მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩაშვილი, სოციალური ქსელის მეშვეობით, ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეებს მნიშვნელოვან რჩევებს ხშირად სთავაზობს.
ამჯერად ცნობილი პედიატრი მშობლებს უზიარებს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მიხედოთ გრიპით ან ნებისმიერი ვირუსული ინფექციით დაავადებულ ბავშვს სახლის პირობებში.
„ხშირად გაანიავეთ და დაალაგეთ სველი წესით ოთახი, სადაც ბავშვი იმყოფება, ნუ გადაახურებთ ოთახს, შეინარჩუნეთ 20-22 გრადუსი;
თუ ბავშვს აქვს მოძრაობის სურვილი, ნუ შეზღუდავთ, ნუ აიძულებთ იწვეს საწოლში;
შეუქმენით კომფორტული, არასტრესული გარემო, მაქსიმალურად შეუსრულეთ სურვილები;
მიეცით ნებისმიერი (არატკბილი) სითხე, განსაკუთრებით, წყალი 50-80 მლ/კგ წონაზე დღე-ღამის განმავლობაში. რაც მეტად მოშარდავს, მით უფრო სწრაფად მოხდება ვირუსის ელიმინაცია, თუ წყალს არ სვამს, შეგიძლიათ ცოტა მარილიანი საკვებიც კი მისცეთ, რომ გაიზარდოს მოთხოვნილება წყალზე;
ნუ ჩაათბუნებთ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი გადახურებულია, თუ ამცივნებს მხოლოდ ამ შემთხვევაში;
ნუ დააძალებთ ჭამას, ავადობის დროს მადა ქვეითდება (ნაკლებად შეიგრძნობს სუნს და გემოს, ნაკლებად მოძრაობს) ამ შემთხვევაში მიეცით საშუალება თვითონ აირჩიოს საკვები (დაუშვით გამონაკლისები) გახსოვდეთ, რომ სითხის მიღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკვების;
თუ ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, გაასეირნეთ მცირე დროით სუფთა ჰაერზეც;
ავადმყოფი ბავშვის დაბანა აუცილებელია, ოღონდ ნორმალურ ტემპერატურაზე;
მაღალ ტემპერატურაზე ნუ დაზელთ ბავშვს გაყინული წყლით, ძმრით ან სპირტით (სპირტი სწრაფად იწოვება კანიდან და გაზრდით ალკოჰოლის კონცენტრაციას სისხლში) დაზილეთ ოთახის ტემპერატურის წყლით;
მიეცით მხოლოდ სიმპტომური საშუალებები, სიცხის დამწევად გამოიყენეთ აცეტოფნამინი (პარაცეტამოლი) და იბუპროფენი, არ გამოიყენოთ არავითარ შემთხვევაში ასპირინი, ანალგინი და მისი შემცველი ანტიპირეტული საშუალებები, რადგან მათ შეუძლიათ ძლიერი ალერგიული რეაქციების და სხვა გართულებების გამოწვევა;
დაურეგულირეთ ძილი თქვენს პატარას, ეს მათ გამოჯანმრთელების პროცესს შეუწყობს ხელს;
შეინარჩუნეთ ოჯახში სითბო და სიყვარული, ეკონტაქტეთ ბავშვის ექიმს.
ვირუსული პროცესი 7-10 დღემდე გრძელდება, ვირუსული ინფექცია არ საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას.
გახსოვდეთ, თუ ბავშვი მივარდნილია, ძილიანობს, არ იღებს სითხეს და საკვებს, ხშირად სუნთქავს ან უჭირს სუნთქვა – დაუყოვნებლივ მოახდინეთ რეფერალი კლინიკაში! ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩემს პატარებს“, – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორ მივხედოთ გრიპით ან ნებისმიერი ვირუსული ინფექციით დაავადებულ ბავშვს სახლის პირობებში?????✅ ხშირად გაანიავეთ და…
Posted by Inga Mamuchishvili on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2025