LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივხვდეთ, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

458
ლიკა-კაპანაძე

როგორ მივხვდეთ, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ლიკა კაპანაძემ ისაუბრა.

როგორი ურთიერთობა ითვლება ტოქსიკურად?

ტოქსიკურია ყველა  ურთიერთობა,  სადაც ერთ ან ორივე მხარეს აქვს მუდმივი შფოთვა, გაურკვევლობის შეგრძნება, ნეგატიური განცდები, უსაფრთხოების დანაკლისი. ეს არის ურთიერთობა, რომელიც მუდმივ უსიამოვნებასა და დისკომფორტს იწვევს შენში, მაგრამ მაინც უკან ბრუნდები, მერე ვპირდებით საკუთარ თავს, რომ აუცილებლად დავასრულებთ, მაგრამ ყველაფერს ისევ თავიდან ვიწყებთ.

ამ დროს საფრთხე შეიძლება იყოს რეალური და ასევე სუბიექტურად შექმნილი.  ტოქსიკური ურთიერთობის გამოხატულებაა მაგალითად – საწყენი ხუმრობა, ბულინგი, დაცინვა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ტოქსიკური ურთიერთობები შეიძლება შეგვხვდეს ყველგან, სადაც არის ურთიერთობა. ეს შეიძლება იყოს მეგობრებში, წყვილში, სამსახურში, ოჯახში და ა.შ.

მთავარი კითხვა რომელიც ისმის ტოქსიკური ურთიერთობების დროს ეს არის „როდის  უნდა დავფიქრდე რომ რაღაც კარგად არ არის ურთიერთობაში“?

გაცნობიერებისათვის გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელსაც პირობითად, შეგვიძლია ვუწოდოთ „ურთიერთობის წითელი ალმები“:

  • თქვენ განიცდით განმეორებად შფოთვას კონკრეტულ ადამიანთან კონტაქტის დროს.
  • ადამიანი მხოლოდ გამოჩენით იწვევს ნეგატიურ განცდებს, გიჭირთ წინასწარ თქმა, თუ როგორი იქნება დღეს თქვენი შეხვედრა.
  • არ გრძნობთ თავს უსაფრთხოდ მასთან კონტაქტს დროს, რადგან ის ხშირად ამბობს ისეთ ფრაზებს, რომელიც გულს გტკენთ, შეუძლია გამოხატოს აგრესია, მოგატყუოთ, გრძნობთ რომ მანიპულირებს თქვენით.
  • თქვენი ემოციებს არ იღებს სერიოზულად – ხშირად გესმით მისგან, რომ არ შეიძლება გრძნობდეთ იმას, რასაც გრძნობთ.
  • თქვენი მცდელობა დაიცვათ საკუთარი საზღვრები, იწვევს აგრესიას და წყენას.
  • თქვენ გიღებენ და მოსწონხართ მხოლოდ მაშინ, როცა რამეს სასარგებლოს ან მნიშვნელოვანს აკეთებთ მათთვის.
  • თქვენი ინტერესები და მოთხოვნილებები არ კმაყოფილდება ან უფასურდება. როცა ცდილობთ მათ დაკმაყოფილებას ტოქსიკური ადამიანები ხშირად გადანაშაულებენ, რომ თქვენ ეგოისტი ხარ.
  • ხშირად გაქვთ ისეთი შეგრძნება, რომ „ჭკუიდან იშლებით”, რადგან ასეთ ადამიანთან ურთიერთობის თქვენეული აღქმა რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ის აღწერს.

თუ რომელიმე ზემოთ მოყვანილი მინიშნება თქვენს შესახებ არის, მაშინ თქვენ იმყოფებით ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ.

შესაძლებელია თქვენ თვითონაც იყოთ ტოქსიკოზის მიზეზი ურთიერთობაში.

ამის აღიარება ყოველთვის ძალიან რთულია.  ამ დროს ადამიანი თვლის,  რომ სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია, რომ მსხვერპლმა ეს დაიმსახურა და ასე შემდეგ. მათი დაფიქსირება შესაძლებელია, მაშინ როცა მეორე მხარედან მოდის ძალიან მკვეთრი უკუკავშირი  მათი ქცევით უკმაყოფილების შესახებ.

ჩამონათვალი დაგეხმარებათ გააცნობიეროთ,  ხართ თუ არა ტოქსიკური ურთიერთობის მიზეზი თქვენ :

  • თუ მუდმივად არ გეწყობათ ურთიერთობები გარშემომყოფებთან, ადამიანები ბრაზობენ თქვენზე, წყვეტენ თქვენთან ურთიერთობას და არ უნდათ ურთიერთობის გაგრძელება;
  • ბევრი მცდელობის მიუხედავად თუ არ შეგიძლიათ გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება, პარტნიორი მიდის თქვენგან და თქვენ ვერ ხვდებით თუ რატომ ხდება ეს;
  • თუ ახლობლები ხშირად ჩივიან თქვენ აგრესიულობაზე და მოუთმენლობაზე;
  • თუ თქვენი ახლობლები გეუბნებიან, რომ წახვიდეთ ფსიქოლოგთან რათა თავიდან აიცილოთ საბოლოო განშორება.

