველოში გაყიდვაში არ ყოფილა.