LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივხვდეთ, თავის ტკივილი საშიშია თუ არა – გოგიტა გეგელაშვილის რეკომენდაციები

317
გოგიტა-გეგელაშვილი

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოების“ პრეზიდენტი, ექიმი-ნევროლოგი, „ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ დირექტორი – გოგიტა გეგელაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის ტკივილის ნაირსახეობებზე, შაკიკზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტიკაზე და გავრცელებულ მითებზე ისაუბრა.

ბატონო გოგიტა, როდის არის საყურადღებო თავის ტკივილი და რა შემთხვევაში არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?

ექიმთან წასვლა ყველაზე მეტად მაშინ არის აუცილებელი, როცა არაბუნებრივი, უჩვეულო ან ძალიან ძლიერი ტკივილია. ასეთ თავის ტკივილის თავზარდამცემსაც ეძახიან, რადგან მეხის გავარდნასავით უცებ იწყება, უცებ ძლიერდება და ძალიან მალე აღწევს პიკს. ამ დროს ხშირია კისერში რაღაცის ჩაცემის მსგავსი შეგრძნებაც. შემპარავი ტკივილები უფრო ითმენს და გეგმურად შეიძლება ექიმთან მისვლა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ექიმის ყურადღებას და შეფასებას აუცილებლად ითხოვს უცებ აღმოცენებული ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც პიკს აღწევს და რომელიც დახველების, ადგომა-დაჯდომის, დაწოლის, მცირე დატვირთვის შესრულებისას იცვლება, ასევე ტკივილი, რომელიც ახლავს ტემპერატურას და ტკივილი, რომელიც წარსულში გადატანილ რაიმე ინფექციას მოჰყვა.

რამდენად საყურადღებოა, როცა თავის ტკივილს ახლავს მოთენთილობა, გულისრევის შეგრძნება, ხანდახან ღებინება და გვაწვდის თუ არა დიაგნოსტიკისთვის საჭირო რაიმე ინფორმაციას აღნიშნული სიმპტომები?

რა თქმა უნდა, საყურადღებოა. თავის ტკივილის გამოკვლევისთვის მთავარია, რომ ექიმთან ვისაუბროთ, გადავცეთ ჩვენი საწუხარი. თავის ტკივილის დიაგნოზის დასმაში და პაციენტის სწორ გზაზე დაყენებაში, 99%-ში მხოლოდ საუბარი გვეხმარება. ამას ემატება გასინჯვა 0,5% და გამოკვლევა 0,5%. 100 ადამიანს რომ გადაუღო სურათი, ერთშიც შეიძლება ვერ აღმოაჩინო რაიმე მნიშვნელოვანი, ანუ არაფერი იქნება საყურადღებო და ტკივილის ამხსნელი. როცა მაგნიტურ-რეზონანსულ გამოსახვას ვაკეთებთ, იქ რაღაცა ატლასიდან განსხვავებული იქნება, მაგრამ ესეც ნორმალურია, ისევე როგორც ადამიანები არიან განსხვავებულები, ზოგს გრძელი ცხვირი აქვს, ზოგს მოკლე, ზოგი მაღალია, ზოგი დაბალი და ა.შ. , ეს ავადმყოფობა ხომ არ არის. ასეთივე პროპორციები და მოულოდნელობებია ზოგჯერ თავის ტვინში, მაგრამ ამას ექიმი განსაზღვრავს, რადიოლოგი არასდროს სვამს დიაგნოზს, მას ამის უფლებამოსილებაც არ აქვს. რადიოლოგი უნდა დაეხმაროს მკურნალ ექიმს და უნდა ასახოს ის ცვლილებები და მონაცემები, რომელსაც გამოსახვა გვაძლევს. ხშირად გამიგია, კისერი ამტკივდა და რენტგენზე გამიშვეს, რატომ?! რა სისულელეა… საერთოდ, ნევროლოგიაში,  უკვე დიდი ხანია, რენტგენი აღარ იხმარება. თავის ტკივილზე რენტგენი აღარ იხმარება, რადგან ნულ ინფორმაციას იძლევა. თავის ტვინის ექოსკოპიები სადღაც შემორჩა, თუმცა ჩვენ ყველგან ვეცადეთ, რომ გაგვეუქმებინა, არა ადმინისტრირებით და ბრძანებით, არამედ გემოვნების ცოტა შეცვლით. ჩვენ მთელს მოსახლეობას ვუცხადებთ, რომ თავის ტვინის ექოსკოპიას მსოფლიოში არავინ აღარ ხმარობს, რომ ის მხოლოდ საბჭოთა კავშირში გამოიყენებოდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარია საუბარი, რადგან საუბრით ძალიან ბევრი რამ ირკვევა. მაგალითისთვის, თუ პაციენტი ამბობს, რომ ღეჭვის დროს უძლიერდება თავის ტკივილი, ეს არის უზარმაზარი ინფორმაცია, რომელიც გადამუშავებას საჭიროებს. ამ დროს აღნიშნული სიმპტომით და ერთი უმარტივესი სისხლის საერთო ანალიზით შეიძლება დაისვას დიაგნოზი მაშინ, როცა შეიძლება პაციენტს უკვე შემოვლილი ჰქონდეს ყველაფერი და დუმდეს MRI, კომპიუტერი, რენტგენზე საერთოდ საუბარიც აღარ არის. დაფიქრდით, რისთვის აკეთებთ კისრის რენტგენს, თუ დადასტურებულია, რომ ძვალში და ძვალთა შესახსრების ადგილში ცვლილებები 4 წლის ასაკიდან ხდება, ანუ ადამიანი დაიბადება თუ არა, ძვალი ყოველ წელიწადს იცვლის ფორმას. ზედმეტი არასწორი კვლევები საჭირო არ არის.