 

რა არის ტოქსიკური ქცევის ძირითადი მახასიათებლები?

  • საკუთარი სურვილების და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვა ურთიერთობაში, სხვისი გათვალისწინების გარეშე;
  • ტყუილი
  • გარშემომყოფების იძულება გააკეთონ ის რაც არ შედის მათ ინტერესებში;
  • დანაშაული გრძნობის ან სირცხვილის გამოწვევა სხვაში, საკუთარი მიზნების მისაღწევად;
  • ავადმყოფობის თემით, სუიციდით და სხვა განცდებით  მანიპულაცია
  • შეურაცყოფა მათ შორის არასასურველი ხუმრობები
  • საკუთარი აზრი თავზე მოხვევა
  • სხვების უფლებების, არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა

ტოქსიკური მშობლების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ბავშვის სურვილებისა და მოთხოვნილებების  იგნორირება, სისუსტით სარგებლობა, დასჯა , ფიზიკური ძალის გამოყენება.

ტოქსიკურ ურთიერთობას ფსიქოლოგები ხშირად კაზინოს ეფექტით მოიხსენიებენ. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მივიდა კაზინოში და თავიდან გარკვეული თანხა მოიგო. ეს ხშირად ასეც ხდება,  რადგან პირველად თამაშისას ის თავისუფლად გრძნობს თავს, არ არის დაძაბული და შესაბამისად უმართლებს კიდეც. მოგებული თანხით განცდილი სიხარული და ორგანიზმში გამოყოფილი ენდორფინის ეფექტი ძალიან დიდია.  მას კიდევ ერთხელ უნდა ამ სიხარულის განცდა. შემდეგ აგებს, შემდეგ კიდევ აგებს და რა ემართება მას? მას ძალიან ენანება გაფლანგული ფული და უნდა, რომ უკან  დაიბრუნოს, აგრძელებს თამაშს, რის შედეგადაც კიდევ უფრო ღარიბდება. ყოველი შესვლისას მას სულ ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ახლა მაინც გაუმართლებს და დაიბრუნებს იმ თანხას რაც წააგო. მოულოდნელობა,  გაურკვევლობა,  არასოდეს არ იცი წინასწარ რა მოხდება –  ესეც ძალიან კარგი საფუძველია, იმისთვის რომ გახადო ადამიანი დამოკიდებული რამეზე.  ასეა ზუსტად ტოქსიკურ ურთიერთობაშიც, მუდმივი გაურკვევლობის განცდა აქვს, რაც  მასში შფოთვას იწვევს. ის დებს ამ ურთიერთობაში სიყვარულს,  დროს,  რესურსს, მაგრამ პარტნიორი არ აძლევს არაფერს, მხოლოდ ხანდახან გამოურევს ხოლმე ლამაზ, განსაკუთრებულ დღეებს.   მუდმივად ცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა გაიღოთ,  მაგრამ სანაცვლოდ არ იღებ საკმარისს.

კაზინოს ვერასოდეს მოუგებ და ამიტომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა, შეინარჩუნო ის რაც დაგვრჩა და გამოხვიდეთ კაზინოდან,  ტოქსიკური ურთიერთობიდან.

ტოქსიკურ ურთიერთობაში ყოფნის შედეგები:

ძირითადი შედეგები მათთვის, ვინც ძალადობის მსხვერპლნი არიან, შეიძლება იყოს:

  • დაბალი თვითშეფასება;
  • გაზრდილი შფოთვა სხვებთან კონტაქტის დროს
  • სირთულეები ახლო ურთიერთობების შენარჩუნებაში და ზოგჯერ უარის თქმა მასზე.

ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გამოხატულია პიროვნებაში უარყოფითი პიროვნული თვისებები. თუ ასეთ ადამიანს  ძალიან გამოხატული და ფიქსირებული ქცევის ნიმუშები აქვს, რომლებიც მოიცავს მანიპულირებას, ტყუილს და ფიზიკურ ძალადობასაც კი, მაშინ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საქმე გვქონდეს  პიროვნელ  აშლილობასთან, როგორიც არის  ნარცისული და ანტისოციალური პიროვნული აშლილობა. ასეთ ადამიანებს თითქმის არასოდეს შეუძლიათ შეცვალონ ტოქსიკური ქცევა. ისინი დაბალი  ემპათიით გამოირჩევიან.  (სხვების მიმართ თანაგრძნობის უნარი), ან მათი მიზნები არ გულისხმობს მის გამოყენებას. მაგალითად, დამნაშავეები, რომლებიც სხვების მოტყუებით ცხოვრობენ, უბრალოდ არ ითვალისწინებენ მათ ტანჯვას და ეს მათი გაცნობიერებული არჩევანია.

