ახლახან მომღერალი მაგდა ჯოხაძე ბებია გახდა, მისი ძმა, ანრი კი – უკვე ბაბუაა. დაიბადა პატარა დანიელი, რომელსაც ჯოხაძეების დიდი ოჯახი თავს ევლება… მაგდა ჯოხაძე fortuna.ge-ს თავისი დიდი ემოციების შესახებ უყვება…
მაგდა, თქვენი შვილიშვილის დაბადებას საკმაოდ დიდი ნერვიულობა ახლდა წინ, ვინაიდან პატარა თვენახევრით ადრე დაიბადა. ახლა, ალბათ, ეს სანერვიულო უკან მოიტოვეთ და მხოლოდ კარგ ამბებზე ხართ ორიენტირებულები…
ვნებათაღელვა არ ცხრება. ორი თვის გახდა ჩვენი ბაცაცუნა, დანიელი. პატარა დანიელი ოჯახშია და მის გარშემო ვართ შეკრებილები, დანიელზე პატარები. დანიელს იმდენი ძიძა ჰყავს ჩვენი მეგობრების სახით, ყველა ერთმანეთს ასწრებს, ვინ დაიჭერს ხელში.
ვის ჰგავს თქვენი დანიელი?
უკვე ადამიანია, იცით… დედიკოსაც ჰგავს, მამიკოსაც, ბიძიასაც – ჩემს შვილს, გიორგის. ოჯახის წევრების ცალკეული კარგი ნაწილები აქვს აღებული, მერე რა იქნება, ვნახოთ. ძალიან კარგი ბიჭია, გაწონასწორებული, მთავარია, არ მოშივდეს.

აქვს გენეტიკურად ძლიერი ხმა, რომლითაც განიშნებთ, რომ შია?
საავადმყოფოშიც ჯოხაძეს ეძახდნენ, ხმიდან გამომდინარე (იცინის). დღენაკლული დაიბადა, წესით, უსუსური ხმა უნდა ჰქონოდა, მაგრამ ანგრევდა იქაურობას, როცა მოშივდებოდა. დაიბადა თვენახევრით ადრე და ყველაფერი ეჩქარება… აღარ მახსოვს ის ნერვიულობა, რაც მის დაბადებას ახლდა. ნერვიულობას ჰქონდა საფუძველი, შეიძლებოდა, მძიმედ დამთავრებულიყო მარიკუნასთვის და ბავშვისთვისაც, უფლის წყალობით, აღდგომა დღეს, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამას აღარ ვიხსენებთ, დღის წესრიგში დგას ის, რომ ახალი ადამიანია ოჯახში…
ბებიობას როგორ შეეგუეთ?
ჩემო ბებიკონას ვეძახი, უცხო თვალით რომ მიყურებენ, ცოტა უკვირთ… ბებიობას ვირგებ ძალიან გემრიელად და ვიფერებ… სხვა ამპლუაა. მე ისეთი ძვირფასი ბებიები მყავდა… ნახევრად დედის დედის გაზრდილი ვარ. მინდა, იმაზე ნაკლები ბებია არ ვიყო, ვიდრე ალექსანდრა ბებია გახლდათ… ან ჩემს დედიკოზე ნაკლები ბებია, ჩემი შვილებისთვის ისეთი ბებიაა და ჩემი ძმისშვილებისთვისაც. მგონი, გამომდის.
ახლა ვისაუბროთ ბაბუაზე ბებიის მხრიდან…
ანრი ახლა ცოტა დამშვიდდა. უკვე გვენდობა. თავიდან ცოტა დაფეთებული ბაბუა იყო. არ გაცლიდა არაფერს, სულ გაიძახოდა, ბავშვს მიხედეთო. მარიკუნას, ჩემს შვილს, არ აძლევს შენიშვნას. მე დედამ გამიზარდა შვილები, სტუდენტობიდან გამომდინარე, ამიტომ ანრი თავიდან დიდად არ მენდობოდა და არ სჯეროდა, რომ შემიძლია ვიზრუნო ბავშვზე… ერთხელ ჩამეძინა ბავშვის გვერდით, ანრი ამ დროს სტუდიაში მუშაობდა, წამოიტირა დანიელმა და შემოვარდა ოთახში, ეს არ მოეწონა, შენ რა იცი ბავშვის გაზრდაო (იღიმის). ახლა შეხედა, რომ კარგი ბებია ვარ.
დანიელზე ვზრუნავთ, მშიერი არ იყოს, რამე არ სტკიოდეს. ყველას დაგვავიწყდა ჩვენი ყოფა-ცხოვრების ამბები, ჯერ პირველ რიგშია დანიელი, ისე, როგორც სხვა ოჯახში. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ, მონატრებულები ვართ პატარა ბავშვებს. ომარის შვილები აქ არ გაზრდილან, იტალიაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, აქ თოთო ბავშვი ჩემი შვილების მერე არ ყოფილა… ახლავე ვფიქრობ, გაგვიჭირდება, როცა თავიანთ სახლში გადავლენ.

უკვე გადასვლას აპირებენ ცალკე თქვენი ქალიშვილი და სიძე?
ჯერ არა, ზაფხულში დანიელს მოვჩიტავთ, მერე ალბათ გადავლენ და ბავშვი იქნება შარაზე გადებული.
შეიძლება, თქვენს ქალიშვილსაც გაუჭირდეს მარტო ყოფნა, ასეთი დიდი დახმარების შემდეგ, რომელსაც მთელი ოჯახი უწევთ…
გოგონასთვის მშობიარობა, კარგია თუ ცუდი, მაინც სტრესია. პირველი ეტაპი შვილთან ურთიერთობის რთულია. მშობლისგან, დედისგან, ბებიისგან რომ მიიღო რჩევები, ამაზე კარგი რა არის? იღებს კიდევაც. რა თქმა უნდა, შრომა შემსუბუქებული აქვს. დანიელი ცოტა ჭიჭყინაა, ღამე ღვიძავს, დღე სძინავს, დედა ამ დროს იფიტება, დეპრესიამდე ხომ არ მივიდეს, პატარას ვაძინებთ ღამე. ღამე ისედაც ყველას გვღვიძავს ოჯახში.
ბავშვის მომავალზე უკვე ფიქრობთ?
რომ გითხრათ, ახლა ვფიქრობ ამაზე, რომ ჩემი შვილიშვილი რაიმე პროფესიის უნდა გამოვიდეს, არა. ორი თვის არის და სმენა აქვს, რაღაც რომ არამუსიკალურად გაბრახუნდება, ცუდი რეაქცია აქვს. ანრის მუშაობა რომ იცოდეთ სტუდიაში, სულ რაღაც აქვს ჩართული, ამონტაჟებს. როცა დანიელი ტირის და ანრისთან შემყავს, იმ წუთას ჩუმდება და უსმენს. მუსიკალური სმენა, მგონია, რომ ექნება. როგორი ადამიანებიც ჩვენ ვართ, ამ ოჯახში გაზრდილები, მთავარია, იმაზე ნაკლები ადამიანი არ გაიზარდოს, პროფესიაში კი, რაც გამოუვა, შევუწყობთ ხელს. მოცარტს ისმენდა მუცლად ყოფნის დროს… ანრი ეუბნებოდა მარის, ეს მოასმენინე და ის მოასმენინეო. იყო რეპერტუარის შერჩევა და განხილვა, რომელ კომპოზიტორზე რა რეაქცია ჰქონდა.

ანრის წვლილი როგორია ბავშვის აღზრდაში?
თუ სახლშია, აუცილებლად გვეხმარება, ხელში აჰყავს და ეფერება, მოდი, ბაბუო, ოთახიდან ოთახში დაჰყავს , დიდი წვლილი აქვს. მოფერების თავისი ხერხი აქვს, ხელში უკავია და უმღერის. ძალიან თბილი ბაბუაა. ძალიან გვინდა ოჯახს, რომ თვითონ გახდეს მამა. შესანიშნავი ძმაა, ანრის ეს ამპლუა არახალია. ჩემთვის არის მამაც, მეგობარიც, ჩემი შვილებიც შვილებივით ჰყავს გაზრდილი.
ანუ ანრი ბუნებით მეოჯახე ადამიანია…
ოჯახში არაფერი ისე არ კეთდება, თუ ანრისთან არ შევათანხმეთ. ყველაფერი იცის და საქმის კურსშია.
არ ეუბნებით, რომ ცოლი მოიყვანოს?
ვეუბნები ხოლმე, უკვე ძალიან „ტეხავს“, შვილიშვილი გყავს, ბაბუა ხარ და მამა ჯერ არ გამხდარხარ-მეთქი. მე მშვიდად ვეუბნები და რუსიკო უკვე ხმას იმაღლებს (იღიმის).
აღნიშნეთ, რომ ბებიობა თქვენთვის სრულიად მისაღებია… ზოგადად, ასაკს როგორ უყურებთ?
35 წლის მერე ასაკი არც მიგრძნია, შინაგანად არ ვიგრძნობ. უნდა დავბერდეთ და ღმერთმა დაგვაბეროს. პატარა გავთხოვდი, თვითონ პატარა ბავშვს მყავდა შვილები, აქედან გამომდინარე, ველოდებოდი, რომ ახალგაზრდა ასაკში გავხდებოდი ბებია, მაგრამ სხვათა შორის, დროულად გავხდი და ძალიან მიხარია…