რეალურად როდის არის მაგნიტო-რეზონანსული კვლევის საჭიროება და როდის ინიშნება ის?

ჯერ ერთი, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ უნდა გაიკეთოს. მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას ძირითადად მაშინ ვიყენებთ, როცა ნევროლოგიური დარღვევები არ არის და როცა თავის დაზღვევა გვსურს. თუ წარსულში ასეთი ტკივილები ბევრჯერ აღმოცენებულა და თუ პაციენტი გაისინჯა და ნევროლოგიური რეფლექსები ნორმალურია, მაშინ რა საჭიროა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, მაგრამ  თუ მან იცვალა სახე, თუ გაჩნდა უნიკალური სიმპტომები, თუ შეიცვალა ტკივილის დაწყების, განვითარების და მასთან თანაარსებული სიმპტომების კრებული, მაშინ ექიმი მიდის კომპრომისზე და თანხმდება აღნიშნულ გამოკვლევას. ასევე, არანაირ ინფორმაციას არ იძლევა დოპლერი, მე ჯერ არ მახსოვს, რომ დოპლერით თავის ტკივილის დიაგნოზი დამესვას, მაგრამ არის შემთხვევები, როცა დოპლერი საჭიროა. სპეკულაციაა, რომ სპაზმი იყო დოპლერზე და ესე იგი, თავი ამიტომ გტკივა. თითქმის საუკუნე სრულდება, რაც მსოფლიომ აღიარა, რომ ტვინი ერთადერთი ორგანოა, სადაც სპაზმი ტკივილს არ იძლევა და პირიქით, გაფართოება იძლევა. შესაბამისად, რას ვშვრებით, თავს ვიტყუებთ თუ ხალხს ვატყუებთ?!

პირდაპირ ვაცხადებ, რომ თუ ბავშვზე გითხრეს, ქალასშიდა წნევა არის მომატებულიო, სხვა ექიმთანაც წადით. პირდაპირ მას ნუ ენდობით. ასევე, ძალიან ადვილად სვამენ ხოლმე ფრონტიტის დიაგნოზს. ვეკითხები ჩემს კოლეგებსაც და საზოგადოებასაც, როგორ შეიძლება, ჩირქი ზუსტად ერთი და იგივე დროით დგებოდეს და მერე ქრებოდეს?!  არის სტერეოტიპული, ანუ ერთი და იგივე, ერთ, ორ ან სამ დღიანი ტკივილი შუბლის არეში. თუ სამ დღიანი თავის ტკივილი ერთმანეთს ჰგავს, არასდროს იმატებს ტემპერატურა, არასდროს არის ლეიკოციტები, ერითროციტების დალექვის სიჩქარე, C-რეაქტიული ცილა მომატებული, მაშინ რაღა ჩირქია?! არ არის! შეიძლება, ჩირქი სამ დღეში გაქრეს?! წარმოუდგენელია…

რენტგენი ხშირად იტყუება, მაგნიტურ-რეზონანსული, მიუხედავად მისი სიძვირისა, გადაჭარბებულად იძლევა ინფორმაციას, ანუ ისიც იტყუება, მაგრამ კლინიკა არასდროს იტყუება, პაციენტი არ გატყუებს. მთავარია, ექიმმა სწორად დაუსვას პაციენტს კითხვები, რომლებიც დიაგნოზის დასმისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად არის საჭირო.

თქვენ ერთ-ერთ ეთერში საუბრობდით იმაზე, რომ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ შაკიკი ხშირ შემთხვევაში საერთოდაც არ მიდის თავის ტკივილით და მინდა, რომ ამ საკითხზეც გავამახვილოთ ყურადღება,

დიახ, არსებობს შაკიკი ტკივილის გარეშე, ამას თავისი საერთაშორისო კოდიც აქვს და დაავადებათა კლასიფიკაციაშიც არის შეტანილი. მინდა გითხრათ, რომ ეს იმაზე ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე ადრე გვეგონა. შაკიკი თავის ტკივილის გარეშე განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება იყოს და ასევე, შეიძლება იყოს 50-55 წლის მერე. ამ დროს ბავშვებს შეიძლება სტკიოდეთ მუცელი, ფითრდებოდნენ, ჭიპის ირგვლივ ჰქონდეთ ტრიალი და მშობელმა, მასწავლებელმა და ა.შ. შეიძლება იფიქროს, რომ ბავშვი მოიწამლა, რადგან მას მუცელი სტკივა.  ასეთ შემთხვევაში ბავშვს გაუზომეთ ტემპერატურა, ნახეთ არის თუ არა ფაღარათი, გამოჰკითხეთ, ადრე ჰქონდა თუ არა მსგავსი შემთხვევა. თუ ბავშვს ასეთი რამ პერიოდულად უმეორდება, ვერ იტანს მგზავრობას, სტკივა მუცელი და ამ დროს ფითრდება, ხოლო ტკივილის გავლის შემდეგ უშავდება თვალები, ეს მუცლის შაკიკია.

თუ ექიმი ბავშვებში დღეში 1 მუცლის შაკიკის დიაგნოზს მაინც არ სვამს, ეს თანამედროვე ცოდნასთან შეუთავსებელია.

შაკიკს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ თავბრუსხვევაც და არანაირი თავის ტკივილი. შეიძლება იყოს მხოლოდ ღებინება და მეტი არაფერი, იყოს ხასიათის გაფუჭება და მეტი არაფერი. ახალ დაბადებული ბავშვი, რომ გაჭინჭყლდება, გაბმულად რომ ტირის და ვერ აჩერებენ, ეს შაკიკია. შემდეგ, თანდათან მწიფდება ეს შაკიკი და ზრდასრულ ასაკში შესვლისას, თავის ტკივილსაც იკრეფს. რაც მანამდე თითო-თითო სიმპტომად იყო გაბნეული, მერე იკრიფება და ერთად არის თაიგულივით. მერე ეს „თაიგული“ ნელ-ნელა ჭკნება, ეცლება ეს „ყვავილები“ და ბოლოს შეიძლება, ისევ იმასთან მივიდეთ, რომ ასაკში ადამიანს თავბრუ ეხვეოდეს. შესაბამისად, ძალიან დიდი შეცდომაა, როცა ადამიანი იტყვის, რომ თავბრუსხვევა აქვს და მას თავბრუსხვევის წამლებს უნიშნავენ. ასე, უბრალოდ ნათქვამზე წამლის დანიშვნა, თანამედროვე მოთხოვნებთან, სრულიად შეუთავსებელია.

ანუ შაკიკის დიაგნოზს სვამს ექიმი-ნევროლოგი პაციენტთან კონსულტაციის, ინტერვიუს დროს?

რა თქმა უნდა. შაკიკის მთავარი ინსტრუმენტი თავის ტკივილი კი არ არის, არამედ ერთი და იგივე შეუძლოდ ყოფნის ეპიზოდებია.

რა სიხშირით უნდა იყოს ეს ეპიზოდები?

სიხშირე და სიძლიერე განსხვავებულია, ზოგს წელიწადში ერთხელ აქვს და ზოგს ყოველდღე. არის თვისობრივი პასუხი – კი და არა და არის ხარისხობრივი – რამდენად. მაგალითისთვის, როცა პაციენტი მეუბნება, რომ თავი ყოველდღე სტკივა, მე ვეკითხები, დედას, ბებიას და ა.შ. თუ სტკივათ, ის მპასუხობს, რომ – არა. ვეკითხები, თუ ყიდულობენ და მოიხმარენ ტკივილ გამაყუჩებელს და ის მპასუხობს, რომ კი, რა თქმა უნდა, აქვთ და მოიხმარენ, რადგან დედას წნევა აქვს ხოლმე და ამიტომ  სტკივა თავი. ანუ მე როცა ვეკითხები, დედასაც სტკივა თუ არა თავი, ის მპასუხობს, რომ არა, წნევა აქვს, ანუ მიზეზს მჩრის, მეუბნება, შენ დაანებე დედაჩემს თავი და მე დამისვი დიაგნოზი, მე კი ამ დროს მემკვიდრული დატვირთვა მინდა. ზოგჯერ, ერთ იმის თქმას, რომ ასეთივე ტკივილი დედას, ბებიასაც აქვს, ნაბახუსევზე მამასაც აქვს, დიაგნოზისკენ მივყავართ.

საბოლოოდ, დიაგნოზი შეიძლება წარმოჩენილი არ იყოს ყველა სიმპტომით, მაგრამ ექიმი ჯერ კონტურებს უყურებს და შემდეგ, თანდათან იკვეთება დანარჩენი და მოდის დიაგნოზი და მერე რაღა საჭიროა MRI, მით უმეტეს, თუ ერთხელ უკვე გაკეთებული გაქვს. ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა ამბობენ, მოდი, კარგ აპარატზე გადავამოწმოთ, სხვაგან უკეთესი აპარატი აქვთ, თურქეთში წავიდეთ და იქ გადავიღოთ… არადა იგივე აპარატზე იღებენ…  აპარატს არც საქართველო უშვებს და არც თურქეთი… ყველა იმ ცნობილ ბრენდებს ხმარობს, რომელიც სულ რამდენიმე ქვეყნის პრეროგატივაა.

თუ თავის ტკივილი არ ემორჩილება მედიკამენტებს და ტკივილი არ გვიყუჩდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე შაკიკთან გვაქვს?

რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ტკივილი არ იხსნება, ყურადღების გამახვილების საჭიროებაა, მაგრამ მთავარი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის სტერეოტიპულობა. თუ ტკივილი იგივე დონის, შემადგენლობის, ხასიათისაა და თუ ზოგიერთი წამალი, რომელიც მოქმედებდა, აღარ მოქმედებს, დიაგნოზი არ იცვლება, წამალი უნდა გამოცვალო, რადგან შეიძლება გაცვდა მექანიზმი. თუ წამალმა რეცეპტორები გაცვითა, ის შეიძლება შეეჩვიოს და მედიკამენტის შეცვლა დაგჭირდეთ.