რა უნდა გააკეთოთ, თუ მივხვდით, რომ ტოქსიკური ურთიერთობაში ვართ?

  • იპოვოთ კარგი ფსიქოლოგი, რომელთანაც შეძლებთ განიხილოთ სიტუაცია და მოისმინოთ სპეციალისტის აზრი. მოძალადე, ხშირად იმდენად დამაჯერებელია რომ ახერხებს, დაგაჯეროთ, რომ ყველაფრის მიზეზი მხოლოდ თქვენი „არასწორი“ ქცევაა. ამიტომ ხშირად ძალიან  რთულია რეალური სიტუაციის დანახვა და თავის დაცვა. მითუმეტეს, როცა ასეთი სიტუაცია წლების განმავლობაში გრძელდება.   ამ შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ  დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი აზრი, სასურველია ეს იყოს სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ დაიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა.
  • თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ დაიცავით თქვენი პირადი საზღვრები და არ მისცეთ სხვებს მათი დარღვევის უფლება. გახსოვდეთ, რომ ტოქსიკურ ადამიანებთან ეს განსაკუთრებული გამოწვევაა – ისინი მიდრეკილნი არიან მანიპულირებისკენ და ძალიან კარგად გამოსდით ეს. მტკიცე „არა“ არის თქვენი სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის გასაღები.
  • თავისუფლად მიუთითეთ მათ, ვინც თქვენთან კონტაქტში იყენებს ტოქსიკურ ქცევას, რომ ეს მიუღებელია – ზოგჯერ მხოლოდ სხვების გამოხმაურება შეუძლია ადამიანს გააცნობიეროს, რომ ის არასწორად იქცევა.
  • ზოგჯერ ასეთ ადამიანებთან კონტაქტის შეწყვეტა თავის დასაცავად ერთადერთი გზაა. თუ კომუნიკაციაში თავს ცუდად გრძნობთ, მის გაგრძელებას აზრი არ აქვს.

 

5 ნაბიჯი როგორ აღვიდგინოთ თავი ტოქსიკური ურთიერთობის შემდეგ

ემოციური ძალადობა ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, მაგრამ სულიერი ტკივილი, რომელსაც ამ დროს ვხვდებით ძალიან რთული გადასატანია.

  1. არ იჩქაროთ

ემოციური დამოკიდებულებიდან გამოსვლას სჭირდება დრო. ადამიანმა საკმაოდ რთული პერიოდი განვლო რის შემდეგაც სჭირდება რეაბილიტაცია. ამიტომ მიეცით თქვენს თავს იმდენი დრო რამდენიც თქვენ გჭირდებათ. არ აჩქარდეთ.

გამოიყენეთ ეს დრო იმაში რისი კეთებაც გინდოდათ და აქამდე ვერ აკეთებდით. იზრუნეთ საკუთარ თავზე.

  1. აღადგინეთ თქვენი საზღვრები

საზღვრები გადამწყვეტია საკუთარი თავის და სხვების სიყვარულისთვის.

ჯანსაღი საზღვრები იქმნება მუდმივი კომუნიკაციით, როდესაც ყველა მონაწილე პასუხისმგებლობით, თანაგრძნობით და გაგებით ურთიერთობს ერთმანეთთან.

შეიძლება ახლა ასე არ გრძნობთ (ან დიდი ხანია ეს არ გიგრძნიათ), მაგრამ ძალა ისევ თქვენს ხელშია. თქვენ შეგიძლიათ ხელახლა განსაზღვროთ თქვენი საზღვრები.

  1. აპატიეთ თქვენს თავს

თქვენ ეს არ დაგიმსახურებიათ, ნებისმიერი ძალადობას არ აქვს გამართლება და მიტომ აპატიეთ თქვენ თავს ის რომ ამ მდგომარეობაში იყავით რადგან თქვენ ამ დროს სხვანაირად არ შეგეძლოთ.

ყველაზე მნიშვნელოვანია რომ თქვენ ეს შეძელით და ამისგან გათავისუფლდით.

  1. ცოდნა ძალაა

ტოქსიკური ურთიერთობიდან გამოსვლის შემდეგ ხშირია, რომ მსხვერპლმა არ იცის როგორ მოიქცეს როგორ გააგრძელოს ცხოვრება. მიმართეთ ფსიქოთერაპევტს. მოძებნეთ კრიზისიდან გამოსვლის თქვენი გზა.

  1. დაიბრუნეთ თქვენი ისტორია

ემოციური ძალადობისას, მსხვერპლის გონება ხშირად გაჯერებულია ცრუ წარმოდგენებით. საჭიროა მათგან გათავისუფლება და საკუთარი ისტორიის დაბრუნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები