LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოიპოვა გრიგოლ ყიფშიძემ ამერიკაში სასწავლებლად სრული დაფინანსება და რატომ დააპაუზა მან სიმღერა

107
გრიგოლ ყიფშიძე

მომღერალი გრიგოლ ყიფშიძე 18 წლის ასაკში სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა, რაზეც თავად უყვება ჟურნალ „თბილისელებს“.

გრიგოლ ყიფშიძე:

დიდ სცენასთან დაკავშირებული პირველი ეტაპი ჩემთვის „X ფაქტორი“ იყო, ამას მოყვა „ევროვიზია“. მერე, როცა ჩემს ხმაზე მუტაციამ დაიწყო მოქმედება, როგორც ბიჭებში ხდება ხოლმე, მთლიანად სწავლაზე გადავერთე. სიმღერა დავაპაუზე, რაც მუტაციის დროს საჭიროა და როგორც კი 18 წლის გავხდი, ნელ-ნელა ხმა დამიბრუნდა. ამიტომ გადავწყვიტე, ახალი ეტაპი დავიწყო, ალბომი ჩავწერო და ასე შემდეგ, რაც უკვე მალე იქნება. ხოლო, წლები, როდესაც ხმას ვასვენებდი, მთლიანად სწავლას დავუთმე. მუტაციის დროს სიმღერების წერაზე გადავერთე, ინსტრუმენტი შევისწავლე. ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს ყველაფერი – ამერიკაში ჩასაბარებლად ამ ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ძალიან დამეხმარა ამ პროცესში. ეს რომ არა, დაფინანსებას ვერ მივიღებდი.

ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რომ სწორი გზა ავირჩიე. როგორც გითხარით, ისინი მუსიკოსები არიან და სწორი რჩევის მოცემა შეუძლიათ. საბედნიეროდ, ყოველთვის მხარში მიდგანან და ამის დამსახურებით, ყველაფერი კარგად აეწყო.

– ამერიკაში ოჯახთან ერთად წახვედი თუ მარტო?

– ამერიკაში მარტო წამოვედი. სრული დაფინანსება რომ არ მიმეღო, ვერ წამოვიდოდი, რადგან აქ სწავლა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ მარტო მომიწია წამოსვლა, რადგან ჩავაბარე და დაფინანსებაც მოვიპოვე. როცა გავიგე, რომ დაფინანსება მივიღე, ძალიან გამიხარდა. ვიგრძენი, რომ წლების შრომა დამიფასდა. მთელი ბავშვობა აქ სწავლაზე ვოცნებობდი და დღეს აქ რომ ვარ ძალიან მიხარია.

– ეს პერიოდი სიმღერის გარეშე არ გაგიჭირდა?

– ეს ხუთი წელი სიმღერის გარეშე არ გამიტარებია. სახლში ვმღეროდი, რამდენჯერმე ტელევიზიაშიც გამოვედი, კონცერტებზეც, მაგრამ მე ისეთი მაქსიმალისტი ვარ, რომ ყველაფერს კრიტიკულად ვუყურებდი და ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს შესაძლებლობებს მაქსიმალურად ვერ ვიყენებდი. თუმცა, ამის გამო თავს ცუდად არ ვგრძნობდი, უბრალოდ, ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენე, რომ ბევრი რამ მესწავლა, მათ შორის გიტარა, ფორტეპიანო, აქ ჩასაბარებლად მოვმზადებულიყავი და ასე შემდეგ. ასე რომ, პრაგმატულად მივუდექი ამ პროცესს, ემოციების გარეშე.

– ამერიკულ რიტმს კარგად შეეწყვე?

– ამას უარყოფითად არ ვუყურებ. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი გასავლელია. რაღაცებისთვის ზრუნვა დამჭირდა, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე გავიარე ბიუროკრატიული ამბები და საბუთებიც მოვაწესრიგე, რის შემდეგაც ყველაფერი დალაგდა.

მე აქ მუსიკალურ ბიზნესს ვსწავლობ და ბევრი რამ ვისწავლე მუსიკალურ ინდუსტრიასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მეხმარება, თუნდაც, ჩემს ალბომთან დაკავშირებით. შეიძლება, ითქვას, რომ ჩემი თავის პროდიუსერიც ვარ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ბევრ მუსიკოსს ავიწყდება ამ საქმის ბიზნესმხარე, რაც არ არის სწორი. მგონია, რომ თუ სწორად მიუდგები, შედეგიც შესაბამისი იქნება, თუმცა ვნახოთ, რა იქნება, წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ მინდა, მთავარია, ეს ყველაფერი ერთად სასიამოვნო იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g