საგანგაშო ის უფროა, თუ თავის ტკივილი იცვლება და არა ის, რომ წამალი, რომელიც გუშინ გიხსნიდათ ტკივილს, დღეს აღარ გიხსნით.

თავის ტკივილი მარტო შაკიკი ხომ არ არის, თავის ტკივილი სხვადასხვაგვარია. როდესაც ერთი და იგივე, მსგავსი, ზუსტად ერთნაირი თავის ტკივილია, ოღონდ ცოტა დიდი და ცოტა სუსტი, მაგალითად, თვეში ერთხელ ან თვეში ექვსჯერ, ეს ხშირად 99,9%-ში პირველადი თავის ტკივილია.

სოციალურ ქსელში ბევრი იწერება იმასთან დაკავშირებით, რომ შაკიკის ამოსაცნობად აურა უნდა დაიჭირო. რას ნიშნავს აურა და რაიმეს უნდა დაელოდოს პაციენტი იმისთვის, რომ შაკიკი ამოიცნოს?

აურა არის რაღაცის ვერ გაკეთება, ნევროლოგიური დეფიციტი. ყველაზე ხშირია მხედველობის დეფექტი, მნათი წერტილები, დატეხილი ხაზები ან ჩაბნელებული თვალები. ეპილეფტოლოგიაშიც კი, რომელიც ნევროლოგიის ნაწილია, აურა სხვა რამეს ნიშნავს.

ამ შემთხვევაში, აურაში იგულისხმება ხელის დაბუჟება, თვალებში ციმციმი, ლუღლუღით საუბარი და ზოგჯერ სიტყვების დავიწყება, ოღონდ ეს უნდა იყოს გარკვეული ხანი და მას თავის ტკივილი უნდა მოჰყვებოდეს ან თავის ტკივილთან ერთად უნდა აღმოცენდებოდეს. აურის ამოცნობა უმარტივესი რამაა, თუმცა აურის ლოდინი შაკიკის ამოცნობისთვის აუცილებელი არ არის, რადგან შეიძლება, საერთოდ აურის გარეშე ჰქონდეს შაკიკი ადამიანს და უფრო ხშირად, სწორედ რომ, აურის გარეშე აქვთ.

თქვენ ზემოთ ჩამოთვალეთ კვლევები, რომელთაც თავის ტკივილის დროს არ ვაკეთებთ… ენცეფალოგრამა თუ კეთდება თავის ტკივილის დროს?

ენცეფალოგრამას სრულიად კონკრეტულ შემთხვევებში ვაკეთებთ. ის შაკიკის დიაგნოზს ვერ სვამს, მაგრამ თუ არის ცნობიერების თვისობრივი ან ხარისხობრივი შეცვლის ეპიზოდები, მაშინ ვიღებთ. ის სამედიცინო, ძალიან ძვირფასი ინსტრუმენტია, ოღონდ ყველას, რუტინულად არ ვუკეთებთ.

შეიძლება, რომ შაკიკს ყოველთვის არ ახლდეს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები?

უფრო მეტად არ ახლავს. ბევრად უფრო ხშირია (თავის ტკივილზეც კი) ხასიათის გაფუჭება, უუნარობა, რაღაცის ვერ გაკეთება, კონცენტრირების სიძნელე, საკვებთან ურთიერთობის შეცვლა, საპირფარეშოსთან ურთიერთობის შეცვლა ან ხშირად შესვლა ან საერთოდ არ შესვლა დღის განმავლობაში, მთქნარება, მიზეზობა ორსული ქალივით. პაციენტები ასევე ხშირად ამბობენ, რომ რაღაცას კითხულობენ, მაგრამ ვერ იგებენ, ანუ არ აქვთ გაგების უნარი და ამავდროულად ცოტა თავის ტკივილიც აქვთ.

როგორც არა-ს ვამბობთ თავის გაქნევით, ისე თუ გავაქნევთ თავს, ოღონდ ჩქარა და თუ თავის ტკივილი გაგვიძლიერდება, დიდი ალბათობით, შაკიკია, ასევე თუ ტკივილი გაგვიძლიერდება, წინ დახრის დროს, მანქანის ჩქარა დაძვრისას, დამუხრუჭებისას, კიბეებზე არბენისას.

პაციენტს რომ ვეკითხები, შუქი, ხმაური, სუნი თუ აღიზიანებს, მპასუხობს, რომ – არა, მაგრამ როცა ვეკითხები, შენი ნება რომ იყოს, თავის ტკივილის დროს ჩააქრობდი შუქს და წამოწვებოდი-მეთქი, კი, რა თქმა უნდაო – მეუბნება. ესე იგი, გამოდის, რომ გაღიზიანებს, თუ სიმშვიდეში გირჩევნია ყოფნა, თუ განათება გაჭყიტებს თვალებში და გიძლიერებს ტკივილს, ესე იგი, გაღიზიანებს.

ხშირად წერენ სოციალურ ქსელში, რომ შაკიკით გამოწვეული ტკივილის დროს უნდა დაიძინო. ნამდვილად შველის თუ არა გამოძინება?

კი, ეს ნამდვილად ბრძნული ნათქვამია, ოღონდ კარგი გაგება უნდა. ტკივილის დროს, როგორ შეიძლება, რომ ჩაგეძინოს ხომ, მაგრამ თუ გეძინება, ეს არის პარადოქსი, რომელიც მხოლოდ შაკიკს ახასიათებს. თავის ტკივილის დროს, განსაკუთრებით ბავშვებს ეძინებათ ხოლმე.

ბავშვებში თუ იშვიათია თავის ტკივილი, წამლების დანიშვნას და მკურნალობას ხშირად არც ვჩქარობთ. თუ ბავშვს ეძინება და ასე გადაუვლის ტკივილი, დაიძინოს.

ნერვებმა და სტრესმა რა ტიპის თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს, შეიძლება, რომ ასეთი თავის ტკივილი ძალიან შემაწუხებელი იყოს?

სტრესი, შიმშილი, ფიზიკური ტრავმა, ნებისმიერი ინფექცია უკვე არსებულ თავის ტკივილს გაამწვავებს, ამიტომაც ჰგონიათ ხოლმე, რომ მაგალითად, სიცივეში გავიდა ადამიანი, ქარმა დაუბერა და თავი ასტკივდა.

დღეს მყავდა პაციენტი, რომელსაც ვკითხე, ქარის დაბერვაზე რომ გტკივათ თავი, ზღვაზე, დღისით თუ აგტკივებიათ თავი მეთქი და კიო – მიპასუხა. 40 გრადუსიანი ჰაერის ტალღამ როგორ შეიძლება რამე გააციოს, ეს არის უბრალოდ კანის რეცეპტორები, რომლებიც ამას გრძნობენ და შაკიკის შეტევა იწყება. როგორ შეიძლება, პლაჟზე თავი გაგიცივდეს… უბრალოდ, ნებისმიერი შეხება რეცეპტორებზე წააქეზებს ტკივილს.

ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ნერვიულობით წაქეზებული და დიდი ხნის საწუხარით გამოწვეული თავის ტკივილი. როგორც წესი, დარდი და სევდა ძალიან ძლიერ ტკივილებს არ იძლევა, ანუ თავი თუ გისკდება, ეს ნერვიულობის ბრალი არ არის, მაგრამ წაქეზებულია ნერვიულობით, ეს აბსოლუტურად სხვა რამეა. წაქეზება ეს არის საბაბი და არა მიზეზი.

შფოთვითი აშლილობის და დეპრესიის დროს უფრო არაფრისმთქმელი, არა გამოკვეთილი ტკივილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები